პაპანაქება სიცხეს თუ არ ჩავთვლით, წელს ზაფხულის დადგომა დიდად არ მიგრძნია: რთულია, ამ სეზონისთვის ტრადიციულ დასვენებაზე, გართობასა და თავგადასავლებზე იფიქრო, როცა პანდემია ისევ მძვინვარებს და ყოველ ახალ დღეს შესუსტებული, მაგრამ მაინც სადღაც გულის სიღრმეში მიმალული შიშით იწყებ.

საბედნიეროდ, ჩვენი შინაგანი განწყობებისა თუ გარეთ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ხელოვნება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ცოტა ხნით მძიმე ყოფა დავივიწყოთ და იქ აღმოვჩნდეთ, სადაც ბედნიერებას მეტად ვიგრძნობთ. აი, ისე, როგორც შუადღით თვალის მოტყუებისას დაღლას რომ მოიშორებ და ფიზიკურადაც თითქოს უფრო შემსუბუქდები.

ჩემი ზაფხული კინოთეატრში პიქსარის ახალი მულტფილმის ლუკა (Luca) ნახვით დაიწყო. მართალია, სეანსის დროს დარბაზში გაგრილების სისტემის გამო ლამის ყინავდა, მაგრამ დიდ ეკრანზე ამოწვერილ მზეს ლამის მეც პერსონაჟებით თვალებმოჭუტული ვუცქერდი, ზღვის ტალღების სიგრილეს ვგრძნობდი და ქვით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებში ველოსიპედით გაქროლებისას ნიავი მელამუნებოდა. ამ ანიმაციაში გაცოცხლებულმა სამყარომ ერთდროულად ბავშვობაში დამაბრუნა და ისეთი ზაფხული გამახსენა, როგორიც ძალიან მაკლდა.

ფოტო: Pixar

თუ ამ ზაფხულს ბევრი არაფერი გაქვთ დაგეგმილი ან უბრალოდ გინდათ, თუნდაც ცოტა ხნით დრო მართლა ისე გაატაროთ, როგორც ამ მცხუნვარე დღეებს შეეფერება, აუცილებლად უყურეთ ლუკას: უმჯობესია, კინოთეატრში — დიდ ეკრანზე ამ ანიმაციის ერთი შეხედვით წვრილმან, მაგრამ იდეალურად ნამუშევარ დეტალებს, ცხადია, უკეთ შეიგრძნობთ, მაგრამ შინაც შეგიძლიათ მიეფიცხოთ გამოგონილ ქალაქ პორტოროსოს ზღვის პირზე მზეს.

მართალია, მულტფილმის სიუჟეტი ფიქციურ ადგილას ვითარდება, მაგრამ ის მთლიანად იტალიითაა შთაგონებული: წარმოშობით იტალიელმა რეჟისორმა ენრიკო კასაროსამ ზღაპრული სამყარო სამშობლოს კულტურული ნიშნებით ფაქიზად და შთამბეჭდავად ააგო. ამის გამო, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, განსაკუთრებულად მოიხიბლება გარემოთი, ხოლო სხვებს, ვინ იცის, ამის შემდეგ იტალიაში მოგზაურობაც კი შეიძლება პირველად მოუნდეთ.

მთელი ამბის მომხიბვლელობასთან ერთად ლუკა სავსეა პატარ-პატარა საოცარი დეტალებით: იტალიურ აქცენტზე რომ აღარაფერი ვთქვათ (ფრაზებს "Silencio Bruno" და "Santa Mozzarella" მაშინვე აიკვიატებთ), ანიმეებისთვის დამახასიათებელი ნაირგვარი კერძების მადისაღმძვრელობის გამო ნერწყვი მოგადგებათ პირზე: ვაფლში აკოკოლავებული ჯელატოს ფერადი ბურთები გინდა, საზამთროს სველი ნაჭრები თუ სახლში მომზადებული ნამდვილი პასტა.

