სექსი ბევრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რომანტიკული, სექსუალური კომპონენტის მომცველი, ურთიერთობები ბევრისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირებია ცხოვრებაში. მათ არაერთი სარგებელი მოაქვს როგორც ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც.

ამის მიუხედავად, სექსი ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ნაკლებ ადგილს იკავებს, ზოგი კი ამ აქტით არც არასდროს დაკავებულა. მეცნიერებმა მასშტაბური კვლევით შეისწავლეს განსხვავებები იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სექსი ჰქონიათ ან არასდროს ჰქონიათ. შენიშნეს, რომ უსექსობა სხვადასხვა გენეტიკურ, ფიზიკურ, ფსიქიკურ თუ გარემო ფაქტორთან არის დაკავშირებული, ბევრი რამ კი ჯერაც უცნობია.

მოდით, კვლევა და მისი მიგნებები მიმოვიხილოთ სტატიის მიხედვით, რომელიც ბრენდან ზიჩს, კვლევის თანაავტორსა და ქუინსლენდის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკუთვნის.

რას ემსახურებოდა კვლევა და როგორ ჩატარდა?

ზოგიერთ ადამიანს სექსი საერთოდ არ უნდება და მათ ხშირად "ასექსუალებად" მოვიხსენიებთ (არ იგულისხმება ლიბიდოს დაქვეითება). არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ ეს მოთხოვნილება, თუმცა შესაფერის პარტნიორს ვერ პოულობენ ანდა სურვილი არაა ორმხრივი. ასეთ შემთხვევაში მეტია რისკი, რომ ადამიანს მენტალური სირთულეები, მარტოობა, სოციალურ კონტექსტში სირცხვილი და ეკონომიკური პრობლემები (ვინმესთან თანაცხოვრება უფრო იაფია) შეაწუხებს. ისინი, ვინ ონლაინ "ინცელ" (არანებაყოფლობით ცელიბატი) კულტურებში არიან ჩართულნი, შეიძლება რადიკალიზაციის რისკის ქვეშაც აღმოჩნდნენ.

მსგავსი პრობლემების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, რომ უსექსო ადამიანების შესახებ მეტი გავიგოთ. თუ ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მახასიათებლებს შევისწავლით, შეიძლება უსექსობის მიზეზებსა და შედეგებზეც გავიგოთ. ეს შეიძლება სტრატეგიების შემუშავებაშიც გამოგვადგეს, რომლებიც ბარიერებს შეამცირებს და ადამიანებს დამაკმაყოფილებელი კავშირების დამყარებაში დაეხმარება.

მეტის გასაგებად მკვლევრებმა გაერთიანებული სამეფოს 400 ათასი მოქალაქის მონაცემები შეისწავლეს; მათი ასაკი 39-იდან 73-ამდე მერყეობდა. დამატებით გააანალიზეს ავსტრალიის 13 500 მოქალაქის — 18-89 წლამდე ასაკის — მონაცემებიც. აქედან ცალ-ცალკე ქალებისა და კაცების დაახლოებით 1%-ს სექსი არასოდეს ჰქონია.

მეცნიერებმა უსექსობის კავშირი შეისწავლეს სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებით, რომელთა შორისაა: გენები, სოციალური გარემო, ასევე ფიზიკური, პიროვნული, კოგნიტიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მახასიათებლები.

სქესთა თანაფარდობები და შემოსავლის სხვაობა

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ უსექსო კაცები ხშირად გაერთიანებული სამეფოს იმ რეგიონებში ცხოვრობდნენ, სადაც შედარებით ნაკლები ქალია. ქალებშიც და კაცებშიც უსექსობა უფრო ხშირი იყო იმ რეგიონებში, სადაც შემოსავალი მეტად არათანაბარია.

