მეცნიერებმა ფუტკრებს ასწავლეს, რომ ტკბილ საკვებთან მისასვლელად ერთმანეთისგან სხვადასხვა ხანგრძლივობის ნათება უნდა გაემიჯნათ. ესაა ერთგვარი მორზეს ანბანის კოდი, რომელიც ბევრად გამარტივებული სახით გამოიყენეს.

კვლევა Bombus terrestris-ის სახეობის ბაზებზე (ფუტკრისებრთა მწერების გვარი) ჩაატარეს. ესაა პირველი დემონსტრაცია, რომ მათ საკვების მოსაპოვებლად ადგილის შერჩევისას მხოლოდ სინათლის ხანგრძლივობაზე დაყრდნობა შეუძლიათ. ეს მიუთითებს, რომ ამ არსებებს დროითი ინფორმაციის გადამუშავების ისეთივე უნარი აქვთ, როგორიც ხერხემლიან ცხოველებს.

ბოლო წლებში კვლევებმა ცხადყო, რომ ბაზები არც ისეთი მარტივი მწერები არიან, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან. მათ მჭიდრო სოციალური კავშირები აქვთ, უკანასკნელი მიგნება კი ავლენს უნარს, რომელიც შეწყვილებასა და მტაცებლების მოგერიებაშიც შეიძლება დაეხმაროთ.

ექსპერიმენტისთვის ფუტკრები საკვების მოსაპოვებელ მომცრო სივრცეში მოათავსეს. იქ სპეციალური ეკრანი დაამონტაჟეს, რომელიც ხანგრძლივ და ხანმოკლე ნათებებს აჩვენებდა; პირველ ცდაში სინათლის 5 და 1-წამიანი "პულსები" გამოიყენეს, ხოლო მეორეში — 2.5 და 0.5-წამიანი.

ფოტო: Alex Davidson/Queen Mary University of London

მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხანგრძლივობა მოტკბო საკვებთან ასოცირდებოდა, ხოლო მეორე — მწარე ნივთიერებასთან, რომელსაც ქინინი ეწოდება. მეცნიერებმა ბაზების სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული სიგნალები აჩვენეს.

ექსპერიმენტის პირველი ნაწილი მწერებისთვის იმის სწავლებას ისახავდა მიზნად, თუ რომელი ხანგრძლივობის ნათება უკავშირდებოდა გემრიელ ჯილდოს ან ქინინს. მათ სასურველი ხემსის მისაგნებად ლაბირინთი უნდა გადაელახათ, სანამ წარმატებული გამოცნობის მაჩვენებელი 20-დან 15 არ იქნებოდა.

ფოტო: Alex Davidson/Queen Mary University of London

ამის შემდეგ საექსპერიმენტო სივრციდან ტკბილი საკვები ამოიღეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ფუტკრები მას სუნით ან სხვა მინიშნებით არ პოულობდნენ. შედეგად, მწერები უფრო ხშირად მაინც ამ ხემსთან დაკავშირებულ სინათლის სიგნალს მიჰყვებოდნენ. სიხშირე იმ დონის იყო, რომ შემთხვევითობას ვერ მოეწერებოდა, ანუ მათ ნათების სხვადასხვა ხანგრძლივობის გარჩევა მართლაც ისწავლეს.

ბაზები ბუნებრივ გარემოში ასეთ სიგნალებს არ არიან შეჩვეულნი, ამიტომ მათი უნარი გასაოცარია. შესაძლოა, მას ისინი სივრცეში რაიმეს მოძრაობის დასაფიქსირებლად ან საკომუნიკაციოდ იყენებდნენ, მაგრამ ზუსტად ჯერ არ ვიცით. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს შესაძლებლობა ნერვული სისტემის ფუნდამენტური მახასიათებელი იყოს. მეტის გასაგებად სიღრმისეული კვლევებია საჭირო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.