ექსპერიმენტული ტვინის იმპლანტი ტკივილს წარმოქმნის მომენტშივე აქრობს
ნიუ იორკის უნივერსიტეტის (NYU) მეცნიერებმა ექსპერიმენტული ტვინის იმპლანტი შექმნეს, რომელიც მომავალში თავის ტკივილის შეტევებს იქამდე შეაჩერებს, სანამ ამას ჩვენ ვიგრძნობთ. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნდა.
ადრეულ ექსპერიმენტულ ეტაპზე იმპლანტი ვირთხებზე გამოსცადეს. მას სამედიცინო გამოყენებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ აშორებს, თუმცა, ეს მაინც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ტკივილის მართვის საქმეში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იმპლანტს რეალურად შეუძლია მიღებული სიგნალის შეჩერება. აქამდე ტვინის იმპლანტებს შეტყობინებების გასაგზავნად ან რაიმე უკუპასუხის მისაღებად იყენებდნენ. მისი საშუალებით მაიმუნსაც კი მისცეს მხოლოდ გონების ძალით თამაშის შესაძლებლობა.
NYU-ის მეცნიერებმა კი შეძლეს სიგნალის გამოყენება ტკივილის პროგნოზირებისთვის და შემდეგ, მისი სხვა სისტემების საშუალებით ჩახშობა. შესაძლოა, ეს ლოგიკურად ჟღერდეს, თუმცა, ტვინში ამ იმპლანტის სწორად ამუშავება საკმაოდ რთულია.
გუნდმა ტვინის წინა სარტყლისებური ქერქი (anterior cingulate cortex — ACC), რეგიონში, რომელიც ტკივილის სიგნალებს ამუშავებს, ელექტროდები დაამატეს, ხოლო ტკივილის შესამსუბუქებლად მათ პრელიმბურ პრეფრონტალურ ქერქში (prelimbic prefrontal cortex — PFC) ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი ჩადგეს. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PFC რეგიონში ნეირონების გააქტიურება ამცირებს ტკივილის სიგნალებს როგორც ვირთხებში, ასევე პრიმატებშიც. როდესაც ACC იღებს ტკივილის სიგნალებს, იმპლანტი ოპტიკურ ბოჭკოს მიმართავს PFC რეგიონის ნეირონების გასააქტიურებლად. შემდეგ ხდება ტკივილის დაფიქსირება და მასთან გამკლავება რეალურ დროში.
თუმცა, საიდან ვიგებთ, იმპლანტი ვირთხებს ტკივილს უმსუბუქებს თუ არა? ამის გასარკვევად მკველვრებმა ვირთხებზე ისეთი მწვავე მექანიკური ტკივილით იმოქმედეს, როგორიცაა ჩხვლეტა თათებზე. ასეთ ზემოქმედებას დაუყოვნებელი პასუხი უნდა მოჰყოლოდა. მას შემდეგ, რაც ვირთხებს იმპლანტი შეუყვანეს, მათი პასუხი ჩხვლეტაზე 40%-ით დაგვიანებული აღმოჩნდა. მეცნიერებმა შემდეგ ვირთხებს ორ პატარა ოთახში გადაადგილების ნება დართეს. ერთში იმპლანტი მხოლოდ ტკივილის სტიმულზე რეაგირებდა, მეორეში კი იგი უბრალოდ შემთხვევით ირთვებოდა. ვირთხები პირველ ოთახში უფრო დიდ დროს ატარებდნენ, რაც მიანიშნებს, რომ მკურნალობამ იმუშავა.
ყველა სიკეთესთან ერთად, კვლევა მეცნიერებს ტკივილის მართვის ალტერნატიული მეთოდების დემონსტრირებაშიც დაეხმარა. მაგალითად, ოპიუმის პრეპარატების გრძელვადიან გამოყენებას შედეგად გამოწერილ წამლებზე დამოკიდებულება მოსდევს. "ვინაიდან მოწყობილობა მხოლოდ ტკივილის დროს აქტიურდება, იგი ამცირებს როგორც მისი ზედმეტი გამოყენების, ასევე მის მიმართ მდგრადობის გამომუშავების რისკს", — განაცხადა NYU-ის კლინიკური კვლევების ვიცე თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯინ უანმა. "ოპიუმის პრეპარატებისგან განსხვავებით, იმპლანტი ტკივილის შემსუბუქების ნაცვლად, ადამიანებისგან მსხვერპლს არ მოითხოვს და მინიმუმამდე დაჰყავს მასზე დამოკიდებულების რისკი", — დასძინა მან.
კომენტარები