გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოჩენილი ანომალია შეიძლება უცნობ შესასვლელზე მიანიშნებდეს
ფოტო: Getty Images
მეცნიერებმა გიზის კომპლექსში შემავალ მიკერინის პირამიდაში ორი სიცარიელე აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეს ანომალია შეიძლება მეორე, დაფარული შესასვლელის არსებობაზე მიანიშნებდეს.
აღნიშნული პირამიდა ფარაონ მიკერინის (მენკაურის) მმართველობისას ააგეს (ძვ. წ. 2490-2472 წ.). ის გიზის კომპლექსის ყველაზე პატარა ნაგებობაა, რომელიც თავდაპირველად 65 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო. მისი მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის მხარესაა, აღმოსავლეთით კი ერთ არეალში გლუვი ლოდებია გამოყენებული, რომლებიც მეცნიერებში განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა.
ამ ადგილის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრია, ხოლო სიგანე 6 მეტრს აღწევს. ის გაპრიალებულ ქვებს შეიცავს, რითაც მხოლოდ მთავარი შესასვლელის ვიზუალს ჰგავს — პირამიდის სხვა ნაწილებში ასეთი რამ არ შეინიშნება. ამის მიუხედავად, აღმოსავლეთ კედელი მთლიანად ამოშენებულია, ანუ მასში გარედან კარის მსგავსი რაიმე ღრუ სივრცე არა.
2019 წელს დამოუკიდებელმა მკვლევარმა, სტეინ ვან დენ ჰოვენმა, ნაშრომში გამოთქვა ვარაუდი, რომ აღმოსავლეთით სხვა შესასვლელი შეიძლება "იმალებოდეს". ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ახალი კვლევის ფარგლებში მომუშავე გუნდმა 3 წლის განმავლობაში პირამიდის ეს მხარე ელექტრული წინაღობის მეთოდით, სახმელეთო რადარითა და ულტრაბგერითი ტექნიკით შეისწავლა.
მონაცემების შეჯერების შედეგად მეცნიერებმა ორი ცარიელი ადგილი გამოავლინეს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოსაა; ერთი მათგანი კედლის გარეთა ნაწილიდან დაახლოებით 1.4 მეტრითაა დაშორებული, მეორე კი — 1.13-ით. ამგვარი ანომალია შეიძლება სწორედ მეორე შესასვლელის მახასიათებელს შეესაბამებოდეს, მაგრამ ზუსტი დასკვნის გამოსატანად მეტი ინფორმაციაა საჭირო.
მეცნიერების თქმით, როგორც წესი, ძველი სამეფოს პირამიდებში შესასვლელები ჩრდილოეთ მხარესაა. შესაბამისად, უფრო სიღრმისეული გამოკვლევაა საჭირო იმის გასაგებად, ეს სიცარიელეები კონსტრუქციული ანომალიებია, მეორე შესასვლელის ნაწილი თუ რაიმე სხვა,
ახალი ნაშრომი გამოცემაში NDT & E International გამოქვეყნდა.

კომენტარები