რატომ არ უნდა გვეშინოდეს კოშმარების
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ კოშმარების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ხანდახან გადაჭარბებულია და მათგან სარგებლის მიღებაც კია შესაძლებელი: მაგალითად, ახალი მიგნებების საშუალებით ფსიქოლოგებმა სრულად შეცვალეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მკურნალობის მეთოდი.
როცა პანდემია განსაკუთრებულად მძვინვარებდა, უჩვეულო რამ მოხდა — ადამიანები უცნაურ სიზმრებს ნახულობდნენ. ეს ფენომენი ყველაზე მკვეთრად იმ ქვეყნებში შეინიშნებოდა, რომლებიც ვირუსმა ძალიან დააზარალა და მკაცრი საყოველთაო შეზღუდვების დაწესება გახდა საჭირო. იზოლაციაზე, საყვარელ ადამიანებსა და პირად ჯანმრთელობაზე შფოთვა მოულოდნელად სხვა ყოფითმა ფიქრებმა ჩაანაცვლა, რამაც ზოგიერთი ძალიან დააბნია.
ფრონტის ხაზზე მყოფი ხალხისთვის სიზმრები კოშმარებად გადაიქცა. 2021 წლის იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც ჩინეთის ქალაქ უხანში მომუშავე 114 ექიმი და 414 ექთანი იღებდა მონაწილეობას, ნათქვამია, რომ გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი ხშირად ხედავდა კოშმარებს.
კოშმარებმა იზოლაციისა და შეზღუდვების პერიოდში განსაკუთრებით იმატა ბავშვებში, ქალებსა და იმ ადამიანებში, ვისაც შფოთვები და დეპრესია ტანჯავს. თუმცა მათთვის, ვინც ტრავმის შედეგებს კარგად იცნობს, ეს ყველაფერი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.
კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის დოქტორანტის, რაშელ ჰოს თქმით, COVID-19-ის ფრონტზე მებრძოლთათვის, რომლებიც, მაგალითად, ექიმები და ექთნები იყვნენ უხანიდან, 2020 წელი "ქრონიკული სტრესის" პერიოდი იყო.
"ხანგრძლივი სტრესი, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობაზე იმოქმედა, საკმაოდ უჩვეულოა და მხოლოდ უახლესი ისტორიის ომებს თუ შევადარებთ", — ამბობს ჰო — "თუმცა ზოგადად ვიცით ისიც, რომ ქრონიკული სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კოგნიტურ ფუნქციაზე".
მუდმივი განსაცდელის შეგრძნებით მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად ხედავენ კოშმარებს. ღაზას სექტორში 10-დან 12 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათგან ნახევარზე მეტი საკმაოდ ხშირად, კვირაში ოთხჯერაც კი, უჩიოდა კოშმარებს. ჰოს თქმით, ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან, რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
მართალია, კოშმარები ასოციაციურად ხშირად მენტალურ დაავადებებს უკავშირდება, თუმცა ზოგიერთი მკაფიო სიზმარი განვლილი დღის ემოციების გადამუშავებაში გვეხმარება, ამბობს ტულსას უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, ჯოან დევისი. ტრავმირებულ პაციენტების მკურნალობას ძალიან ეხმარება იმის გაანალიზება, თუ რატომ იქცევა ცუდი სიზმრები კოშმარებად.
როგორ გვიცავს ცუდი სიზმრები გამოღვიძების შემდეგ
დევისის მსგავსი ფსიქოლოგები ცდილობენ, იპოვონ კავშირი ჩვენს სიზმრებსა და ფსიქოლოგიურ აშლილობებს შორის და განსაზღვრონ მათი როლი ჩვენი ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
როცა გვძინავს, განვლილი დღის მოგონებები მუშავდება და ხშირად გონება უფრო შორეული წარსულის ამბებსაც წმენდს მტვერს და ერთმანეთში ურევს. ჰგონიათ ხოლმე, რომ ეს ძილის მთელ პროცესში ხდება, თუმცა, რეალურად, სწრაფი თვალის მოძრაობის (REM) ფაზაში (ზუსტად გაღვიძებამდე ან ღრმად ჩაძინებისთანავე) ვამუშავებთ ყველაზე ემოციურ მოგონებებს. ეს ემოციურად დატვირთული მოგონებები შემდგომში ჩვენი სიზმრების საფუძველი ხდება.
