მამაკაცებისთვის განკუთვნილი საცდელი კონტრაცეპტივი სათესლე ჯირკვლების გახურებით მოქმედებს
თაგვებზე გამოცდილი კონტრაცეპტივი წარმატებით მოქმედებს და გამოყენების შემდგომ მისი შედეგები შექცევადია.
ჩინეთის ნანტონგის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ახლახან დაასრულა მამაკაცების კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ახალი მიდგომის გამოცდა ცხოველებზე. თუმცა, მათ მიერ, კვლევის ფარგლებში გავლილი გზის შესახებ წაკითხვა არც ისე სასიამოვნო შეიძლება იყოს (ეს გაფრთხილებაა).
ჟურნალ Nano Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, ექსპერიმენტისას თაგვების სათესლეებში მაგნიტური ნანომასალები შეიყვანეს, სათესლე ჯირკვლებში არსებული ნაწილაკების სამართავად კი გარეგან მაგნიტებს იყენებდნენ, ხოლო შემდეგ სხვა მაგნიტურ ველს, რათა ჯირკვლები იმდენად გაეხურებინათ, რომ სპერმის გამოყოფა დროებით შეწყვეტილიყო.
შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მამაკაცების კონტრაცეფციის კუთხით ეს მიდგომა სხვა მცდელობებთან შედარებით ნაკლებად უსიამოვნოა, როგორც კვლევის ახალი პრესრელიზი ირწმუნება. სხვა ექსპერიმენტები გრძელვადიანი ეფექტისათვის უფრო მაღალ ტემპერატურებს იყენებდა, მაგრამ დამწვრობითი დაზიანებების მხრივ იყო სარისკო ან მტკივნეულ ინექციებს მოიცავდა პირდაპირ სათესლე ჯირკვლებში, ახალ ექსპერიმენტში კი ორივე იქნა თავიდან აცილებული.
ცდისას მკვლევრებმა წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც თაგვის ჯირკვლებში ჩანერგილი ნანომაგნიტები მხოლოდ 40 გრადუსამდე გაათბეს, რაც უდავოდ სითბოს შესამჩნევი რაოდენობაა და სხეულის ჩვეულებრივ ტემპერატურასთან შედარებით გაცილებით მეტიც, მაგრამ, მაინც უსაფრთხო. სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით, კანი პირველი ხარისხის დამწვრობას დაახლოებით 48 გრადუსზე იღებს, ამიტომაც გონივრულია ვივარაუდოთ, რომ გამთბარი მაგნიტები არაფერს დააზიანებს, რისი დაზიანებაც წინასწარ არ განგიზრახავთ.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, თითო ჯერზე ამ მიდგომის გამოყენება თვეების განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც მაგნიტური ნანომასალებით ინექცირებული თაგვების რეპროდუქციული ჯანმრთელობა თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდებოდა. თავიდან სიცხის საპასუხოდ თაგვის სათესლე ჯირკვლებმა ზომაში ოდნავ დაიკლო და ახალი სპერმის გამოყოფა შეწყვიტა. მიდგომის განხორციელებიდან 7 დღეში თაგვები სპერმატოზოიდების შემცველ სითხეს არ გამოყოფდნენ (მაგრამ ამ პერიოდში სქესობრივი კავშირის დამყარება შეეძლოთ, რადგან მიდგომა მხოლოდ სპერმატოზოიდების გამოყოფაზე ახდენს გავლენას), მაგრამ მე-60 დღიდან თითო მდედრზე 12 ნაშიერის შექმნა დაიწყეს, როგორც ნორმალურად ხდება ხოლმე.
ამის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როდესაც ოჯახის დაგეგმვას ეხება საქმე, მიდგომა, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა ადამიანებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი, ბირთვული ვარიანტისგან შორს იქნება. ვინაიდან იგი მოკლევადიანი მოქმედებისათვის დაიგეგმა და ბიოხრწნადი ნანომასალებიც დროსთან ერთად ქრება, როგორც ჩანს, 1-2 თვიანი კონტრაცეფციის გამოყენება სამომავლოდ გამრავლებაში ხელს არავის შეუშლის.
კომენტარები