ბრაზილიაში იაგუარმა რეკორდულ მანძილზე გაცურა
ფოტო: Gabriel Caputo
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა იაგუარებში ცურვით დაფარული მანძილის რეკორდი აღწერეს. მათი ნაშრომი არარეფერირებად პლატფორმა bioRxiv-ზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ ცხოველმა 2.48 კილომეტრ დისტანციაზე გაცურა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება წინა დოკუმენტირებულ რეკორდს, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრი იყო.
იაგუარები წყალში მარტივად გადაადგილდებიან, რადგან ისეთ ჯუნგლებში ცხოვრობენ, სადაც ბევრი მდინარეა. ამის მიუხედავად, როგორც წესი, მათი ცურვა ხანმოკლეა და საკვების მოპოვებისთანავე სრულდება.
უკანასკნელი მონაცემები იაგუარების გასაოცარ შესაძლებლობას ცხადყოფს. საუბარია ხვადზე, რომელიც ფოტოხაფანგებმა პირველად 2020 წლის მაისში დააფიქსირა, როცა ის ბრაზილიის სერა-დე-მასას კაშხლის მახლობლად მოძრაობდა. მან სულ მცირე 1.27 კილომეტრი გაცურა, რათა ხელოვნურ წყალსატევში მდებარე პატარა კუნძულამდე მიეღწია.
4 წლის შემდეგ კამერებმა იქ იგივე იაგუარი გადაიღო. ეს მკვლევრებმა მის სხეულზე არსებული ლაქების მიხედვით დაასკვნეს. დისტანციის ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველს დანიშნულების ადგილამდე მისვლა ორი გზით შეეძლო. პირველი 1.07 კილომეტრის გაცურვას, მომცრო კუნძულზე შესვენებასა და შემდეგ დარჩენილი 1.2 კილომეტრის დაფარვას გულისხმობდა; მეორე შესვენების გარეშე 2.4 კილომეტრზე გაცურვას.
ორივე შემთხვევაში ეს ყველაზე დიდი გაცურული მანძილია, რომელიც იაგუარებში დაფიქსირებულა. მეცნიერებისთვის უცნობია, რამ აიძულა მას თავის ასე დატვირთვა, რადგან ამ რეგიონში საკვები ყველგან თანაბრად მოიპოვება. ფიქრობენ, რომ ცხოველმა უბრალოდ ახალი არეალის დათვალიერება გადაწყვიტა — სავარაუდოდ, შესაჯვარებლად მეწყვილის მოსაძებნად ან ახალი მსხვერპლის მოსახელთებლად.
ზოგადად, იაგუარები წყალზე ვიწრო გასასვლელებს არჩევენ, რათა დიდი ენერგია არ დახარჯონ. ამის მიუხედავად, მათი ძირითადი პოპულაცია ამაზონის აუზში ბინადრობს, სადაც მდინარეების სიგანე 1.6 კილომეტრს აღემატება. შესაბამისად, ამ სახეობაში მსგავსი მანძილის გაცურვა მოულოდნელი არაა.

კომენტარები