8 რამ, რაც დელტა შტამისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უნდა ვიცოდეთ
COVID 19-ის დელტა ვარიანტი პირველად 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოჩნდა და მას მერე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც გავრცელდა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვირუსის ეს ვერსია ადამიანიდან ადამიანზე უფრო მარტივად გადადის. მართალია, დელტა შტამი ამის გამო მის წინა ვერსიებზე უფრო სახიფათოა, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ პირბადე და ვაქცინაცია მის წინააღმდეგაც მუშაობს. აიოვას უნივერსიტეტის პათოლოგიისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი და ცენტრალური აიოვას ჯანდაცვის სისტემის პათოლოგიისა და ლაბორატორიული სერვისების უფროსი, ექიმი ჯეი სტეისი კლატსი დელტა შტამის გარშემო დაგროვილ კითხვებს Facebook პოსტით გამოეხმაურა, რომლის ადაპტირებულ ვერსიასაც ქვემოთ გთავაზობთ.
მე უნიკალურ პოზიციაში ვარ იმის გადმოსაცემად, თუ რა ამბავია COVID-19-ის, კერძოდ კი მისი დელტა შტამის გარშემო: თუ რატომაა ის ამდენად სახიფათო და რა რეაქცია აქვს ვირუსს ვაქცინაზე. ვინაიდან ეროვნული მასშტაბების გადაწყვეტილებებს კვლევების უკანასკნელ შედეგებზე დაყრდნობით ვიღებთ, ჩემი მოვალეობაა, უახლეს მონაცემებს ვეცნობოდე და მათი გათვალისწინებით გავცემდე რჩევებს პანდემიასთან ეფექტიანად გასამკლავებლად.
ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ჩამოგითვლით რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც ხსნის, თუ რატომ უნდა ავიცრათ და ვატაროთ პირბადე. ვეცდები ისე შევაკოწიწო ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად გასაგები და ლაკონიური იყოს:
1. სუპერწებოსავით ზედაპირი
დელტა შტამის (ოფიციალურად B.1.617.2) სპაიკ ცილას (ეს ვირუსული გარსის გარშემო არსებული ის პატარა გამონაზარდებია, უკვე ყველას რომ გვინახავს კორონავირუსის ილუსტრაციებზე) იმგვარი მუტაციები აქვს, რომ ძალიან ეფექტიანად უკავშირდება ადამიანის უჯრედებს და აღწევს მათში. ანალოგია რომ მოვიხმოთ, COVID-19-ის თავდაპირველი შტამების ზედაპირი სიროფითაა დაფარული, აი, დელტა შტამის ზედაპირი კი 一 ზესწრაფად შრობადი (ინდუსტრიული ხარისხის) სუპერწებოთი.
2. მეტი ვირუსული უჯრედი
ორი ბოლოდროინდელი პუბლიკაცია გვიჩვენებს, რომ დელტა შტამით ინფიცირებულ პაციენტთა ყელში ვირუსული უჯრედების რაოდენობა წინა შტამებით ინფიცირებულ პაციენტებთან შედარებით ათასჯერ მაღალია.
[გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეყრდნობა პრეპრინტს, რომელსაც სხვა ექსპერტების მიერ რეცენზირება ჯერ არ გაუვლია, ამიტომ მისი სანდოობაა დამტკიცებული არაა].
3. უფრო გადამდები
ვირუსული უჯრედების გაზრდილ რაოდენობას დავამატოთ ისიც, რომ დელტა შტამი "სუპერწებოსავითაა" და ჯამში საოცრად გადამდებ ვირუსს ვიღებთ. შეიძლება, გაგიგიათ R0-ის შესახებ 一 არსებითად, ესაა რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, ერთი ინფიცირებული დაახლოებით რამდენ ადამიანს გადასდებს ვირუსს. ვირუსის წინა ვერსიების R0 კოეფიციენტი 2-დან 2.5-მდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ინფიცირებული ვირუსს, საშუალოდ, ორ-სამ ადამიანს გადასდებდა. დელტა შტამის R0 კოეფიციენტი 8-ის ტოლია [NPR-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი 6-სა და 7-ს შორის მერყეობს]. ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა იმდენად დიდია, დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ახალი ტიპის პანდემიასთან გვიწევს გამკლავება.
4. ხუთი დღე
ერთ-ერთი ახალი კვლევა სინგაპურიდან [რომელსაც ჯერ ასევე არ გაუვლია რეცენზირება] გვიდასტურებს იმას, რასაც აქამდეც ვვარაუდობდით. ქვემოთ, როცა ვაქცინაციაზე ვისაუბრებ, უფრო ზუსტად ავხსნი ამ ფენომენის მიზეზს, მაგრამ მისი დედააზრი ესაა 一 ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების ყელში ვირუსული უჯრედების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით. დაახლოებით 5 დღის შემდე ვაქცინირებულ ადამიანში ვირუსული უჯრედების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, ხოლო არავაქცინირებულებში 一 არა. ეს დაკვირვება კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვარაუდს, რომ ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობა იქნება ის გარდამტეხი ფაქტორი, რომელიც საბოლოოდ შეაჩერებს ვირუსს.
