ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლოს სამი კვირის განმავლობაში ბავშვებში Covid-19-ით ინფიცირების 4 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავი 2-თან მან, ასევე, აღნიშნა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა იყო გარდაცვალების ორი შემთხვევაც.

"დელტა შტამი ცირკულირებს და ექსპერტების შეფასებით, დელტა შტამის გავრცელების სისწრაფე არის უფრო მაღალი და სწორედ ამან განაპირობა, სავარაუდოდ, ჩვენ შემთხვევაშიც ასეთი სწრაფი მატება ბოლო დღეებში ინფექციის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 000-მდე ინფიცირების შემთხვევა გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. საუბედუროდ, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ახალშობილებში", — განაცხადა გაბუნიამ.

21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 943, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის, 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,42%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 5,53%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 5,03%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.