მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს — ახალი კვლევა
ფოტო: fotograzia//Getty Images
ქიმიოთერაპია კიბოს მრავალი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა, მაგრამ მისი გამოყენებისას ხშირად ჯანსაღი ქსოვილებიც ზიანდება. მეცნიერებმა ქიმიოთერაპიის ასეთი გვერდითი ეფექტების შესაცვლელად საოცარ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ, ამავდროულად, ისინი კიბოსთან ბრძოლის სრულიად განსხვავებულ გზებსაც იკვლევენ.
ტეხასისა და პორტუს უნივერსიტეტების მკვლევართა გუნდი სწორედ ამ მეორე სტრატეგიაზე ფოკუსირდა. გამოცემა ACS Nano-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გუნდი კიბოსთან ბრძოლის ახალ მეთოდს აღწერს, რომელიც ინფრაწითელი ფოტოთერმული თერაპიის სახელითაა ცნობილი. იგი სინათლისა და ნანონაწილაკების გამოყენებით კიბოს უჯრედების სითბურ დასხივებასა და მათ განადგურებას გულისხმობს, თანაც ისე, რომ ჯანსაღი ქსოვილები არ დაზიანდეს.
"ჩვენი მიზანი მკურნალობის ისეთი მეთოდის შექმნა იყო, რომელიც არამხოლოდ ეფექტიანი, არამედ უსაფრთხო და ხელმისაწვდომიც იქნებოდა. LED სინათლისა და ნანონაწილაკების კომბინაციით კიბოს უჯრედების განადგურების ზუსტი და უსაფრთხო მეთოდი შევიმუშავეთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ჟან ენ ინკორვიამ, ტეხასის უნივერსიტეტიდან.
ამ ტექნიკის მიხედვით, მეცნიერები სპეციალურ LED ნათურებს იყენებენ, რომლებიც ინფრაწითელ სინათლეს ასხივებს, რომელსაც დაახლოებით 810 ნანომეტრი სიგრძის ტალღა აქვს. დასხივების შემდეგ ნანონაწილაკები კიბოს უჯრედებში აღწევს, სინათლეს შთანთქავს და მას სითბოდ გარდაქმნის, რათა უჯრედი საბოლოოდ გაანადგუროს.
ადამიანის ქსოვილებზე ტესტირების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მკურნალობამ კანის კიბოს უჯრედების 92% და კოლორექტული კიბოს უჯრედების 50% გაანადგურა. მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ამ პროცესში ჯანსაღი უჯრედები საერთოდ არ დაზიანებულა.
"ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ეს ტექნოლოგია ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სპეციალიზებულ აღჭურვილობაზე წვდომა შეზღუდულია. მიგვაჩნია, რომ სიმსივნის ზოგიერთი ტიპის, მაგალითად კანის კიბოს, მკურნალობის პროცესი მალე საავადმყოფოებიდან სახლებში გადაინაცვლებს", — განაცხადა პორტუს უნივერსიტეტის მკვლევარმა, არტურ პინტომ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მეთოდს დახვეწა სჭირდება. ისინი იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის ეფექტიანობას გააუმჯობესებენ და მკურნალობის შესახებ უფრო მეტ კლინიკურ კვლევას ჩაატარებენ.

კომენტარები