შესაძლოა, მალე ნეიროქირურგიის ჩანაცვლება მკურნალობის ახალი მეთოდით გახდეს შესაძლებელი. ამისთვის, უბრალოდ, მკლავში გაკეთებული ერთი პატარა ინიექციაა საჭირო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა იპოვეს გზა, რომლითაც შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს.

მათ მიკროსკოპული ბიოელექტრონული მოწყობილობა შექმნეს. ის სისხლში შეჰყავთ, საიდანაც ტვინში თავისით ინერგება ისე, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი აღარაა. ამის შემდეგ ეს მოწყობილობა ენერგიით უსადენოდ მარაგდება, რითაც იგი ნეირონების ელექტროსტიმულაციას ახერხებს. ამას ისეთი დაავადებების მკურნალობის პოტენციალი აქვს, როგორებიც ალცჰაიმერი, სკლეროზი ან ტვინის სიმსივნეა.

ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში ამ მოწყობილობამ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გზა წარმატებით გაიკვლია და ტვინის სამიზნე რეგიონებამდე დამოუკიდებლად მიაღწია. იქ მან ლოკალიზებული სტიმულაციის მიწოდება მიკრომეტრული სიზუსტით შეძლო.

ტვინის იმპლანტანტის ოპერაციები ძალიან სარისკო და ძვირია, ახალ მიდგომას კი ამ პრობლემების აღმოფხვრის პოტენციალი აქვს: ეს მოწყობილობები ცოცხალ ბიოლოგიურ უჯრედებს ინიექციამდე ერწყმის, ამიტომ მათ იმუნური სისტემა არ გამოდევნის. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლისა და ტვინის ბარიერს ეს ჩიპები ბუნებრივად კვეთს.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოსაცდელად გუნდმა ტვინის ანთების მკურნალობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მათ ბიოჰიბრიდულ მოწყობილობებს ტვინისთვის ნეირომოდულაციის მიწოდება ისე შეუძლია, რომ გარშემო არსებული ნეირონები არ დაზიანდეს.

ინოვაციური იმპლანტანტები გარშემო არსებულ ნეირონებს არ აზიანებს.

ფოტო: MIT

აღნიშნული ჩიპები ზომით დაახლოებით ბრინჯის მარცვლის მემილიარდედია. ისინი მეტალებს შორის არსებული ორგანული ნახევარგამტარი პოლიმერული ფენებისგანაა დამზადებული; MIT-ის გუნდმა ნანოელექტრონიკის სიზუსტე და უჯრედების ბიოლოგიური ინტელექტი გააერთიანა — სწორედ ამაში მდგომარეობს მოწყობილობის ინოვაციურობა.

გუნდი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული ტექნოლოგია იმ დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენონ, რომელთა შემთხვევაშიც წამლები ან სხვა სტანდარტული მეთოდები უძლურია. MIT-ის ლაბორატორია ამ ინოვაციის კლინიკურად გამოცდას უახლოესი 3 წლის განმავლობაში გეგმავს. მეცნიერები ახალი თაობის იმპლანტანტების განვითარებაზეც მუშაობენ, რომლებსაც ჩაშენებული სენსორები, უკუკავშირის სისტემები და სინთეზური ელექტრონული ნეირონები ექნება.

კვლევა გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.