რუსეთმა პირველი ჰუმანოიდი რობოტი შექმნა, რომლის დებიუტიც 10 ნოემბერს მოსკოვის მსხვილ ტექნოლოგიურ ფორუმზე შედგა. რობოტმა, სახელად Aldol, სცენაზე Rocky-ის ცნობილი სიმღერის "Gonna Fly Now" ფონზე გავლა სცადა, რა დროსაც იგი მიწაზე სახით დაეცა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება. ისიც აღსანიშნავია, რომ მწყობრიდან გამოსვლამდე რობოტი ბარბაცით დადიოდა და არა გამართულად.

ბოლო პერიოდში რუსეთს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის ინდუსტრიაში. ეს ჰუმანოიდი რობოტიც სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ რობოტიკის დარგში ქვეყნის წინსვლა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ.

Aldol-ის მიერ წონასწორობის დაკარგვასა და მიწაზე სახით დაცემას დამსწრე საზოგადოებისგან სიცილი და შეძახილები მოჰყვა. ზოგმა იფიქრა, რომ რობოტის წაქცევა შოუს ნაწილი იყო, თუმცა ეს ეჭვები სრულიად გაიფანტა მას შემდეგ, რაც ღონისძიების წამყვანები რობოტის ასაყენებლად მიცვივდნენ.

ვიდეო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) მომხმარებელმა "@BohuslavskaKate" შემდეგი წარწერით გაავრცელა: "სიცილს ვერ ვწყვეტ. ეს რუსეთის პირველი რობოტის პრეზენტაციაა. მგონია, რომ მან სიარული ალკოჰოლიკებისგან ისწავლა".

Aldol რუსულმა რობოტიკის კომპანიამ, Idol-მა, შექმნა. რობოტი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანების მოძრაობის, ჟესტებისა და კოორდინირების გამეორება მაქსიმალური სიზუსტით შეძლოს. როგორც კომპანიამ განაცხადა, Aldol-ს წესით დამოუკიდებლად სიარული, ვიზუალური მონაცემების ინტერპრეტაცია და ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შესძლებოდა.

როგორც Newsweek-ში ვკითხულობთ, Idol-ის დირექტორმა, ვლადიმირ ვიტუხინმა, განმარტა, რომ აღნიშნული მოვლენა რობოტის წონასწორობისა და მოძრაობის კონტროლის ალგორითმებში დაშვებული შეცდომის ბრალი იყო. ვიტუხინი ამბობს: "ეს ჩვენთვის გაკვეთილია. კარგი შეცდომა ცოდნაა, ცუდი შეცდომა კი გამოცდილება".

ინციდენტის შემდეგ რობოტი სცენიდან მყისიერად ჩაიყვანეს, რის შემდეგაც ინჟინრებმა მისი სენსორები და შიდა სტაბილიზატორები შეამოწმეს. როგორც Idol-ის გუნდი ამბობს, ისინი რობოტის კონტროლის სისტემების გაუმჯობესებას გეგმავენ, რათა შემდეგ საჯარო დემონსტრაციაზეც იგივე არ განმეორდეს.

Aldol-ის დასამზადებლად გამოყენებული მასალების 77% რუსეთის წარმოებულია. როგორც დირექტორი ამბობს, ეს ძალიან დიდი მიღწევაა: სანქციების გამო რუსეთს იმპორტირებულ საქონელზე წვდომა მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. კომპანია ასევე გეგმავს, რომ სამომავლოდ ეს მაჩვენებელი 93%-ამდე გაზარდოს. გარდა ამისა, 10 ნოემბრის მარცხის მიუხედავად, რუსეთი იმედოვნებს, რომ აღნიშნული რობოტი საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გასწევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.