კოსმოსი ცივდება, ახალი ვარსკვლავების რაოდენობა კი იკლებს — ზონდ "ევკლიდეს" მონაცემები
175 მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა კოსმოსის ტემპერატურის შესასწავლად 2 მილიონზე მეტ გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავური მტვრის სითბო გააანალიზა. ამისთვის მათ კოსმოსური ტელესკოპების — "ევკლიდესა" და "ჰერშელის" — მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 10 მილიარდი წლის განმავლობაში გალაქტიკები ოდნავ გაცივდა, ხოლო ახალი მნათობების წარმოქმნის პროცესი შენელდა. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ვარსკვლავების ფორმირების პიკი უკვე იყო, ახლა კი კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ ნაშრომი ხელმისაწვდომია, თუმცა რეფერირება ჯერ არ გაუვლია.
ასევე, იხილეთ: "ევკლიდემ" კოსმოსის გასაოცარი სურათები გადაიღო — ნახეთ 5 ახალი გამოსახულება
სამყაროს შესასწავლად ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილ ზონდ ევკლიდეს პირველი მნიშვნელოვანი მონაცემები მარტში მივიღეთ. მათ შორის იყო ინფორმაცია 26 მილიონი გალაქტიკის შესახებ, რომლებიც 10.5 მილიარდი სინათლის წლის რადიუსის ფარგლებშია განფენილი. ამ დაკვირვებების მეშვეობით სამყაროს უდიდესი სამგანზომილებიანი რუკის შექმნა იგეგმება, რომელმაც 1.5 მილიარდი გალაქტიკა უნდა მოიცვას.
ახალი კვლევისთვის მეცნიერებმა 2.6 მილიონი ასეთი სისტემა გააანალიზეს და დამატებით მეორე ტელესკოპის დაარქივებული კადრებიც გამოიყენეს. ასე ხილულ და ახლო ინფრაწითელ სინათლესთან ერთად, შორი ინფრაწითელი გამოსხივებაც გამოავლინეს. მათი კომბინაციით ვარსკვლავური მტვრის სითბო უპრეცედენტოდ ფართო სპექტრში შეისწავლეს.
ავტორების გამოთვლებით, ბოლო 10 მილიარდ წელში გალაქტიკათა საშუალო ტემპერატურამ 10 კელვინით იკლო (-263.15°C-ით). შედარებისთვის, კვლევის ფარგლებში შესწავლილი უადრესი გალაქტიკების მაჩვენებელი დაახლოებით 35 კელვინი იყო. მართალია, ამ უზარმაზარ სისტემებში მილიონზე მეტი კელვინი ტემპერატურის მქონე ვარსკვლავები უხვადაა, თუმცა იქ ცარიელ სივრცეებს უფრო დიდი ადგილი უკავია, რითაც დაბალი საშუალო ტემპერატურა აიხსნება.
ამგვარი შემცირება მნათობების ფორმირების პროცესზეც აისახება, რადგან მეტ ტემპერატურაზე უფრო მეტი ვარსკვლავი ყალიბდება. მაშინ, როცა გალაქტიკაში განსაკუთრებით მცხუნვარე და მასიური ობიექტების ნაკლებობაა, ახლებიც შედარებით პასიურად წარმოიქმნება. საბოლოოდ, ამით ისევ გალაქტიკის ტემპერატურა იკლებს.
მტვერი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მნათობები სწორედ აირისა და მტვრის ღრუბლის მკვრივი რეგიონების კოლაფსისას ჩნდება. ისინი ნელ-ნელა მასას იზიდავს, ცხელდება და ბირთვულ რეაქციებს იწყებს. სიცოცხლის მიწურულს ეს ვარსკვლავები ფეთქდება, მათგან დარჩენილი მატერიით კი ახალი თაობის მანათობელი ობიექტები ფორმირდება.
თუკი გალაქტიკაში ამგვარი მტვერი და აირი შემცირდება, ის კვდომას დაიწყებს. ახალი შედეგების მიხედვით, ეს პროცესი მომავალში უფრო და უფრო მეტ სისტემაში წარიმართება, მაგრამ კოსმოსური მასშტაბებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ სანერვიულო არაფერია.

კომენტარები