გამოქვაბულში ნაპოვნი 64 800 წლის ნახატის ავტორები ნეანდერტალელები არიან — რას ნიშნავს ეს
ნეანდერტალელები არც ისეთი მარტივი და პრიმიტიული არსებები ყოფილან, როგორც წარმოგვედგინა. ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ნეანდერტალელებმა 60 000-ზე მეტი წლის წინ, ესპანეთში მღვიმის სტალაგმიტები მოხატეს.
2018 წლიდან მოყოლებული, როცა კუევა დე არდალესის სტალაგმიტზე აღმოჩენილი ჟანგმიწის პიგმენტი ჩვენს გადაშენებულ "ბიძაშვილებს" დაუკავშირეს, მკვლევრები პირველყოფილი ხელოვნების ვინაობის გარკვევას ცდილობდნენ.
დათარიღებისთვის ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნების ნიმუში ყველაზე ცოტა 64 800 წლისაა. ნახატის გამოსახვის დროს კი დედამიწაზე თანამედროვე ადამიანები არ ბინადრობდნენ.
აქამდე ეს დასკვნა სადავო იყო და ერთ-ერთ მეცნიერულ სტატიას თუ დავუჯერებდით, "შესაძლოა ეს პიგმენტები ბუნებრივი რამ არის" და რკინის ოქსიდის გამოყოფის შედეგია. ახალმა ანალიზმა გამოავლინა, რომ პიგმენტების შემადგენლობა და ადგილი ბუნებრივ პროცესებს არ შეესაბამება.
უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ პიგმენტების ტექსტურა გამოქვაბულებიდან აღებულ ნიმუშებისას არ ემთხვეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიგმენტები გამოქვაბულში გარეგანი წყაროს საშუალებით აღმოჩნდა.
უფრო დეტალურმა გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ პიგმენტები სხვადასხვა დროს არის დატანილი სტალაგმიტებზე, დაახლოებით 10 000 წლის ინტერვალით.
"ეს იმ ჰიპოთეზას უმაგრებს ზურგს, რომლის მიხედითაც ნეანდერტალელები [გამოქვაბულში] რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე მოვიდნენ რათა გამოქვაბული მოენიშნათ", — თქვა ფრანჩესკო დ'ერიკომ, ახალი კვლევის თანაავტორმა.
რთულია ნეანდერტალელების "ხელოვნების ნიმუშის" პრეისტორიული თანამედროვე ადამიანების კედლის მხატვრობასთან შედარება, როგორიც მაგალითად შოვე-პონტ დ'არკ-ის გამოქვაბულში, საფრანგეთში აღმოაჩინეს და 30 000-ზე მეტი წლის არის.
თუმცა ახალი აღმოჩენები იმის მტკიცებულებებს აჩენს, რომ ნეანდერტალელები, რომლებიც დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, არც ისეთი პრიმიტიული და უხეში არსებები იყვნენ, როგორც დიდი ხანია აღწერენ.
მკვლევრების გუნდი ხსნის, რომ ეს პიგმენტები სიტყვის ვიწრო გაგებით, "ხელოვნება" არაა, არამედ "გრაფიკული ქმედებების შედეგი, რომელიც სივრცისა და ტერიტორიის სიმბოლური მნიშვნელობის შენახვას ემსახურებოდა."
გამოქვაბულები "ფუნდამენტურ როლს თამაშობდნენ ზოგიერთი ნეანდერტალური თემების მიერ სიმბოლური სისტემების განვითარებაში", თუმცა ის თუ რას ნიშნავენ ეს სიმბოლოები, კვლავ საიდუმლოდ რჩება.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები