ტყუილია, რომ ChatGPT იურიდიულ და სამედიცინო რჩევებს აღარ გასცემს — რა შეიცვალა რეალურად
ფოტო: Cath Virginia / The Verge
სოციალურ ქსელებში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს OpenAI-მ არსებული პოლიტიკა განაახლა და ამიერიდან ChatGPT მომხმარებლებს სამედიცინო და იურიდიულ რჩევებს აღარ მისცემს. კომპანიის წარმომადგენელმა, კარან სინგალმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე განმარტა, რომ ეს სიმართლე არაა.
"სპეკულაციების მიუხედავად, ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ChatGPT პროფესიონალურ რჩევას ვერასდროს ჩაანაცვლებს, თუმცა იგი კვლავაც განაგრძობს მომხმარებელთა დახმარებას, რომ იურიდიულ და სამედიცინო ინფორმაციაში გაერკვიონ", — ვკითხულობთ სინგალის პოსტში.
მისი თქმით, ეს მიდგომა ახალი სულაც არ არის. დაბნეულობა შეიძლება იმან გამოიწვია, რომ 29 ოქტომბერს OpenAI-მ პოლიტიკა განაახლა, შიგნით კი რამდენიმე საკითხია ჩამოთვლილი, რომლებშიც ChatGPT შეზღუდულია. მათ შორისაა: "პროფესიონალური რჩევის უზრუნველყოფა, რომლის გაცემისთვისაც ლიცენზიის ქონაა საჭირო, მაგალითად, იურიდიული ან სამედიცინო რჩევები".
ეს შეზღუდვები ჩატბოტში აქამდეც არსებობდა, ახლა კი მეტწილად სიტყვიერი ფორმულირება შეიცვალა. შეზღუდვები რეალურად იმას ეხება, თუ როგორ უნდა გაიცეს ასეთი რჩევები. ეს ნიშნავს, რომ ChatGPT-ს სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ თემებზე საუბარი შეეძლო და ისევ შეუძლია. ჩატბოტი ზოგად ცნებებს, კანონებსა და მსგავს საკითხებს ჩვეულებრივად ხსნის, თუმცა პერსონალიზებული ან პროფესიონალური რჩევების გაცემაში შეზღუდულია. მაგალითად, შეიძლება დიაგნოზი არ დასვას, მკურნალობა არ დანიშნოს ან მომხმარებელს იმაზე არ მიუთითოს, როგორ იმოქმედოს კონკრეტულ იურიდიულ სიტუაციებში.
წესების არსებობის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჩატბოტი მათ მკაცრად იცავდა. ახალი პოლიტიკით შეიძლება მხოლოდ ეს შეიცვალოს — ChatGPT-მ იურიდიული და სამედიცინო რჩევები შეიძლება მაინც გასცეს, უბრალოდ შეზღუდულად ან უფრო ფრთხილად.
აღსანიშნავია, რომ აქამდე OpenAI-ს სამი სხვადასხვა პოლიტიკა ჰქონდა: უნივერსალური, ChatGPT-ს მოხმარებისა და API-ს გამოყენების. 29 ოქტომბრის განახლებით მათ ეს სამივე პოლიტიკა ერთ დოკუმენტში გააერთიანეს.
კომენტარები