როგორი ხმა ჰქონდათ ნეანდერტალელებს?
ფოტო: Shutterstock
ნეანდერტალელები ადამიანთა გადაშენებულ სახეობას მიეკუთვნებიან, ამიტომ მათ შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, მათ შორის არც ის, თუ როგორი ხმა ჰქონდათ.
წლების წინ BBC-მ ვოკალის მასწავლებელ პეტსი როდენბურგთან ერთად ნეანდერტალელთა ხმოვანი ტრაქტის ფორმის მიხედვით მათ მიერ გამოცემული ბგერების აღდგენა სცადა. გაითვალისწინეს ისეთი ანატომიური თავისებურებებიც, როგორიც დიდი ნესტოები, ფართო ნეკნები და მძიმე თავის ქალაა. აქედან დაასკვნეს, რომ მათ მაღალი ტონალობის, ოდნავ მოგუდული ხმა ექნებოდათ, რომელიც მომღერალმა "გააცოცხლა".
ამის მიუხედავად, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ნეანდერტალელები განუვითარებელი "გამოქვაბულის ადამიანები" არ იყვნენ, არამედ საკმაოდ გონიერ და ემოციურად მგრძნობიარე სახეობას წარმოადგენდნენ. მათი ტვინის მიხედვით სავარაუდოა, რომ რთული მეტყველების ჩამოსაყალიბებლად საჭირო თვისებები მეტ-ნაკლებად ჰქონდათ.
2021 წელს ანთროპოლოგებმა ნეანდერტალელთა თავის ქალის ძვლების ციფრული რეკონსტრუქციები შექმნეს და დაადგინეს, რომ მათ მეტყველების აღქმისა და საუბრის უნარი გააჩნდათ. კვლევის თანახმად, ამ სახეობის სმენითი სიხშირის დიაპაზონი 4-5 კილოჰერცამდე უნდა ყოფილიყო, რაც თანამედროვე ჰომო საპიენსისას ჰგავს. ეს მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ნეანდერტალელებს ჩვენნაირი საკომუნიკაციო სისტემა ჰქონოდათ.
მეცნიერთა სხვა ჯგუფმა აღნიშნული საკითხი ანატომიის, გენეტიკის, კულტურის, კოგნიტიური მონაცემებისა და გარემოს გათვალისწინებით შეისწავლა. დაასკვნეს, რომ, სრულიად შესაძლებელია, ნეანდერტალელებს თითქმის ჩვენნაირი ხმა ჰქონოდათ. მოსალოდნელ სხვაობად ავტორებმა მეტყველების სტრუქტურული სირთულისა და ფუნქციური მოქნილობის ნაკლებობა დაასახელეს.
ზოგადად, ძნელი სათქმელია, როდის ჩამოყალიბდა ადამიანში რთული მეტყველება. ვარაუდები 50 000-დან 2 მილიონი წლის წინა პერიოდამდე მერყეობს, როცა ჰომოს გვარი განვითარდა. ნეანდერტალელები 400 000-40 0000 წლის წინ არსებობდნენ, ანუ, შესაძლებელია, მაშინ მეტყველება ჯერ გამოკვეთილი არც ყოფილიყო.
დღემდე მოღწეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ისინი ჩვენ საკმაოდ გვგავდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჯერჯერობით შეუძლებელია.
კომენტარები