ალცჰაიმერის სამედიცინო აღწერიდან 120 წლის შემდეგაც კი მისი შენელების ძალიან ცოტა თერაპიული მეთოდი არსებობს. ამ დაავადების ერთ-ერთი რთული ასპექტი ის არის, რომ ალცჰაიმერზე პასუხისმგებელი არა ერთი კონკრეტული ფერმენტი ან ცილა, არამედ მრავალი კოგნიტიური დაზიანებაა, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს.

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის ეფექტური მკურნალობა არა ერთი კონკრეტული, არამედ რამდენიმე წამლის კომბინაციით იქნება შესაძლებელი. აივ ინფექციის მსგავსად ალცჰაიმერის განკურნების შემთხვევაშიც სპეციალისტებს დაავადების კონკრეტული ასპექტების მკურნალობა და შედეგად სიმპტომების შემსუბუქება მოუწევთ. პრობლემა ისაა, რომ ასეთი წამლების პოვნას დიდი დრო სჭირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვის მიღება კი პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

ფოტო: Getty Images

ამ პრობლემების ფონზე მკვლევრები ალცჰაიმერის უკვე არსებული და დამტკიცებული წამლებით მკურნალობაზე დაფიქრდნენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა და იგი ტვინში გენის ექსპრესიაზე ალცჰაიმერის გავლენას ეხება. კვლევაში აგრეთვე FDA-ის მიერ დამტკიცებული წამლები იყო განხილული, რომლებიც ამ ცვლილებების საპირისპირო ეფექტებს იწვევს. ძიება დაახლოებით 1 300 წამლით დაიწყო და მოგვიანებით 5-მდე შემცირდა, რადგან FDA-სგან გამოყენების ნებართვა მათგან მხოლოდ ამ მცირე ნაწილს ჰქონდა.

მკვლევრებმა ეს მონაცემები UC Health Data Warehouse-ის მეშვეობით 65 წელს გადაცილებული 1.4 მილიონი ადამიანის ანონიმურ ჯანმრთელობის ჩანაწერს შეადარეს. ამ ფასდაუდებელი მონაცემთა ნაკრების საშუალებით მკვლევრები იმ პაციენტებს დააკვირდნენ, რომლებიც FDA-ის მიერ დამტკიცებულ წამლებს იმჟამად იყენებდნენ. ორი მედიკამენტის შემთხვევაში მეცნიერებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი დადებითი კორელაცია შენიშნეს. ესენია ლეტრაზოლი და ირინოტეკანი.

ლეტრაზოლი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება ნეირონების სამკურნალოდაც გამოდგეს. ამავდროულად კი ირინოტეკანმა (მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის კიბოს წამალი) შესაძლოა, ნერვული სისტემის არანეირონული უჯრედების პრობლემის გადაჭრა შეეძლოს. თაგვებზე ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ წამლების კომბინაციამ ტვინში არასწორად დაგროვებული ტაუ ცილები შეაფერხა. ამ ცილის დაგროვება ალცჰაიმერის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თეორიული კვლევა კლინიკურად მალევე იქცევა და წამლების ეს კომბინაცია ამ დაავადების მქონე მილიონობით ადამიანს შვებას მოგვრის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.