რა თქვა ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე, სადაც კრიტიკული მედია არ მიიწვიეს
პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დღეს მახათას მთაზე იმყოფებოდა, სადაც "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა. როგორც აღმოჩნდა, კრიტიკულმა ტელევიზიებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა სხვა არხზე პირდაპირი ეთერი დაიწყო. ღონისძიების შესახებ შეტყობინება არ მიუღია არც ონლაინ მედიას.
გარდა უშუალოდ არმიწვევის ფაქტისა, მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის პრესსამსახურმა ეს დაადასტურა. მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ღარიბაშვილის აზრით, მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა "მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან". ამასთან, პრესსამსახურისვე განცხადებით, პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ამ სამმა ტელევიზიამ "გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ".
ღარიბაშვილმა დღეს სააკაშვილი არაერთხელ ახსენა იმ ღონისძიებაზეც, სადაც კრიტიკული მედია არ მიიწვიეს. ის გამოეხმაურა როგორც 5 ივლისის ძალადობას, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკას შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობის გამო. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედისა და POSTV-ის წარმომადგენლები.
მედია
ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი კითხვის დასმამდე დაიწყო. მისი თქმით, "ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი". პრემიერმინისტრის მტკიცებით, "ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ დგას სიმართლის მხარეს".
ის მედიის აქციას პოლიტიკურ აქტს უწოდებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებმა კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ხდება მისი სიკვდილით საზოგადოებაზე "სპეკულირება და მანიპულირება", რაც, მისივე თქმით, "ძალიან დიდი ამორალური საქციელია".
ჟურნალისტების კითხვას, ვინ სპეკულირებს, ღარიბაშვილი ტრადიციულად პასუხობს — მიხეილ სააკაშვილი და მისი "რადიკალური ჯგუფი", "ყველა, ვინც არის გაერთიანებული სმის გარშემო. თუმცა აშკარაა, რომ ამაში მედიასაც ადანაშაულებს, რადგან აცხადებს, რომ ჟურნალისტების ნაწილი პირდაპირ არის ჩაბმული "პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში. ღარიბაშვილის მტკიცებით, ეს პროტესტი აისახება მედია გარემოზე, მაგრამ ის აქვე დასძენს, რომ ეს ჩვენი, მედიის უფლებაა.
ის არაფერს ამბობს იმაზე, როგორ აისახება მედია გარემოზე ხელისუფლების თითქმის მუდმივი ბოიკოტი კრიტიკული მედიის მიმართ, მოძალადეების არდასჯა და პოლიციის უმოქმედობა, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. მიუხედავად ამისა, გვიმტკიცებს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ჟურნალისტებს "თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება" გვქონდეს. იმის მაგალითად, რომ საქართველოში "მედია თავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული", ის კვლავ ამბობს, რომ "სულ რაღაც ორი კვირის ფარგლებში" ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტელევიზია გახსნას.
"თანასწორუფლებიანი" დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ღარიბაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმების არშესრულების გამო ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკასაც უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მტკიცებით, შეთანხმება შეასრულეს, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია. აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ყვითლად არის მონიშნული ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს". მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებას პროცესი არ შეუჩერებია და ამაზე კრიტიკაც მიიღო.
ამ თემაზე საუბრისას ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ამაყობს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობით და პირადად ისიც გამოხატავს მადლიერებას ბოლო 30 წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის. თუმცა ხაზს უსვამს, რომ პარტნიორობა ეფუძნება "თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ" დამოკიდებულებას.
მან თქვა, რომ "სპეკულაციები" სანქციებთან დაკავშირებით, რაც არც უნდა, რომ გაიმეოროს, "პრორუსულ ნარატივს ემსახურება".
"ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების", — თქვა მან.
ღარიბაშვილს არ დაუმალავს უკმაყოფილება ქვეყნის მთავარი პარტნიორების კრიტიკის გამო და მეტიც, განაცხადა, რომ მას 2012 წლამდელი სასამართლოს მიმართ შენიშვნები არ მოუსმენია.
"ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც, ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით. 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. მე, სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და არ არის სამართლიანი".
მისივე მტკიცებით, ხელისუფლება აგრძელებს "ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში".
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი".
პრემიერმინისტრი გვარწმუნებს, რომ საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ევროკავშირის "ძალიან ბევრ ქვეყანას" უსწრებს და სვამს კითხვას:
"აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს?".
მისივე თქმით, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და "რაღაც გაუგებრობა შეიქმნას", მაგრამ ის პირობას იძლევა, რომ "ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება".
