მზეზე ზოგჯერ კორონალური მასის ამოფრქვევები ხდება, რა დროსაც მისი ატმოსფეროს გარე შრიდან, გვირგვინიდან, სივრცეში პლაზმა იტყორცნება. ამის შედეგად დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმები და პოლარული ციალი შეიძლება წარმოიქმნას.

ახლა მეცნიერებმა იგივე მოვლენა სხვა ვარსკვლავზე დაკვირვებისას დააფიქსირეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ეს იმდენად მძლავრი ამოფრქვევა იყო, რომ მის ახლოს მდებარე ნებისმიერი პლანეტის ატმოსფეროს გაანადგურებდა.

რა თქმა უნდა, შორეული მნათობის ამგვარი "შტორმების" შესწავლა გამოწვევებითაა სავსე, თუმცა ასტრონომებმა ეს მაინც მოახერხეს. მათ რადიოტელესკოპთა ქსელ LOFAR-ის მონაცემები გამოიყენეს. მისი მეშვეობით სამყაროს ყველაზე ენერგიული მოვლენების (მაგ, შავ ხვრელებთან დაკავშირებულის) თანმდევ რადიოსიგნალებს 2016 წლიდან იკვლევენ. ეს ნიშნავს, რომ სისტემის ობიექტივში ვარსკვლავები მრავლადაა, მაგრამ მათ დიდი ყურადღება არ ექცევა.

ამის მიუხედავად, მეცნიერთა გუნდმა გააქტიურა მონაცემთა დამამუშავებელი სისტემა, რომელიც ფონზე არსებულ ვარსკვლავებს აანალიზებს. 2022 წელს მათ შედეგები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ 2016 წლის 16 მაისს ძლიერი "აფეთქება" მოხდა, რომელიც ერთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

მისი წყარო წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, სახელად StKM 1-1262, რომელიც ჩვენგან 133 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს. დადგინდა, რომ ეს კორონალური მასის ამოფრქვევა იყო.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი რამ დავაფიქსირეთ. აღნიშნული ამოფრქვევა მზის შტორმებზე სულ მცირე 10 000-ჯერ მძლავრი იყო", — აცხადებენ მკვლევრები.

წითელ ჯუჯებს მზის 10-50% მასა აქვს; მიიჩნევა, რომ დაახლოებით დედამიწის ზომის პლანეტების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი მნათობების გარშემო უნდა იყოს. შესაბამისად, მსგავსი კვლევები სიცოცხლესთან თავსებადი ეგზოპლანეტების გარემოს შესახებ მეტის გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.