ჩინეთის მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Tianwen 1 ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS გადაიღო. ეს მან მაშინ შეძლო, როცა ობიექტმა წითელ პლანეტასთან "ახლოს" ჩაიარა.

ის 2025 წლის პირველ ივლისს ATLAS-ად წოდებული ასტრონომიული სისტემით აღმოაჩინეს და რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი კომეტაა, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხვდა. დანარჩენი ორი ოუმუამუა და ბორისოვია, რომლებიც 2017 და 2019 წლებში დაფიქსირდა.

ასევე, იხილეთ:

3I/ATLAS-ის შესწავლაში მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო. მათ ოქტომბრის პირველ ნახევარში თავიანთი მარსული ზონდები და მავალები მისკენ მიმართეს, გამონაკლისი კი არც ჩინეთი ყოფილა.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) განცხადებით, Tianwen 1-ის ობიექტივში კომეტა პირველ და ოთხ ოქტომბერს შორის პერიოდში მოხვდა. მათ რამდენიმე კადრის გაერთიანების გზით მისი გადაადგილება აღბეჭდეს და სამ ოქტომბერს გადაღებული ცალკეული ფოტოც გამოაქვეყნეს, რომელსაც ზემოთ ხედავთ.

კომეტა მოძრაობაში.

ფოტო: CNSA

3I/ATLAS-ის დასაფიქსირებლად ზონდმა მაღალი გარჩევადობის კამერა გამოიყენა, რომელსაც HiRIC ეწოდება. ის NASA-ს მარსის ზონდ Reconnaissance Orbiter-ის ინსტრუმენტ HiRISE-ს ჰგავს, მაგრამ ოდნავ დაბალი რეზოლუციისაა. ამის გამო ვარსკვლავების ფონზე მოძრავი კომეტა მკაფიოდ არ ჩანს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ დროს იგი 28.96 მილიონი კილომეტრის მოშორებით გადაადგილდებოდა და წამში 58 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებდა, მისი ზომა კი 5.6 კილომეტრია. Tianwen 1-ის კამერა წითელი პლანეტის ნათელ ლანდშაფტზეა მორგებული, ამიტომ მის დაბალ ორბიტაზე კონცენტრირება გამოწვევებით იყო სავსე.

ამის მიუხედავად, აპარატმა წარმატებით მოიპოვა კადრები, რომლებიც დედამიწაზე გამოგზავნა. ისინი შემდეგ სპეციალისტებმა დაამუშავეს, რის შედეგადაც კომეტის ბირთვი და მის გარშემო არსებული ღრუბელი — კომა — გამოჩნდა.

ჩინურ ზონდ Tianwen 1-ზე მეტის გასაგებად წაიკითხეთ ჩვენი ნიუსები: https://on.ge/about/tianwen-1.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.