დისტანციურად სწავლება მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისთვის არც ისე ეფექტიანია — კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებოდნენ, განიცდიდნენ როგორც სოციალურ, ასევე ემოციურ და აკადემიურ ჩამორჩენას იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებიც გაკვეთილებზე სკოლაში დადიოდნენ.
კვლევა მეცნიერებმა — ენჯელა დაქვორტმა, ტიმ კოცმა, ემი დეფნეტისმა, ემა სეტლოფ-ბედრიკმა, შონ ტალამესიმ, ბენიამინ ლირამ და ლორენს შტაინბერგმა ჟურნალ Educational Researcher-ში (ER) გამოაქვეყნეს. ER ამერიკის საგანმანათლებლო კვლევითი ასოციაციის რეცენზირებული ჟურნალია.
"ბევრი ისტორია მოვისმინეთ იმ თინეიჯერების შესახებ, რომლებიც პანდემიის დროს შფოთვით, დეპრესიით თუ სხვა ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდნენ. ეს კვლევა პირველ ემპირიულ მტკიცებულებას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს დისტანციური სწავლება მოსწავლეების კეთილდღეობაზე", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, Character Lab-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ენჯელა დაქვორტი.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც სკოლაში დადიოდნენ და რომლებიც დისტანციურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, არსებობს მზარდი განსხვავება მათი სოციალური, ემოციური და აკადემიური მდგომარეობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავებები შეინიშნებოდა გენდერის, რასის, ეთნიკურობისა თუ სოციოეკონომიკური სტატუსის განურჩევლად, აქედან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები მცირე ეფექტიც კი, როდესაც იგი მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას.
"აღსანიშნავია, რომ მზარდი განსხვავება უფრო მეტად შესამჩნევი იყო მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებში, ვიდრე მეცხრე კლასელებში", — ამბობს პროფესორი შტაინბერგი თემფლის უნივერსიტეტიდან.
კვლევის ავტორებმა, ფლორიდას შტატის Orange County Public Schools მიმდინარე კვლევითი პარტნიორობის ფარგლებში უკვე ჩაატარეს Character Lab Student Thriving Index კონფიდენციალური გამოკითხვა, რომლის მიზანიც სტუდენტების "მიმდინარე სოციალური, ემოციური და აკადემიური გამოცდილების შეფასებაა". გამოკითხვაზე მუშაობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო და მასში 6 500 ახალგაზრდა იყო ჩართული.
რამდენიმე თვის შემდეგ გუნდმა მონაწილეებს 2020-21 სასწავლო წლისთვის დისტანციურ ან სკოლაში სიარულით სწავლებას შორის შესთავაზეს არჩევანი. მოსწავლეთა 2/3 გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებოდა, 1/3 კი — სკოლაში. მიუხედავად იმისა, სახლიდან სწავლობდნენ ისინი თუ სკოლიდან, იგივე სტუდენტებმა Student Thriving Index კიდევ ერთხელ 2020 წლის ოქტომბერში გაიარეს.
გამოკითხვაში სოციალური კეთილდღეობის დადგენის ნაწილი მოიცავდა ისეთ კითხვებს, როგორებიცაა ის, თუ რამდენად კარგად ეგუებიან ისინი სკოლის გარემოს, არის თუ არა მათ სკოლაში ისეთი უფროსი ადამიანი, რომელსაც რჩევისთვის მიმართავენ, ან რომელიც მათგან ყოველთვის საუკეთესოს მოითხოვს. რაც შეეხება ემოციურ კეთილდღეობას, თინეიჯერებმა უპასუხეს კითხვებს, თუ რამდენად ხშირად გრძნობდნენ ისინი თავს ბედნიერად, დასვენებულად, რამდენად ხშირად არიან მოწყენილები და, ზოგადად, როგორ აღიქვამენ ცხოვრებას. აკადემიური კეთილდღეობის ნაწილში კი დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად საინტერესოდ მიიჩნევენ მოსწავლეები გაკვეთილებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მათ კარგად სწავლა და რამდენად სჯეროდათ, რომ ცდის შემთხვევაში ისინი ყველაფერს კარგად გაართმევდნენ თავს.
მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ 1-დან 100-მდე შკალაზე სკოლაში მოსიარულე მოსწავლეების სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელი 77,2-ია, ემოციური კეთილდღეობის — 57,4, აკადემიური მოსწრების კი — 78,4. იგივე მაჩვენებლები მეორე ჯგუფის სტუდენტებისთვის არის 74,8; 55,7 და 77,3 შესაბამისად.
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოსწავლეები არამხოლოდ ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ასევე იტანჯებიან, როგორც ადამიანები. მათი შინაგანი ფსიქოლოგიური საჭიროებების — სოციალური კავშირების, პოზიტიური ემოციებისა და ინტელექტუალური ჩართულობის დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ვეღარ მოიცდის", — ამბობს დაქვორტი.
კომენტარები