ცუდ სიზმარს შეუძლია, გამოღვიძების შემდეგ ადამიანს დაეხმაროს კიდეც. ერთ-ერთი ჰიპოთეზა, სახელწოდებით ძილი დავიწყებისთვის, ძილი დამახსოვრებისთვის, ამბობს, რომ REM ძილის ფაზა აძლიერებს ემოციურ მოგონებებს, უსაფრთხოდ ინახავს მათ და ამას გარდა, ხელს უწყობს მსგავს მოვლენებზე ჩვენი რეაქციების შერბილებას. მაგალითად, თუ სამსახურში უფროსი გიყვირის და ღამით ამას სიზმარში ნახავ, შემდეგ ჯერზე, როცა უფროსს ნახავ, ნაკლებად შემოგაწვება ზედმეტი ემოციები.
საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს, რომ ჩვენი სიზმრები ჩვენსავე გრძნობებს გვაკონტროლებინებს, მაგრამ რა მტკიცებულებები არსებობს ამის დასადასტურებლად?
ძილის REM ფაზაში ტვინის ნაწილებიდან ჰიპოკამპუსი და ამიგდალა ყველაზე მკვეთრად აქტიურდება. ჰიპოკამპუსი მოგონებებს ალაგებს და ინახავს, ამიგდალა კი ემოციების დამუშავებაში გვეხმარება. ამან მკვლევრებს მისცა ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა, რომ მკვეთრი, ემოციური და დასამახსოვრებელი სიზმრები, რომლებსაც REM ფაზაში ვხედავთ, ჩვენი ტვინის მიერ მოგონებების შენახვას ან "ემოციური იარლიყების მოხსნას" ასახავს, ამბობს ჰო. ემოციური იარლიყის მოხსნის ანალოგია ფართოდ გამოიყენება ძილის ფსიქოლოგიაში.
ცუდი სიზმრის შემდეგ თავის ტვინის ის უბანი, რომელიც შიშის განცდისთვის გვამზადებს, უფრო ეფექტიანად მოქმედებს, თითქოს სიზმარმა გარკვეულ სიტუაციასთან გასამკლავებლად გაგვწვრთნაო. რაც უფრო მეტხანს განიცდიდა ადამიანი შიშს სიზმარში, შემდეგ უფრო ნაკლებად აქტიურდებოდა ტვინის ემოციური ცენტრები სტრესული სურათის ნახვისას (თუმცა ერთია, უკეთ მოემზადო სტრესული ფოტოების ნახვისთვის და მეორე — შენი უფროსის ყვირილისთვის).
შესაძლოა, ჩვენს ამიგდალას ინფორმაციის დამუშავების ეს დრო იმისთვის სჭირდება, რომ შემდეგ დღემდე ერთგვარად "გადაიტვირთოს". წინა დღის ემოციური ტვირთის ღამით მოშორება, შეიძლება, საშუალებას გვაძლევს, დილა ახალი საწყისი წერტილიდან დავიწყოთ. სტრესულ სამუშაო გარემოში მყოფი ადამიანების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი კორტიზოლის დონე (ჰორმონის, რომელიც სტრესს არეგულირებს) ყველაზე მაღალი დილითაა, რაც იმის ნიშანია, რომ სტრესს ადრიანად უფრო უკეთ ვუმკლავდებით. მართალია, კორტიზოლი სხეულის სულ სხვა ნაწილში გამოიყოფა, მაგრამ ამიგდალა სტრესული სიტუაციების ამოცნობას ცდილობს.
REM ფაზაში ჩვენი ტვინი თავის ისეთ ნაწილებში, როგორებიცაა ჰიპოკამპუსი, ამიგდალა და ნეოკორტექსი, წარმოქმნის დაბალი სიხშირის, ნელ თეტა ტალღებს (სიფხიზლეშიც წარმოიქმნება თეტა ტალღები, თუმცა უფრო მეტად REM ფაზისთვისაა დამახასიათებელი). ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც ზოგ მათგანს სტრესული სიტუაციები შეუქმნეს, აღმოაჩინა, რომ იმ ვირთხებს, რომლებსაც უსიამოვნო რამის გაკეთება მოუწიათ, REM-ის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ და მთელი ძილის განმავლობაში თეტა ტალღების რაოდენობაც გაიზარდა.
