ვინ იყო ჯეიმზ უოტსონი — დნმ-ის სტრუქტურის თანააღმომჩენი ნობელიანტი
ფოტო: Getty Images
ჯეიმზ დიუი უოტსონი ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი იყო, რომელიც დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენითა და მისი მნიშვნელობის დადგენითაა ცნობილი. ამ აღმოჩენის გამო მან 1962 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მოიპოვა. სწორედ ხსენებულმა აღმოჩენამ ახსნა გენის მუშაობის მექანიზმები და საფუძველი ჩაუყარა მოლეკულური ბიოლოგიისა და ევოლუციური ფილოგენეტიკის მეცნიერებებს.
უოტსონი ასევე სადავო ფიგურა იყო. იგი გახდა პირველი მაღალი დონის ნობელის ლაურეატი, რომელმაც საზოგადოებას შოკისმომგვრელად პირადი და გაუფილტრავი ხედვა მიაწოდა სამეცნიერო სამყაროზე. ჯეიმზ უოტსონი 2025 წლის 6 ნოემბერს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ სტატიაში მასზე მოგიყვებით:
ჯეიმზ უოტსონის გზა
ახალგაზრდა ჯეიმზ უოტსონმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩააბარა. თავდაპირველად ის არნითოლოგობას (ფრინველების მკვლევარი) გეგმავდა. მას შემდეგ რაც ერვინ შრედინგერის წიგნი წაიკითხა (რა არის სიცოცხლე), ის დაინტერესდა იმით, თუ რით არის შექმნილი გენი. ეს იმ დროისთვის ბიოლოგიაში მთავარი შეკითხვა იყო.
ქრომოსომები — ცილებისა და დნმ-ის ნაზავი — ცნობილი იყო როგორც მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელი მოლეკულები. მეორე მხრივ, მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ სწორედ ცილები, რომლებიც 20 სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს შეიცავს, ამის უფრო შესაბამისი კანდიდატი იყო, ვიდრე დნმ (დნმ-ს მხოლოდ ოთხი ასეთი ნაწილი აქვს). 1944 წელს ჩატარებულმა ეივერის, მაკლეოდისა და მაკარტის ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელი სწორედ დნმ იყო — რის შემდეგაც მთელი ყურადღება მის შესწავლაზე გადავიდა.
ჯეიმზ უოტსონმა ზოოლოგიის დოქტორის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში 1950 წელს დაიცვა, რის შემდეგაც ერთი წელი კოპენჰაგენში ვირუსების შესწავლაში გაატარა. 1951 წელს, ერთ-ერთ კონფერენციაზე, მან გაიცნო ბიოფიზიკოსი მორის უილკინსი. უილკინსის მოხსენებისას, რომელიც დნმ-ის მოლეკულურ სტრუქტურას ეხებოდა, უოტსონმა პირველად იხილა დნმ-ის წინასწარი რენტგენოგრაფიული ფოტოები. სწორედ ამან უბიძგა მას უილკინსის კვალდაკვალ დნმ-ის სტრუქტურის ამოხსნაზე ემუშავა. იქ მან გაიცნო ფიზიკოსი, მოგვიანებით ბიოლოგად ქცეული ფრენსის კრიკი, რომელთანაც მაშინვე მჭიდრო სამეცნიერო კავშირი ჩამოუყალიბდა.
შუაში ჯეიმზ უოტსონი: მის მარცხნივ ფრენსის კირკი, ხოლო მარჯვნივ მორის უილკინსი.
ფოტო: AP Photo
მალევე, 1953 წელს, ჯეიმზ უოტსონმა და ფრენსის კრიკმა თავიანთ უდიდეს აღმოჩენაზე — დნმ-ის სტრუქტურაზე — სტატია ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. ამავე ნომერში კიდევ ორი სტატია გამოქვეყნდა დნმ-ის სტრუქტურაზე: ნაშრომის თანაავტორები იყვნენ უილკინსი და როზალინდა ფრანკლინი.
