ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ასაკში მუსიკის აქტიურად მოსმენამ შეიძლება დემენციის რისკი თითქმის 40%-ით შეამციროს. მათ ეს დასკვნა 70 ან მეტი წლის 10 893 ავსტრალიელის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიტანეს.

კვლევაში ჩაბმის პერიოდში დემენციის დიაგნოზი არცერთ მონაწილეს არ ჰქონია; მათ მუსიკის მოსმენასთან და რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს. პირველზე შესაძლო პასუხი "ყოველთვის", "ზოგჯერ", "იშვიათად" და "არასდროს" იყო. ვინც მუსიკას "ყოველთვის" უსმენდა, მომდევნო სამ წელში დემენციის ჩამოყალიბების 39%-ით ნაკლები რისკის წინაშე იდგა, შედარებით მსუბუქი კოგნიტიური პრობლემების შანსი კი 17%-ით იყო შემცირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ ზოგადი გონებრივი ფუნქციონირებისა და ეპიზოდური მეხსიერების მხრივ სხვებზე უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ.

რაც შეეხება იმ მონაწილეებს, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე ხშირად უკრავდნენ, მათ შემთხვევაში დემენციის რისკი 35%-ით მცირდებოდა. ზოგიერთი კვლევისგან განსხვავებით, ამ ადამიანებში სხვაგვარი კოგნიტიური პრობლემების განვითარების შანსის მნიშვნელოვნად შემცირება არ გამოვლენილა.

ფოტო: BelleVie Care

საინტერესოა იმ მონაწილეთა მაჩვენებლებიც, რომლებიც მუსიკასაც უსმენდნენ და უკრავდნენ კიდეც. მათ დემენციის რისკი 33%-ით ჰქონდათ შემცირებული, კოგნიტიური ფუნქციების სხვაგვარი დარღვევისა კი — 22%-ით. მეცნიერები ამბობენ, რომ გარკვეულ როლს განათლებაც ასრულებს, რადგან ეს დადებითი ასოციაცია უმჯობესდებოდა, თუკი ადამიანს განათლების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდა (16+ წელი), ვიდრე საშუალო (12-15 წელი).

"მუსიკალური აქტივობები შეიძლება ხანდაზმულ ინდივიდებში კოგნიტიური ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელმისაწვდომი სტრატეგია იყოს, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება", — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ემა ჯაფა.

მის გუნდში ამბობენ, რომ მუსიკის მოსმენა ტვინის ბევრ რეგიონს ააქტიურებს, რაც ერთგვარი კოგნიტიური სტიმულაციაა. მათი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Geriatric Psychiatry გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.