შეიძლება თუ არა ნარცისიზმის მკურნალობა? — რას ამბობს მეცნიერება
ფოტო: Deena So’Oteh
ალბათ, იცნობთ ისეთ ადამიანს, რომელიც შეცდომებს მუდამ გარე ფაქტორებს აბრალებს და პასუხისმგებლობას არასოდეს იღებს, ვინც მუდამ ეგოცენტრულად იქცევა და გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევს. ასეთ ადამიანს ნარცისს უწოდებენ და მათთან კომუნიკაციისას ხშირად ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა მათი შეცვლა?
თუკი ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები თავს დამცირებულად ან შეურაცხყოფილად გრძნობენ, მათი მყიფე თვითშეფასება საფრთხის წინაშე დგება. ასეთ მომენტებში ნარცისები თავის დასაცავად აგრესიას მიმართავენ, რაც, ბუნებრივია, გარშემომყოფების უკმაყოფილებას იწვევს (ხშირად მენტალურ ზიანსაც).
არსებობს ნარცისიზმის ორი ზოგადი ტიპი: გრანდიოზული და მოწყვლადი. ე.წ. გრანდიოზული ნარცისები საკუთარ თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევენ, ხოლო მოწყვლადი ნარცისები კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. ორივე შემთხვევაში ნარცისები შეიძლება ქედმაღლები და ეგოცენტრულები იყვნენ; კვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ ნარცისები ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი. თუ ეს თვისებები აშკარად გამოხატულია, მაშინ სპეციალისტმა ადამიანს შეიძლება ნარცისული პიროვნული აშლილობის (NPD) დიაგნოზი დაუსვას.
NPD-ს მქონე ადამიანს ფსიქიკური აშლილობა მუდმივად აქვს და ამ მდგომარეობის "განკურნება" შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, კვლევები მაინც მიუთითებს, რომ მკურნალობას სიმპტომების მართვაში დახმარება შეუძლია. როგორც წესი, ნარცისიზმის მკურნალობა კომუნიკაციითა და თერაპიით იწყება.
ყველაზე გავრცელებული ტექნიკა, რომელსაც ფსიქოთერაპევტები ნარცისებთან იყენებენ, კოგნიტიური ქცევითი თერაპიაა. ის პაციენტებს შეიძლება არაზუსტი ან უსარგებლო აზრების შემჩნევასა და თავიანთი ქცევის შეცვლაში დაეხმაროს. ამის მიუხედავად, როდესაც თერაპევტებს 2015 წლის კვლევის ფარგლებში ჰკითხეს, თუ რომელი მიდგომა მიაჩნდათ ყველაზე ეფექტიანად, ხშირი პასუხი ინტროსპექციულ-რელაციური ტექნიკა იყო.
ამ დროს პაციენტი თავის გრძნობებსა და მიდრეკილებებს თავად იკვლევს, ხოლო თერაპევტი მსჯელობის ნაცვლად, უბრალოდ ისმენს. ეს მიდგომა ნარცისებთან მუშაობისას გადამწყვეტია, რადგან სეანსებისას ბევრ მათგანს ჰგონია, რომ თერაპევტები მოწყვლადად მიიჩნევენ.
მოწყვლადობის შიში ხშირად სანდო ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. არასრულფასოვნების, სირცხვილის, დანაშაულისა და აგრესიის გრძნობამ ნარცისებში შეიძლება თავდაცვის მექანიზმი გაააქტიუროს. ფსიქოთერაპევტებმა უნდა ამოიცნონ და გადალახონ ეს ბარიერები, რათა სეანსები წარმატებული იყოს.
სამწუხაროდ, NPD-ს მქონე ადამიანები თერაპევტებს იშვიათად მიმართავენ. მათ უმეტესად არ სჯერათ, რომ პრობლემა აქვთ. NPD-ის მქონე ადამიანები ხშირად ექიმს ან თერაპევტს სხვა მიზეზებით სტუმრობენ და ამ პრობლემას მოგვიანებით აღმოაჩენენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა ნაწილი ნარცისიზმის შემსუბუქების ერთ-ერთ ხერხად MDMA-ს, იგივე ექსტაზს, მიიჩნევს. 2025 წლის აპრილში მკვლევრებმა ალექსა ალბერტმა და ენტონი ბეკმა ივარაუდეს, რომ თერაპიის დროს ფსიქოდელიური პრეპარატების გამოყენებით პაციენტები შეიძლება უფრო გახსნილები და ემოციურად მგრძნობიარენი გახდნენ; მათი თქმით, ექსტაზს ემპათიისა და სხვებთან სიახლოვის გრძნობის გამძაფრება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ MDMA თერაპია ზოგიერთი მდგომარეობისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან ასევე შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაც გამოიწვიოს.
მნიშვნელოვანია იმის დაზუსტება, რომ ალბერტისა და ბეკის წინადადება თეორიულია, რადგან მათ კლინიკური კვლევები ჯერ არ დაუსრულებიათ. ამჟამად NPD-ს სამკურნალოდ რაიმე ქიმიური საშუალება არ არსებობს და თერაპიის წარმატება სრულად პაციენტსა და თერაპევტზეა დამოკიდებული.


კომენტარები