ახალი გრძნობა, სახელად "დისტანციური შეხება", ადამიანებში პირველად გამოიკვლიეს. ეს მარცვლოვან მასალებში დაფლული საგნების შეგრძნებას გულისხმობს. ცნობილია, რომ აღნიშნულ უნარს ჩიტებიც ფლობენ: ისინი ქვიშას ნისკარტით სინჯავენ, შედეგად მიღებული წნევისა და რხევის სიგნალებით კი ქვიშაში ჩაფლულ მსხვერპლს პოულობენ.

მკვლევრებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს და აჩვენეს, რომ ეს უნარი შეიძლება ადამიანებშიც არსებობდეს. პირველ მათგანში მოხალისეებს სთხოვეს, რომ ქვიშაში დამალული საგნები მხოლოდ თითის ბალიშებით ეპოვათ. ყველას გასაკვირად, ცდისპირებმა ამ დავალებას არამხოლოდ წარმატებით გაართვეს თავი, არამედ გასაოცარი სიზუსტითაც: მათ საგანი 4-იდან 3 შემთხვევაში იპოვეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ საქმე ქვიშის უზარმაზარ გროვასთან ჰქონდათ.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადამიანებმა ნივთები 6,9 სმ მანძილზე 70,7%-იანი სიზუსტით იპოვეს. ეს ძალიან შთამბეჭდავი და პოტენციურად გამოსადეგიცაა: მაგალითად, არქეოლოგიური არტეფაქტების მათი დაზიანების გარეშე მოსაძებნად ან ოკეანის ფსკერსა თუ მარსზე ქვიშიანი ზედაპირების გამოსაკვლევად.

მეორე მხრივ, შეამჩნევდით, რომ ახალაღმოჩენილი უნარი უმეტესად ისეთ საქმეებში შეიძლება გამოგვადგეს, რომლებიც რობოტებისას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანებისას. ამის გამო უმჯობესია, რომ დისტანციური შეხების უნარი რობოტებს ვასწავლოთ. სწორედ ამ კუთხით ჩატარდა მეორე ექსპერიმენტი. მკვლევართა გუნდმა რობოტის ტაქტილური სენსორი გამოიყენა, რომელიც გრძელი მოკლევადიანი მეხსიერების (LSTM) ალგორითმით გაიწვრთნა. მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ რობოტები ადამიანთა შედეგების გამეორებას.

ექსპერიმენტმა გაამართლა. რობოტებს ადამიანების მსგავსი სიზუსტე არ აღმოაჩნდათ (მათთვის სიზუსტის მაჩვენებელი 40% იყო), თუმცა მათ საგნები უფრო დიდ მანძილზე (7,1 სანტიმეტრზე) იპოვეს.

ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ რობოტებს ამ მიმართულებით მეტად განავითარებენ. ეს საბოლოოდ უამრავ სამეცნიერო კვლევაში შეიძლება გამოიყენონ.

კვლევა გამოცემაში IEEE Xplore გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.