ნახეთ ვიდეო: პირველად — ბუნებაში შიმპანზეების მიერ გორილების მკვლელობა დააფიქსირეს
მეცნიერებმა შიმპანზეების მიერ გორილებზე მომაკვდინებელი თავდასხის პირველი ფაქტი დააფიქსირეს.
გაბონი, ლოანგოს ნაციონალური პარკი შიმპანზეებისა და დასავლეთის დაბლობის გორილების საცხოვრებელი არეალია. 16 წლის განმავლობაში აქ აქტიურად მუშაობს ლოანგოს შიმპანზეების შემსწავლელი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ამ სახეობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს სწავლობენ. მკვლელობის ორი ფაქტის შესახებ კი ნაშრომი მათ ჟურნალ Nature-ში, 19 ივლისს გამოაქვეყნეს.
შიმპანზეები პრიმატებს შორის ყველაზე მებრძოლი მაიმუნები არიან. პროექტის არსებობის განმავლობაში ჯგუფი მხოლოდ შიდასახეობრივ დაპირისპირებებს ან უფრო მცირე ზომის ცხოველებზე თავდასხმას აკვირდებოდა.
"შიმპანზეებსა და გორილებს შორის ინტერაქცია აქამდე ნაკლებად შეიმჩნეოდა და მას აგრესიული სახე არასდროს ჰქონია", — ამბობს Osnabrück-ის უნივერსიტეტის პროფესორი, სიმონე პიკა.
სიმონე პიკა ყვება, რომ ის და მისი კოლეგები ამ ორ მონათესავე სახეობას დიდი ხანია აკვირდებიან და მათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულაც კი აქვთ.
ეს ყველაფერი ორი წლის წინ შეიცვალა, როცა ოსნაბრუკის დოქტორანტურის სტუდენტს, ლარა საუთერნსა და მის კოლეგებს დაკვირვების დროს ღრიალის ხმები შემოესმათ. ეს შიმპანზეების ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ჩხუბს ჰგავდა, თუმცა, როგორც ლარა საუთერნი ყვება, მათ მკერდზე ხელებისა და მუშტების ბრახუნიც შემოესმათ, რაც გორილებს ახასიათებს, მიახლოებისას კი გაირკვა, რომ შიმპანზეები თავს 5 გორილას დაესხნენ.
ბრძოლა 52 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 10 თვის შემდეგ, პროექტის წევრები კიდევ ერთ ასეთ ფაქტს შეესწრნენ, რომელიც კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა. პირველ შემთხვევაში აგრესია ორივე სახეობის მხრიდან მოდიოდა, მაშინ 27 შიმპანზე 5 გორილას წინააღმდეგ იყო, მომდევნო შემთხვევაში კი ამდენივე შიმპანზე 7 გორილას დაუპირისპირდა. მეორე შემთხვევაში შიმპანზეები ხეებიდანაც და ხმელეთიდანაც გაქცეული გორილების ჯგუფს მისდევდა.
ზრდასრულმა გორილებმა გაქცევა შეძლეს, თუმცა ორივე იციდენტის დროს, ახალშობილები ჯგუფსა და დედა გორილას ჩამორჩენ, შიმპანზეებმა კი ისინი უბრალოდ მოკლეს. პირველ ბრძოლაში სამი შიმპანზე დაშავდა, მეორეში კი არცერთი.
აქამდე ითვლებოდა, რომ დასავლეთ აფრიკის შიმპანზეები ნაკლებაგრესიულები იყვნენ, ვიდრე სახეობის აღმოსავლეთ აფრიკელი წარმომადგენლები, თუმცა ლარა საუთერნსმა IFLScience-ს განუცხადა, რომ ყოველწლიური სასიკვდილო თავდასხმების რიცხვი ამ რეგიონში ყველაზე მაღალია.
კვლევის ავტორებს აინტერესბთ, თუ რატომ მოხდა ეს შეტაკებები და რატომ კონკრეტულად ამ დროს. ორივე შეთმხვევა მაშინ აღიბეჭდა, როცა შიმპანზეები და გორილები საკვების მოპოვების გზაზე გადაიკვეთნენ. მაშინ, როცა მათ საკვების მოსაპოვებლად კვეთა არ უწევთ, ასეთი ამბებიც არ ხდება.
ავტორების მიხედვით, ის, რომ გაბონის ტყე კლიმატის ცვლილების გამო ნაკლებ ხილს გამოიმუშავებს, დამთხვევა არაა. მეორე შემთხვევის დროს შიმპანზეებმა მოკლული გორილის ნაშიერი შეჭამეს, თუმცა პირველი შემთხვევის დროს შიმპანზეებს გორილა საკვებად არ აღუქვიათ, ის უბრალოდ კონკურენციის გამო მოკლეს.
"ჩვენ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს ლოანგოს ტერიტორიაზე სახეობათშორისი კონკურენცია ამ ორ დიდ მაიმუნის სახეობას შორის", — ამბობს პიკა.
კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენთან ყველაზე ახლოსმდგომი ცოცხალი არსებების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით და მათი შესწავლა უნდა გაგრძელდეს, ხოლო ლოანგოს ნაციონალური პარკი ამისათვის იდეალური ადგილია.
კომენტარები