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ კრიტიკულ განცხადებებამდე, 2-3 კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი პირადად მას მადლობას უხდიდნენ "რეგიონში გაწეული ლიდერებისთვის და იმ ძალიან წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად".
ის "უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად" ამბობს, რომ გუშინ მოისმინა მათი კომენტარები, სადაც "პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა". უცნობია, რას გულისხმობს ღარიბაშვილი, მაგრამ ამბობს, რომ "ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში".
მას არც ამჯერად დაავიწყდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, დავით ბაქრაძის, გიორგი კანდელაკის და "სხვა გაუგებარი ადამიანების" დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს "ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი".
მთავარი პარტნიორების კრიტიკაზე საუბრისას მან რატომღაც ახსენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს "ქვეყნის ინტერესები და არაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა". მისი თქმით, პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ ინტერესზე საუბრობენ და ფიქრობენ და "მათ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან".
"რეალურად, ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს მოცემულობაა, რეალობაა, ჩვენ უნდა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას, მაგრამ უნდა შეცვალოთ", — თქვა მან.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 19 ივლისს, როცა საქართველოში შარლ მიშელი, ასევე, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ჩამოვლენ, იქნება კარგი შესაძლებლობა, "კიდევ ერთხელ გავცვალოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მიღწეული პროგრესი".
"ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში იგივე ევროასოცირების მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უამრავი სხვა რამ. თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით, მე პირადად, ჩვენს გუნდს, მთლიანად ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. გვაქვს პრეტენზია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული", — თქვა ღარიბაშვილმა.
მან შარლ მიშელს მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა იქვე "ყველას" შეახსენა, რომ "ოპოზიციის ნახევარზე მეტს, რა თქმა უნდა დესტრუქციული სააკაშვილის მეთაურობით და მისი პარტიის ლიდერობით, ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი ამ შეთანხმებაზე, რაც ყველაფერს სცემს პასუხს".
ამასთან, მან პარტნიორებს შეახსენა ისიც, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს "ამ შეთანხმების შესასრულებლად" და ასრულებს "ყველა ვალდებულებას".
"დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა", — დასძინა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა მიშელისგან კრიტიკულ მოსაზრებას, ღარიბაშვილი პასუხს კვლავ მეგობრობითა და პარტნიორობით იწყებს, ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ "ჩვენ ვარ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო".
"იცით რა არის, მეგობრებს შორის და პარტნიორებს შორის... მე ასე ვუყურებ — ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით და ა.შ. [...] თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები".
უცნობია, რატომ გაუსვა ხაზი ღარიბაშვილმა "ეროვნულ ინტერესებს" ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკაზე საუბრისას.
"მთავრობას სჭირდება თანადგომა"
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა დაგვიანებით შემოიტანეს, შემოტანის შემდეგაც რეგისტრაციის საიტი არაერთხელ გაითიშა და ანტივაქსერული კამპანიის წინააღმდეგ ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს, ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ საკმარისი ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი გააკეთეს. მან ინფიცირების შემთხვევების ზრდაზე ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, "მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, მილიონი ფაიზერის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა ფაიზერის ვაქცინებიც, მილიონი სინოფარმი და სინოვაკი, რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ფაიზერზე მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი სინოვაკი და სინოფარმი ჩამოვა საქართველოში".
მან, როგორც მშობელმა, მოსახლეობას მიმართა, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაიკეთონ აცრა.
"ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება", — თქვა მან.
ღარიბაშვილმა ისაუბრა ეკონომიკაზეც და თქვა, რომ "სწრაფი აღმავლობა დაიწყო". სავარაუდოდ, პრემიერმინისტრი აპრილისა და მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლბეზე საუბრობს. მართალია, ბოლო ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეებში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის მონაცემები დიდწილად ე.წ. საბაზისო ეფექტს უკავშირდებოდა, რადგან მიმდინარე წლის ეს მაჩვენებლები 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 13,5%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ეკონომიკური ვარდნა 6,2% იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ღარიბაშვილს ეს არ უხსენებია. მისი თქმით, "ბიზნესი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი", "ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში" და "სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია". მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა. თუმცა გვიმტკიცებს, რომ მოქალაქეებს კეთილდღეობის შეფერხება სურთ "რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს" და ალბათ არ იქნება მოულოდნელი, თუ გეტყვით, რომ ამ ძალებშიც ოპოზიციას გულისხმობს.
კომენტარები