დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო სივრცეში 15 ნოემბერს ახალი დოკუმენტური ფილმის, სახელად Hitler’s DNA: Blueprint of a Dictator, პირველი ნაწილის პრემიერა შედგება. მეოთხე არხის პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა ადოლფ ჰიტლერის დნმ შეისწავლეს და მისი მნიშვნელოვანი გენეტიკური მახასიათებლები გამოავლინეს.

ანალიზისთვის მათ აშშ-ის არმიის პოლკოვნიკის მიერ მოპოვებული სისხლიანი ქსოვილი გამოიყენეს. ის მან იმ ოთახის დივნიდან ამოჭრა, სადაც ნაცისტური გერმანიის დიქტატორმა 1945 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ჰიტლერს კალმანის სინდრომი ჰქონდა. ესაა გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც სქესობრივი ორგანოების ჩამოყალიბებას ეშლება ხელი, რის გამოც მომწიფების პერიოდი ფერხდება. აქედან ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ჰიტლერს სექსუალური ურთიერთობებისას პრობლემები შეჰქმნოდა.

მკვლევრების თქმით, თავიდანვე იაზრებდნენ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმე წამოიწყეს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამას ოდესმე ვიღაც აუცილებლად გააკეთებდა; ერთ-ერთი მეცნიერი პროფესორი ტური კინგია, რომელმაც რიჩარდ მესამის ნაშთების იდენტიფიცირება შეძლო. მისი განცხადებით, სურდა, კვლევები მაქსიმალურად გეგმაზომიერად და დიდი დაკვირვებით ჩატარებულიყო.

ფოტო: Getty

რაც შეეხება მათ მიგნებას, ამას შეიძლება პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ისტორიებიც ადასტურებდეს, რომელთა მიხედვითაც ჰიტლერს მისი გენიტალიის ზომის გამო აბუჩად იგდებდნენ. არაა გამორიცხული, ეს მიანიშნებდეს, რომ დიქტატორს მიკროპენისის სახელით ცნობილი მდგომარეობა ჰქონდა — ჩვეულებრივზე მცირე ზომის სქესობრივი ორგანო. ამის ალბათობა 10-დან 1-ია.

საინტერესოა ისიც, რომ 2015 წელს აღმოჩენილი 1923 წლის სამედიცინო შემოწმების მონაცემების თანახმად, ჰიტლერის ცალი სათესლე ჯირკვალი დაბლა ჩამოწეული არ იყო. ამის შესახებ მინიშნება ომისდროინდელ დამამცირებელ სიმღერაშიცაა, რომელიც ჰიტლერს ეძღვნებოდა.

ნაცისტური გერმანიის ისტორიის მკვლევარ ალექს კეის თქმით, ეს ყველაფერი შეიძლება იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომ მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება პოლიტიკას ჰიტლერმა.

"სხვა ნაცისტ მაღალჩინოსნებს ცოლები და შვილები ჰყავდათ, ასევე ქორწინების გარეშე კავშირებიც ჰქონდათ. ჰიტლერი ერთადერთი გამონაკლისი იყო [მან ცოლი, ევა ბრაუნი, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე შეირთო]. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით შეეძლო ნაცისტურ მოძრაობას ძალაუფლების ხელში ჩაგდება", — ამბობს ის.

დნმ-ის ანალიზმა ისიც ცხადყო, რომ, მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ჰიტლერს ებრაული წარმოშობა არ ჰქონია. სამაგიეროდ, მართალი უნდა იყოს შეხედულებები მისი მენტალური ჯანმრთელობისა და ნეირომრავალფეროვნების შესახებ, რადგან დიქტატორის გენები რამდენიმე მდგომარეობასთან დააკავშირეს; დიდია პროცენტული ალბათობა, რომ მას აუტიზმი, შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა ჰქონოდა, მაგრამ აქედან რომლის სიმპტომები უვლინდებოდა, უცნობია.

კვლევის ავტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ ამით აღნიშნული მდგომარეობების სტიგმატიზება დაუშვებელია. მათი თქმით, "ქცევა 100%-ით გენეტიკურად განპირობებული არაა" და ადამიანებისადმი ჰიტლერის უზომო სისასტიკე, როგორც მახასიათებელი, ამ დიაგნოზების მქონე ადამიანებს არ უნდა მივაწეროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.