რამდენიმე ენაზე მოსაუბრე ადამიანები უფრო ნელა ბერდებიან? — ახალი კვლევა
ფოტო: Getty Images
მეცნიერებმა ევროპის 27 ქვეყანაში მცხოვრები 51-90 წლის ასაკის 86 149 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ ენაზე მოსაუბრეები სწრაფი დაბერების დაახლოებით ორჯერ მეტი რისკის წინაშე იყვნენ, რამდენიმე ენის მცოდნეებში კი ეს მაჩვენებელი განახევრებული იყო.
ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა ენის ცოდნა ნევროლოგიური სისხარტის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც კოგნიტიური და ფიზიოლოგიური უნარების შესუსტებას ეწინააღმდეგება. ცნობილია, რომ დაბერებაზე ასეთი ფაქტორები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, მაგალითად, ფიზიკური და სოციალური აქტიურობა. აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი არც რამდენიმე ენაზე საუბარია, თუმცა ეს კავშირი მკაფიო არაა; ამას შეიძლება ირიბი მიზეზები განაპირობებდეს, რადგან, სტატისტიკურად, მრავალენოვანი ადამიანები ჯანსაღად იკვებებიან ან სხვებთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებს ერთმანეთისგან არ გაუმიჯნავთ ის ადამიანები, რომლებიც უცხო ენას სკოლაში სწავლობდნენ, და ისინი, რომლებიც რამდენიმე ენის ფლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობდნენ. ავტორები ამბობენ, რომ რამდენიმე ენის ცოდნის დადებითი ეფექტი სხვადასხვა ფაქტორის მიუხედავად ნარჩუნდებოდა (ასაკი, ფიზიკური ჯანმრთელობა, გარემო, სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა).
კვლევის ეს შედეგები კარგი ამბავია ისეთი ქვეყნების მოსახლეობისთვის, სადაც ძირითადად ერთზე მეტ ენაზე საუბრობენ. საინტერესოა, რომ, მაგალითად, ინგლისურენოვანი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია) პოპულაცია სწრაფად ბერდება და მათში კოგნიტიური პრობლემებიც სჭარბობს.
"ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, რომ მსოფლიო პოპულაციის 50-70% ერთზე მეტ ენაზე საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორენოვნება და მრავალენოვნება საერთაშორისო მასშტაბებით ნორმაა. ამის მიუხედავად, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისი მშობლიური ენაც ინგლისურია (75%-მდე ერთენოვნები არიან), მხოლოდ ინგლისურად საუბრობს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Aging გამოქვეყნდა.
კომენტარები