5. ახალგაზრდები
ამ პანდემიის მეორე რაუნდზე ვირუსი ახალგაზრდებში მეტად გამოიხატა. საბავშვო კლინიკები თითქმის უკვე გადავსებულია. დელტა შტამს სახიფათო სიმპტომების გამოწვევა მოსახლეობის ფართო სპექტრში მეტი წარმატებით შეუძლია. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ეს განსაკუთრებით საგანგაშო მაჩვენებელია. იმედი მაქვს, რომ 5-დან 11-წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინები მალე გვექნება.
6. ვაქცინები მუშაობს!
ვაქცინები თავის მოვალეობას წარმატებით ასრულებენ. ზედა სასუნთქი გზების ვირუსების ვაქცინების შესახებ ბევრი რამ ვიცით — უკვე ათწლეულებია, რაც ჩვენ გრიპისგან დასაცავად ყოველწლიურად ვცრით მოსახლეობას. ამ ყველაფრის უკეთ ასახსნელად ბიოლოგიური კონტექსტის მოშველიება დამჭირდება. სავარაუდოდ, უკვე იცით, რომ როდესაც იცრები, ვაქცინაში არსებული "ანტიგენი" ანტისხეულების საპასუხო რეაქციას იწვევს. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ძირითადად იმუნოგლობულინი G-ს (IgG) საპასუხო რეაქციაა. ანტისხეულის ეს სახეობა სისხლში მაღალი რაოდენობით ცირკულირებს, ზოგიერთ ქსოვილშიცაა მოთავსებული და მას სისხლის ტესტებიც მარტივად აფიქსირებენ.
თუმცა, ამგვარი ვაქცინა იმუნოგლობულინ A-ს (IgA) ანტისხეულის საპასუხო რეაქციას პირის ღრუს ლორწოვანი გარსისთვის ვერ გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს ორგანიზმთან დაკავშირება მაინც შეუძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაქცინირებულ ორგანიზმში ვირუსს მაინც შეუძლია, "სახლში შემოგივარდეთ", თუმცა ის ვერ აცნობიერებს, რომ კარს მიღმა "შეიარაღებული მასპინძელი" ელოდება. როდესაც ორგანიზმში ვირუსის იდენტიფიცირება მოხდება, IgG თავდამსხმელს იქამდე უმკლავდება, სანამ ძალიან ცუდად (ან საერთოდ ცუდად) გავხდებით.
7. ავად გახდომისა და სიკვდილის თავიდან აცილება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები IgG-ს საპასუხო რეაქციის მეშვეობით ავადმყოფობის და სიკვდილის თავიდან აცილებისთვისაა შექმნილი (თუმცა მათ ინფიცირების რისკის შემცირებაც შეუძლიათ). როგორ უმკლავდებიან არსებული ვაქცინები დელტა შტამს? დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ამის შესახებ მონაცემები ახლახან გაასაჯაროვა. დასკვნა? ვაქცინები შესანიშნავად მუშაობენ! [აშშ-ში დაშვებული ვაქცინებით] აცრა დელტა შტამით ინფიცირებულთა შორის სიმპტომატური დაავადების განვითარებას 8-ჯერ ამცირებს, ჰოსპიტალიზებას 一 25-ჯერ, სიკვდილიანობას 一 ასევე 25-ჯერ. ასეთ ეფექტიანობას 一 რომელსაც საოცრად მცირე თანმდევი მოვლენები ახასიათებს 一 პირადად მე ერთ-ერთ საუკეთესო ფარმაცევტულ მიღწევად აღვიქვამ.
8. უკვე ვაქცინირებული ხარ?
თუ კი, პირველ რიგში, გულწრფელი მადლობა შენ. თუმცა ახლა შეიძლება ეს კითხვა გქონდეს: "ნიღაბი რატომღა უნდა ვატარო?". ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ავად გახდომაზე, ჰოსპიტალიზებასა და სიკვდილზე. მაგრამ არ გვისაუბრია ინფიცირებაზე. ჯერჯერობით ვაქცინირება ინფიცირების რისკს დაახლოებით 3-ჯერ ამცირებს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ვაქცინა ავადმყოფობის რისკებს მეტად ამცირებს, ვიდრე — ინფიცირების. ვირუსულ უჯრედებს ასიმპტომატურ ვაქცინირებულ ადამიანებშიც მაღალი რაოდენობით ვხვდებით. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა სიმპტომები ვაქცინირებულ ადამიანებში მსუბუქად გამოიხატება.
ვინაიდან ვიცით, რომ ვაქცინირებული ინფიცირებული ადამიანის ყელიდან ვირუსი მალევე ქრება, ისიც ვიცით, რომ ვირუსის გადადება ასეთ ადამიანსაც შეუძლია — მინიმუმ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, პირბადეები, უპირველეს ყოვლისა, სხვათა დაცვის მიზნით უნდა ვატაროთ.
ინფიცირების მანკიერი წრე როგორღაც უნდა გავარღვიოთ და რადგან ვაქცინირებულმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ინფიცირებულია, საზოგადოების დაუცველი წევრების მოსაფრთხილებლად ნიღბის ტარება კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
კომენტარები