ფოტო: Pixar

ისტორიის მთავარი ხაზი მოზარდ ბიჭ ლუკაზე მოგვითხრობს, რომელიც ზღვის ქვეშ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას და მისნაირ არსებებს ადამიანები ზღვის ურჩხულებს უწოდებენ და უფრთხიან, მეტიც — მათზე ნადირობენ კიდეც. ამიტომაც ლუკას მშობლები მცირე ასაკიდან ასწავლიან, რომ ადამიანის სიახლოვეს არ უნდა აღმოჩნდეს და არასდროს დაენახოს მათ. მოკლედ, ადამიანები ზღვის ურჩხულებს მიიჩნევენ საშიშებად, ზღვის ურჩხულები კი — ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ლუკას მაინც უზომოდ უნდა, გაიგოს, რა ხდება წყლის ზევით, თავისი სამყაროსგან მოშორებით, ადამიანების გარემოში (ჰო, თუ არიელი გაგახსენდათ, სრულებით ლოგიკურადაც).

მალევე მიაღწევს კიდეც საწადელს: ამაში ახალგაცნობილი მეგობარი, თავისნაირი ზღვის ურჩხული, სახელად ალბერტო, დაეხმარება. ლუკა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ წყლიდან ამოსვლის შემდეგ ხმელეთზე, როცა სხეულზე წყალს შეიშრობს (უფრო გაბურძგნილი ცხოველივით ჩამოიფერთხავს), ისიც ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა. აქედან იწყება მათი აღმოჩენებით სავსე საერთო თავგადასავალი, რომელსაც თითქმის სულ ბოლომდე მსუბუქი კომიკურობა დაკრავს.

"პირველად ხარ ადამიანის სხეულში?", — ეკითხება ალბერტო ნაპირზე აფართხალებულ ლუკას, რომელიც ორ ფეხზე სიარულის სწავლას ცდილობს.

"რა თქმა უნდა. მე ხომ დამჯერი ბავშვი ვარ!", — უპასუხებს ლუკა.

ასე გახდებიან ლუკა და ალბერტო საუკეთესო მეგობრები, რამაც შეიძლება ბევრს ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის ურთიერთობაც მოაგონოს. თუმცა ისინი კიდევ ერთ გამორჩეულად მამაც და ერთგულ ამხანაგს, ამჯერად ადამიანს, ჯულიას შეიძენენ, რომელიც მთელი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია თავისი ჯიუტი და უშიშარი ბუნებით.

Luca

ფოტო: Pixar

ამ ანიმაციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობას: კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რა დიდი ძალა აქვს ახლობელი ადამიანების სიყვარულს, ერთმანეთის მხარდაჭერას და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებას. თუმცა ლუკა არც მეტაფორული მნიშვნელობებისგანაა დაცლილი: როგორც ანიმაციური სტუდია პიქსარის აქამდე ცნობილი სხვა ნამუშევრები, ისიც სავსეა ქვეტექსტებითა და ზღაპრული ისტორიის მიღმა დამალული სათქმელით.

ლუკას და ალბერტოს მეგობრობაში ბევრმა ქვიარობის ალეგორიაც დაინახა: მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა უარყო ეს თეორია, მაინც რთულია, ვერ შენიშნო რომანტიკული ელემენტები ამ ორ პერსონაჟს შორის. უფრო მეტად ეს მათი იდენტობის გამხელის შიშში ჩანს, როცა ისინი მუდმივად ცდილობენ, ადამიანებს დაუმალონ, რომ "ზღვის ურჩხულები" არიან, რაც ზუსტად შეესაბამება ქვიარ ადამიანების შფოთვას ქამინგ აუთთან დაკავშირებით.