ეს მიგნებები წარსულში ჩატარებული კვლევის შედეგებს მიესადაგება, როცა მეცნიერებმა სოციალურ მედიაში "ინცელ" კულტურის პოსტები გააანალიზეს. დადგინდა, რომ ეს პოსტები უფრო ხშირად აშშ-ის იმ რეგიონებიდან მოდიოდა, სადაც შედარებით ნაკლები ქალია და შემოსავალი მეტად არათანაბარია.

კეთილდღეობა და სხვა ფაქტორები

მეცნიერებმა თვისებებს მიაკვლიეს, რომლებიც ხშირად ახასიათებდათ მათ, ვისაც სექსი არასოდეს ჰქონია.

უსექსო ადამიანები ხშირად უფრო ნერვიულები, მარტოსულები და ნაკლებად ბედნიერები იყვნენ. მათ ნაკლებად სტუმრობდნენ მეგობრები და ოჯახი. ამასთანავე, უფრო იშვიათად ჰყავდათ ვინმე, ვისაც მიენდობოდნენ და ნაკლებად სჯეროდათ, რომ ცხოვრებას აზრი აქვს.

ეს მიგნებები ადასტურებს, რომ სექსი და კეთილდღეობა ერთმანეთთან გარკვეულწილად კავშირშია.

მონაწილეები, რომელთაც სექსი არასოდეს ჰქონიათ, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ნაკლებად მოიხმარდნენ, უფრო განათლებულები იყვნენ და შედარებით პატარა ასაკიდან ჰქონდათ დაწყებული სათვალის გამოყენება.

სქესობრივი ცხოვრება უფრო იშვიათად ჰქონდათ დაწყებული კაცებს, რომელთაც შედარებით სუსტი მოჭიდება და მკლავებში უფრო მცირე კუნთოვანი მასა ჰქონდათ (ამ მაჩვენებლებს ზედატანის სიძლიერის შესაფასებლად იყენებენ). მსგავსი კორელაციები ქალების შემთხვევაში არ გამოვლინდა.

მიგნებები არსებულ სტერეოტიპებს შეესაბამება?

ადამიანები, რომელთაც სექსი არასოდეს ჰქონიათ, კვლევის ფარგლებში უფრო ხშირად ინტელექტუალურები იყვნენ და მეტი წარმატება ჰქონდათ აკადემიურ სფეროში; ამასთანავე, მათ ნაკლები ფიზიკური ძალა ჰქონდათ და უფრო ხშირად იყვნენ სოციალურად იზოლირებულნი. ეს თვისებები სტერეოტიპულად ასოცირდება ხოლმე რომანტიკულ სფეროში ნაკლებ წარმატებასთან, განსაკუთრებით მოზარდობაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლევაში თითქმის შუახნის ან უფრო ასაკოვანი ადამიანები მონაწილეობდნენ.

ამის მიუხედავად, ადრეულ ასაკში სათვალის ტარებამ და სხვა სტერეოტიპულად "ნერდულმა" თვისებებმა შეიძლება მოზარდებში რომანტიკული კავშირების დამყარებას შეუშალოს ხელი. ამან, შესაძლოა, ზრდასრულობაშიც იქონიოს გავლენა რომანტიკულ ასპექტებში ადამიანის თავდაჯერებაზე.

"უსექსობის გენი" არ გამოვლენილა

მკვლევრებს ყველა მონაწილის გენეტიკურ მონაცემებზეც მიუწვდებოდათ ხელი. შესაბამისად, შეძლეს გაეანალიზებინათ, იყო თუ არა კავშირში გენეტიკური განსხვავებები იმასთან, ჰქონია თუ არა მონაწილეს სექსი.

გუნდმა ე. წ. გენომის მასშტაბური ასოციაციის ანალიზი (GWAS) გამოიყენა. მათი მიგნებით, ჰქონია თუ არა ადამიანს სქესობრივი კონტაქტი, ამ განსხვავების 15%-ზე იყო გენები პასუხისმგებელი.

მეორე მხრივ, არ გამოვლენილა კონკრეტული გენები, რომელთაც დიდი ზეგავლენა ექნებოდა ამაზე. მიაგნეს მცირე ეფექტის მქონე ბევრ გენს.