როზალინდა ფრანკლინმა დნმ-ის კრისტალების რენტგენოგრაფიული ფოტოები გადაიღო, რომლებიც დნმ-ის სტრუქტურის ამოხსნისთვის საჭირო მონაცემებს შეიცავდა. მისი შრომა იყო ის საფუძველი, რისი გამოყენებითაც 1962 წელს ჯეიმზ უოტსონს, ფრენსის კრიკსა და მორის უილკინსს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცათ.
ჯილდო და სადაო საკითხები
მიუხედავად იმისა, რომ უოტსონსა და კრიკს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ფრანკლინის მნიშვნელოვან რენტგენოგრაფიულ ფოტოებზე, მათ 1953 წელს Nature-ში გამოქვეყნებულ ცნობილ სტატიაში ფრანკლინის წვლილი არ ახსენეს. 1968 წელს, უოტსონმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენის გარემოებებს აღწერს; წიგნში ის ფრანკლინის წვლილს აკნინებს და დღევანდელი გადმოსახედიდან მას სექსისტურ ენაზე იხსენიებს. წიგნის ეპილოგში უოტსონი აღიარებს ფრანკლინის დამსახურებას, თუმცა აღმოჩენის გაკეთებაში მის როლს დიდად მაინც არ აღიარებს.
ისტორიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ფრანკლინის ღვაწლის ოფიციალურად არ აღიარების მიზეზი ნაშრომის არ გამოქვეყნებაშია. მეორე მხრივ, ფრანკლინის მონაცემების გამოყენება და მათი ოფიციალურ პუბლიკაციაში ჩართვა ავტორის მითითების ან ნებართვის გარეშე, ახლა არც ისე კარგ საქციელად აღიქმება. ბევრი ამის მიზეზს სექსიზმშიც ხედავს.
ნათელია, რომ როზალინდა ფრანკლინის წვლილი კრიტიკული და მნიშვნელოვანი იყო. ბევრს დნმ-ის აღმოჩენაში როზალინდას წვლილი არა ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე ზემოთ ხსენებული ნობელიანტების. მეორე მხრივ, ამ თემაზე თავად როზალინდას კომენტარი საჯაროდ არასდროს გაუკეთებია. ის 1958 წელს გარდაიცვალა, ბევრად ადრე, ვიდრე დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დებატები და ნობელის პრემიაზე საუბარი დაიწყებოდა.
მეცნიერების თანამშრომლობის მომავალი
როგორ შეიცვალა დამოკიდებულება უმცროსი კოლეგებისა და თანამშრომლების მიმართ უოტსონისა და კრიკის ნობელის პრემიის მინიჭებიდან რამდენიმე წლის შემდეგ?
ბევრ შემთხვევაში უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები, დამფინანსებელი სააგენტოები და რეცენზირებული ჟურნალები ამოქმედებენ პოლიტიკას, რომელიც გამჭვირვალედ განსაზღვრავს და აღიარებს ყველა მკვლევრის შრომასა და წვლილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა ყოველთვის სრულყოფილად არ მუშაობს, სამეცნიერო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა და დღეს უფრო გახსნილია.
არსებობს სპეციალური მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია ავტორებს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად. ამისთვის არის ჟურნალი Accountability in Research, რომელიც კვლევების პროცესში სამეცნიერო პასუხისმგებლობის მხარდამჭერია.
რაც შეეხება ჯეიმზ უოტსონს, დნმ-ის სტრუქტურის თანააღმომჩენის შემდეგ, ის ვირუსებს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა Cold Spring Harbor Laboratory-ს. როცა ადამიანის გენომის პროექტი თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო, უოტსონი მისი ხელმძღვანელი გახდა. მოგვიანებით მან ეს თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ადამიანის გენების პატენტის შექმნის იდეის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. უოტსონი ამის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ.
კომენტარები