რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტ ლიუბოვ სობოლს წელიწადნახევრით გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს. მედუზას ცნობით, ბრალდების მხარე სობოლისთვის თავისუფლების ორწლიან შეზღუდვას ითხოვდა.

ბრალდების მხარის ვერსიით, სობოლი და სხვა ბრალდებულები ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, რომელიც მოსკოვში 2021 წლის 23 იანვარს გაიმართა და "ამით ხალხს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დარღვევისკენ უბიძგეს".

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სობოლს ეკრძალება: 22:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა, მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება, მოგზაურობა მოსკოვსა და მოსკოვს გარეთ. სობოლის ადვოკატ ვლადიმერ ვორონინის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.