კლიმატის ცვლილების "წითელი კოდი" კაცობრიობისთვის და 5 ეფექტი, რომელსაც მომავალში ველით
გაეროს სამეცნიერო ანგარიშმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ადამიანის საქმიანობა კლიმატს უპრეცედენტო და ხშირად შეუქცევადი გზით ცვლის. ანგარიში ჯერ დაუსრულებელი კვლევის მიხედვით გამოქვეყნდა — ეს უკანასკნელი გვაფრთხილებს, რომ მომავალში კიდევ უფრო ექსტრემალურ სითბურ ტალღებთან, გვალვებთან და წყალდიდობებთან მოგვიწევს გამკლავება.
თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ კატასტროფის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწრაფად ვიმოქმედებთ. არსებობს იმედი, რომ სათბურის აირების ემისიების მკვეთრად შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ტემპერატურის მატება დასტაბილურდეს.
"თუ ძალებს გავაერთიანებთ, მაშინ შეიძლება თავიდან ავიცილოთ კლიმატის კატასტროფა, მაგრამ, როგორც გუშინდელმა ანგარიშმა აჩვენა, ამ საქმის გადასადებად და თავის სამართლებლად დრო აღარ დარჩა. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოები და ყველა დაინტერესებული მხარე შეეცდება COP26-ის წარმატების უზრუნველყოფას", — განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გეტერესმა.
პლანეტის მომავლის შესახებ შექმნილ ამ გამომაფხიზლებელ ანგარიშზე გაეროს სამთავრობათაშორისო პანელის (IPCC) მეცნიერთა გუნდი მუშაობდა. ეს კლიმატის ცვლილების მეცნიერების პირველი მასშტაბური მიმოხილვაა 2013 წლის შემდეგ. მისი გაშვება კი გლაზგოს კლიმატის სამიტის — COP26-ის ჩატარებამდე სამი თვით ადრე იყო გამიზნული.
"ცალსახაა, რომ ატმოსფეროს, ხმელეთისა და ოკეანის დათბობა ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული", — აღნიშნულია IPCC-ში.
გაერთიანებული სამეფოს რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანგარიშის თანაავტორის, ედ ჰოუკინსის მიხედვით, "ეს ანგარიში ფაქტებს ეფუძნება და ამაზე მეტად დარწმუნებულები ვერ ვიქნებით იმაში, რასაც ვამბობთ: ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები პლანეტას ათბობენ".
ავტორების თქმით, 1970 წლის შემდგომ გლობალურად დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი 50 წლის დიაპაზონში ბოლო 2 000 წლის მანძილზე. დათბობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პლანეტის ყველა რეგიონში ახდენს გავლენას ამინდსა და კლიმატზე. ამის მაგალითს წარმოადგენს სითბური ტალღები, რომლებიც ცოტა ხნის წინ საბერძნეთსა და ჩრდილო ამერიკის დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, ასევე წყალდიდობები ჩინეთსა და გერმანიაში. მათი კავშირი ადამიანის საქმიანობასთან ბოლო ათი წლის მანძილზე კიდევ გაძლიერდა.
IPCC ანგარიში და მთავარი საკითხები
-
გლობალურად ზედაპირის ტემპერატურა 2011-2020 წლებში, 1850-1900 წლებთან შედარებით, 1,09C-ით მაღალი იყო.
-
1850 წლის შემდგომ გასული 5 წელი ყველაზე მაღალი ტემპერატურებით ხასიათდებოდა.
-
1901-1971 წლებთან შედარებით ზღვის დონის ამაღლების მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა.
-
ადამიანის გავლენა პასუხისმგებელია 1990-იანი წლებიდან გლობალურად მყინვარების უკან დახევისა და არქტიკის ყინულების დნობის 90%-ზე მაინც.
-
ექსტრემალური სიცხეები, მათ შორის სითბური ტალღები, 1950 წლის შემდეგ უფრო ინტენსიური და ხშირი მოვლენა გახდა, სიცივეები კი ნაკლებად ინტენსიური და უფრო და უფრო იშვიათი.
IPCC-ის ანგარიში იმასაც ცხადყოფს, რომ დათბობამ ჩვენი პლანეტის საყრდენ სისტემებზეც იქონია გავლენა და ეს ეფექტი, შესაძლოა, საუკუნეები და ათასწლეულები გაგრძელდეს. ოკეანეებში იმეტებს ტემპერატურა და მჟავიანობა, პოლარული მყინვარები და ყინულები კი დნობას განაგრძობენ. "ეს ეფექტები ტემპერატურის სულ მცირე მატების შემთხვევაშიც გაუარესდება", — ამბობს პროფესორი ჰოუკინსი. "მათი დიდი ნაწილის შემთხვევაში, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვექნება".
კვლევის ავტორებმა ემისიების სხვადასხვა მაჩვენებლის შემთხვევაში ზღვის დონის მატების მოდელები შექმნეს და აღმოაჩინეს, რომ ამ საუკუნის ბოლოს ზღვის დონის 2 მეტრით მატება, 2150 წლისთვის კი 5 მეტრით მატება გამორიცხული არაა. ასეთი შედეგები მილიონობით ადამიანს შეუქმნის საფრთხეს, რომლებიც სანაპირო ზონებში ცხოვრობენ.
ანგარიშში განხილულ ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ტემპერატურის მატების მოსალოდნელი მაჩვენებელი და ის, თუ რას ნიშნავს ეს ადამიანის უსაფრთხოებისთვის.
2016 წელს პარიზის შეთანხმება შევიდა ძალაში, რომელსაც თითქმის ყველა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზრდი, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით, 2 გრადუსით შეიზღუდებოდა და არ გადააჭარბებდა 1.5 გრადუს ცელსიუსს. ახალი ანგარიშის მიხედვით კი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ ნახშირორჟანგის გაფრქვევა მკვეთრად არ შემცირდება.
შესაძლებელია თუ არა ტემპერატურის ნამატის 1.5 გრადუსზე დაბლა შენარჩუნება?
ინდუსტრიულ რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით, ტემპერატურის ნაზრდი დღეს 1.1 გრადუსია. დღემდე ადამიანები ატმოსფეროში 2 400 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევაზე არიან პასუხისმგებელნი. იმის შანსი, რომ ტემპერატურის ნაზრდი 1.5 გრადუსს არ გადააჭარბებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიები მომავალში 500 მილიარდ ტონას არ გადააჭარბებს. საშუალოდ, ადამიანის საქმიანობის შედეგად, ნახშირორჟანგის ყოველწლიური ემისიის მაჩვენებელი 40 მილიარდ ტონას აღწევს.
ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ ემისიების ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში, 1.5 გრადუს ტემპერატურულ ნაზრდს 2040 წლისთვის მივაღწევთ, იმ შემთხვევაში კი, თუ სათბურის აირების გაფრქვევები მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე არ შემცირდება, მაშინ ეს უფრო მალე მოხდება. ეს მოსაზრება ნაწინასწარმეტყველები იყო IPCC-ის 2018 წლის ანგარიშში, ახალი კვლევა კი ადასტურებს მას.
რა თქმა უნდა, 1.5 გრადუსიანი ტემპერატურული ნამატი არც ისე კარგ ეფექტს მოახდენს დედამიწაზე, რომელიც უკვე ისედაც განიცდის ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობისა და სიხშირის მატებას.
"მომავალში კიდევ უფრო ხშირად და ინტენსიური სახით ვიხილავთ სითბურ ტალღებს. ასევე გლობალურად გახშირდება ძლიერი წვიმები, მოიმატებს გვალვები მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში", — ამბობს ანგარიშის თანაავტორი, დოქტორი ფრედერიკ ოტო გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
რისი გაკეთებაა საჭირო ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?
მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში უმეტესად დათბობის უარყოფით მხარეებზეა გამახვილებული ყურადღება, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თუ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები გლობალურად 50%-ით შემცირდება, 2050 წლისთვის კი საერთოდ განულდება, შემდეგ, შესაძლოა, შევაჩეროთ დათბობა და მეტიც, საპირისპირო მიმართულებით წავიყვანოთ ეს პროცესი.
ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევა გულისხმობს სათბურის აირების გაფრქვევის მაქსიმალურად შემცირებას სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებით, შემდეგ კი დარჩენილი ემისიების დამარხვა და შთანთქმა ნახშირბადის დასაწყობებისა და ხეების დარგვის გზით შეიძლება.
"ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ტემპერატურა ნულოვანი გაფრქვევის შემთხვევაშიც განაგრძობდა მატებას, ახლა კი, იმედი გვაქვს, ბუნება მოწყალე აღმოჩნდება ჩვენ მიმართ და ნულოვანი ემისიების მიღწევის შემთხვევაში ტემპერატურა აღარ გაიზრდება. იმ შემთხვევაში კი, თუ საბოლოოდ მივაღწევთ ნულოვან მაჩვენებელს, შემდეგ უნდა შევძლოთ ტემპერატურის მატების პროცესის შეჩერება და გლობალური ტემპერატურა შემცირებისკენ წავიყვანოთ", — ამბობს ანგარიშის კიდევ ერთი თანაავტორი, პროფესორი პიერს ფორსტერი გაერთიანებული სამეფოს ლიდსის უნივერსიტეტიდან.
მომავლის ხუთი ეფექტი
- 2040 წელს, 1850-1900 მაჩვენებელთან შედარებით, ტემპერატურა 1.5 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს ემისიების ნებისმიერი მაჩვენებლის შემთხვევაში.
- 2050 წლამდე, ერთ-ერთი წლის სექტემბერში მაინც, არქტიკა პრაქტიკულად ყინულის გარეშე დარჩება.
- ტემპერატურის 1.5 გრადუსი ნაზრდის შემთხვევაში, ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც ისტორიაში უპრეცედენტო იქნება, უფრო გახშირდება.
- ზღვის დონის ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც აქამდე საუკუნეში ერთხელ თუ ფიქსირდებოდა, 2 100 წლისთვის მოქცევის რეგიონებში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
- სავარაუდოდ, ბევრ რეგიონში გახშირდება ხანძრები.
მიუხედავად იმისა, რომ მომავლის პროგნოზები ამ ანგარიშის მიხედვით უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე, მათი ნაწილის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია.
კომენტარები