ბევრმა ამის გამო პიქსარი / დისნეი გაკიცხა კიდეც: ირიბად მინიშნება რა საჭირო იყო, უკვე დროა, ღიად შეიქმნას ისტორიები სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე გმირების შესახებო, რაც ერთი მხრივ სწორიცაა, მაგრამ ამავდროულად ეს არ მგონია კონკრეტულად ამ მულტფილმის ნაკლი: ყველას შეგვიძლია, რომ ლუკა სხვადასხვაგვარად გავიგოთ, მაგალითად, თუნდაც ევროპაში ემიგრანტების პრობლემის სიმბოლოდ — ზღვის ურჩხულების მცდელობა, რომ ზღვიდან ადამიანების ქალაქში მოხვდნენ, სხვადასხვა ქვეყნიდან იმ მრავალ სასოწარკვეთილ ლტოლვილს მოგვაგონებს, რომლებიც ომსა თუ გაჭირვებას უკეთესი თავშესაფრის საძიებლად გამოექცნენ. როგორც ენრიკო კასაროსამ აღნიშნა, მას სურდა, ყველას თავისი "ზღვის ურჩხული" დაენახა და განსხვავებულობის, მრავალფეროვნების უვნებლობაში დარწმუნებულიყო.

ფოტო: Pixar

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ერთმანეთის მიმღებლობაა: სანამ ადამიანები გაიგებენ, რომ ზღვის ურჩხულები მათ გვერდით არიან, უშფოთველად და მშვიდად არიან, მეტიც, შესანიშნავად თანაცხოვრობენ მათთან. პრობლემას მხოლოდ სახელდება "ზღვის ურჩხული" და მასთან დაკავშირებული ადრინდელი ცრუ წარმოდგენები ქმნის. "ზღვის ურჩხულის" ნაცვლად შეგვიძლია, ჩვენც ნებისმიერი სხვა განსაზღვრება ჩავსვათ, იქნება ეს სხვადასხვა გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური კუთვნილება თუ ეთნიკური წარმომავლობა. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასე ვიქცევით: რაღაც სახელწოდებების ქვეშ ვაერთიანებთ სხვებს და ისე განვსჯით მათ, როცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორები არიან ისინი რეალურად.

ხოლო თუ უკეთ გავიცნობთ მათ, აღმოჩნდება, რომ ისინი არათუ ურჩხულები არიან, არამედ დიდად არც არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. და თუ რამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ეს მხოლოდ ჩვენი უნიკალურობის ნაწილია, რაც სხვას კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილებები ერთმანეთს გავუზიაროთ და ცხოვრების აღქმის სხვადასხვა პერსპექტივას გავეცნოთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ შორის სიძულვილისა და შიშის კედლები ავაგოთ.

შესაძლოა, პიქსარის ახალი ანიმაცია არ მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიაზე, უფრო კონკრეტულად გეი სიყვარულზე, მაგრამ მასში ნამდვილადაა გაცოცხლებული ქვიარ ამბავი: ქვიარობა თავის თავში ყველა იმ ადამიანს მოიცავს, რომელიც ნორმად მიჩნეულ ჩარჩოებში ვერ ექცევა და ამის გამო უთანასწორობისა და უსამართლობის მსხვერპლია. ლუკა გარიყულების ზღაპარია.

ფოტო: Pixar

ანიმაციაში არის ერთი ამაღელვებელი სცენა, როცა ლუკა პირველად გაიგებს ასტრონომიის შესახებ და კოსმოსის ინტერესი შეიპყრობს. მას იქამდე ადამიანების გაცნობა სურდა, ზღვიდან ხმელეთზე ამოვიდა კიდეც, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ამით არ სრულდება — სამყარო გაცილებით დიდია და კიდევ უამრავი საოცრებითაა სავსე. ხანდახან მართლა დაუჯერებელია, როგორ შეიძლება უსაფუძვლოდ ვხარჯავდეთ უამრავ დროსა და ენერგიას ერთმანეთის განსხვავებულობის ძიებაში, როცა ღამით ცაზე ვარსკვლავები დაგვკაშკაშებს და ყოველდღე გვახსენებს, რამდენად უსაზღვროა სამყარო და ჯერ კიდევ რამდენი რამ გვაქვს აღმოსაჩენი.