ჩვენი ევოლუციის საჩვენებლად ხშირად გამოიყენება სურათი, რომელზეც მაიმუნის მსგავსი ცხოველი ბოლოს წელში გამართულ თანამედროვე ადამიანად იქცევა. თითქოს, ამით განვითარების პროცესი დავასრულეთ, მაგრამ, სინამდვილეში, ასე სულაც არაა — ევოლუციას საბოლოო წერტილი არ გააჩნია.

მეტიც: ახალი კვლევის მიხედვით, კაცობრიობა მნიშვნელოვან ევოლუციურ გარდაქმნას სწორედ ახლა განიცდის, რომელიც მანამდე განვლილი გზისგან საგრძნობლად განსხვავდება.

"ადამიანის ევოლუცია თითქოს მიმართულებას იცვლის. კულტურის მნიშვნელობა ნელ-ნელა იზრდება", — აცხადებენ ავტორები.

ამ პროცესში თუნდაც მცირე ცვლილებები გარდამტეხია, მაგალითად, ერთუჯრედიანი ორგანიზმის გარდასახვა მრავალუჯრედიან არსებად. მსგავსი რამ მოხდა იურულ პერიოდშიც, როცა დედამიწაზე ევსოსოციალური სახეობები გაჩნდნენ. ეს ცხოველთა სოციალური ორგანიზების უმაღლესი ფორმაა და ისეთ არსებებში ფიქსირდება, როგორიც ჭიანჭველები ან ტერმიტები არიან. მათში კოლონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ინდივიდი.

ასეთი ფენომენი ძუძუმწოვრებშიც გვხვდება. უკვე ათწლეულებია, მეცნიერები მსჯელობენ, მივეკუთვნებით თუ არა ამ კატეგორიას ჩვენც. ახალი ნაშრომის ავტორების აზრით, ამ მხრივ შუალედი გვიკავია და ინდივიდუალური ორგანიზმებიდან ნელ-ნელა კულტურულ ჯგუფებად გარდავიქმნებით, რომლებიც ე.წ. ზეორგანიზმებს ქმნის. ამის დასტურად ისინი ბოლო პანდემიას ასახელებენ, რომლის დროსაც "საყოველთაო იმუნური სისტემა" შევქმენით, რათა მსოფლიო საზოგადოება დაავადებისგან გადაგვერჩინა.

ცვლილების გზაზე

სპეციალისტების თქმით, ჩვენი "ნახევრადევსოსოციალურობა" ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რომელიც, სავარაუდოდ, მეურნეობის განვითარებით დაიწყო. ამან ადამიანთა საზოგადოებები შეაკავშირა და განატკიცა.

"კულტურული ორგანიზება ჯგუფებს უფრო კოოპერატიულსა და ეფექტიანს ხდის. დიდი და ბევრი შესაძლებლობის მქონე ჯგუფები კულტურული ცვლილების მეშვეობით ადაპტაციას ბევრად სწრაფად განიცდის. ეს საერთო დამხმარე სისტემაა და მონაცემები მიუთითებს, რომ ის ძლიერდება", — ამბობენ მეცნიერები.

წარსულს თუ დავაკვირდებით, მართლაც ასეა. ათიათასი წლის წინ საზოგადოება მოსავლის მოყვანით ძლიერდებოდა და ინდივიდების ჯანმრთელობასა თუ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ზრუნავდა, რათა მათ საკუთარი როლი შეესრულებინათ; ორიათასი წლის წინ უკვე ისეთი ინფრასტრუქტურა გვქონდა, როგორიც გზები და წყლის სისტემებია; ორასი წლის წინ პირველი ვაქცინები შევქმენით და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ; დღეს კი უკვე პერსონალიზებული გენური მოდიფიცირების ტექნოლოგიებზე ვმუშაობთ, რათა ჩვილები გენეტიკური დაავადებებისგან ვიხსნათ.

ეს ყველაფერი სწორედ კულტურული ევოლუციის დამსახურებაა.

"კულტურული ევოლუცია გენეტიკურ ევოლუციას საუზმეზე მიირთმევს. ის მასთან ახლოსაც ვერ მივა", — აცხადებენ ავტორები.

ამით მათ იმის თქმა სურთ, რომ კულტურული განვითარების გარეშე ბევრი ბუნებრივი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით, რომლებიც პირდაპირ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრებოდა. აქედან ასკვნიან, რომ "კულტურა პრობლემებს უკეთ უმკლავდება, ვიდრე გენეტიკური ევოლუცია".

"რა უფრო მნიშვნელოვანია: როგორი გენებით ვიბადებით, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ? დღესდღეობით ჩვენი კეთილდღეობა პირად ბიოლოგიურ მახასიათებლებზე სულ უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული და უფრო მეტად — გარშემო არსებულ კულტურულ სისტემებზე, როგორიც საზოგადოება, სახელმწიფო და ტექნოლოგიებია", — ამბობენ სპეციალისტები.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ კულტურულად მეტად განვითარებული ქვეყნები სხვებზე მორალურად აღმატებულები სულაც არ არიან. მათ მიაჩნიათ, რომ უარყოფითი შედეგები კულტურულ ევოლუციასაც შეიძლება ჰქონდეს და უკანასკნელი კვლევა სწორედ ამის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში BioScience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.