კავშირები ინტელექტთან, ინტროვერსიასთან და სხვა თვისებებთან

გენეტიკური ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა გენეტიკური კორელაციების დაფიქსირებაც შეძლეს იმ თვისებებთან, რომლებზეც უკვე ჩატარებულა გენეტიკური ანალიზი (თუნდაც სხვადასხვა კვლევით). გენეტიკური კორელაცია ნიშნავს, რომ ერთ თვისებასთან დაკავშირებული გენები სხვა თვისებასთანაც არის კავშირში.

ამ გზით მეცნიერებმა არაერთი საინტერესო კავშირი გამოავლინეს უსექსობასა და სხვა მახასიათებლებთან.

ძლიერი დადებითი გენეტიკური კორელაცია შენიშნეს არამხოლოდ განათლებასთან, არამედ ინტელექტის გაზომილ მაჩვენებელთანაც. კორელაციები გამოვლინდა უფრო მაღალ შემოსავალსა და სოციოეკონომიკურ სტატუსს შორისაც.

უსექსობა ასევე დადებით გენეტიკურ კორელაციაში იყო ინტროვერსიასთან, აუტისტური სპექტრის აშლილობასთან და ნერვულ ანორექსიასთან. მეორე მხრივ, უარყოფითი გენეტიკური კორელაცია გამოვლინდა ნივთიერების ავადმოხმარების აშლილობების, დეპრესიის, შფოთვისა და ADHD-ის მიმართ.

ცნობისთვის: კორელაციის კონტექსტში "დადებითი" და "უარყოფითი" მხოლოდ კავშირის მიმართულებას აჩვენებს და არა "კარგ" ან "ცუდ" შედეგს. დადებითი კორელაცია ნიშნავს, რომ ერთი ფაქტორის სიხშირის ზრდასთან ერთად მეორე ფაქტორის სიხშირეც იზრდება; უარყოფითი კორელაციის შემთხვევაში პირიქითაა — ერთის სიხშირის ზრდისას მეორისა მცირდება.

კვლევით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ დავადგენთ

კვლევა კორელაციური იყო, ამიტომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მისი მიხედვით ვერ დავადგენთ — ვერ გავიგებთ, რა იწვევს გამოვლენილ კავშირებს. მაგალითად, სექსის არქონამ შეიძლება უბედურების განცდა გამოიწვიოს. ასევე, შეიძლება ამ განცდამ გაართულოს პარტნიორის მოძებნა. შეიძლება სულაც მესამე უცნობი ფაქტორი იწვევდეს უბედურების განცდასაც და პარტნიორის მოძებნის სირთულესაც.

გარდა ამისა, მონაწილეებს მხოლოდ ის ჰქონდათ ნათქვამი, ჰქონიათ თუ არა სექსი ოდესმე — და არა კონკრეტულად ის, ჰქონიათ თუ არა ოდესმე ამის სურვილი. შესაბამისად, შერჩევაში უსექსო ინდივიდების ნაწილი შეიძლება ასექსუალიც იყოს.

ამის მიუხედავად, შედეგების ნაწილი ასექსუალობით რთულად აიხსნება. მაგალითად, ამით ვერ იხსნება კავშირი, რომელიც ადგილობრივად კაცებისა და ქალების თანაფარდობასთან გამოვლინდა; ასევე უსექსობასთან უარყოფითი კორელაცია კაცის ფიზიკურ სიძლიერესთან. სავარაუდოდ, კვლევის შედეგებში ნებაყოფლობითი (ასექსუალობის შემთხვევაში) და უნებლიე უსექსობის შემთხვევებია შერეული.

იმისათვის, რომ მიზეზები და შედეგები ერთმანეთისგან უკეთ გაიმიჯნოს, უფრო დახვეწილი კვლევებია საჭირო მეტი მონაწილით.

ნაშრომი ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა 16 სექტემბერს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.