პარიზის École Normale Supérieure-ის ბიოლოგიის ინსტიტუტის ნეირომეცნიერმა და სტრესის გამომწვევი ფაქტორების ერთ-ერთი კვლევის ავტორმა, დანიელა პოპამ აღმოაჩინა, რომ ტვინის ის უბნები, რომლებიც სიზმარში ემოციური მოვლენების დამუშავების პროცესშია ჩართული, მაშინაც აქტიურდება, როცა ვირთხები იმავე სტრესორს უკვე სიფხიზლეში უმკლავდებოდნენ. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ REM ფაზა და თეტა ტალღები ცალსახად მონაწილეობს უარყოფითი მოგონებების ხანგრძლივ შენახვასა და დამუშავებაში. თუმცა პოპა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ რთულია ვირთხების ემოციურ მეხსიერებაზე მსჯელობა, რადგან არ ვიცით, თუ რაზე ფიქრობენ ისინი სინამდვილეში.
როგორ უმკლავდები კოშმარებს?
ერთია უცნაური, თუმცა სასარგებლო სიზმრის ნახვა და მეორე — ქრონიკული კოშმარები. "კოშმარებთან ერთად გაჭედილობის განცდა ჩნდება. თქვენს ტვინს შესაძლოა სურდეს ამ ემოციური მოვლენის დამუშავება, თუმცა ის იჭედება, რადგან შუა გზაში იღვიძებთ და პროცესი ბოლომდე ვეღარ მიდის", — ამბობს დევისი.
"როცა კოშმარებს ხშირად ნახულობ, ისინი ერთგვარ ჩვევად იქცევა. იმის გამო, რომ კოშმარები თავიდან აიცილო, შეიძლება, ძილზეც კი უარი თქვა ან ეცადო, რაც შეიძლება სწრაფად დაიძინო — ასე მათთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობ", — ამბობს დევისი და ასევე იმასაც ამატებს, რომ ზოგიერთი პაციენტი ათწლეულების განმავლობაში იტანჯება ქრონიკული კოშმარებით, სანამ დახმარებას ითხოვენ.
როგორც კლინიკური ფსიქოლოგი, დევისი ისეთ ტრავმირებულ პაციენტებს, როგორებიც ვეტერანები, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები, ბავშვები ან ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები არიან, გამხელის, მოდუნებისა და გადაწერის თერაპიის (ERRT) გამოყენებით მკურნალობს. ERRT-ის დროს პაციენტი წერს მის კოშმარს ზუსტად ისე, როგორც ახსოვს (გამხელა კარგად მოქმედებს განსაკუთრებით მათზე, ვისაც შფოთვა აწუხებს) ან კოშმარის ახალ დასასრულს წერს (გადაწერა).
გადაწერა არ გულისხმობს იმას, რომ პაციენტი კოშმარს ახალი დასასრულით ნახავს. "სინამდვილეში, რაც ხდება, ისაა, რომ კოშმარებს აღარ ნახულობენ ან ისევ ნახულობენ, თუმცა აღარაა ისეთი მძაფრი ან ბუნდოვანი. შემდეგ სიხშირე ნელ-ნელა იკლებს და საბოლოოდ, ქრება. დღის განმავლობაში პრობლემაზე მუშაობა ღამით პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს", — ამბობს დევისი.
დევისი აცნობიერებს, რომ კოშმარებთან გამკლავება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე მისი განხილვა დიდი პრობლემის ერთ-ერთ სიმპტომად. "სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ჩვენს სფეროში კოშმარები PTSD-ის სიმპტომად მიიჩნეოდა, თუმცა, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, კოშმარების პარადიგმა შეიცვალა, როგორც მრავალი პრობლემის მახასიათებელი. თუ კოშმარებს გაუმკლავდები, სხვა რამეებთან გამკლავებასაც შეძლებ (როგორებიცაა დეპრესია და ნარკოდამოკიდებულება)".
დევისი ამბობს, რომ კოშმარები სამომავლო პრობლემების ადრეულ მაჩვენებლად უნდა აღვიქვათ. ემოციურ სიზმრებს მნიშვნელოვანი მოვლენების მომდევნო ღამით ან ზოგჯერ ხუთიდან შვიდ დღემდე პერიოდში ვნახულობთ. კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი პენი ლუისი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიმახსოვრებთ მოვლენებს მოხდენისთანავე, თუმცა არსებობს "სიზმრის ჩამორჩენა", რა დროსაც საქმე მოვლენების უფრო ღრმა და პირად მნიშვნელობას ეხება.
ქრონიკული კოშმარებით გატანჯულებისთვის იმის სწავლება, როგორ უნდა აკონტროლონ კოშმარები გააზრებული სიზმრის დახმარებით, როგორც ჩანს, ამ პრობლემის სიხშირესაც ამცირებს. ამგვარ მკურნალობას წარმოსახვითი რეპეტიციის თერაპიას (IRT) უწოდებენ და მცირე ჯგუფებში წარმატებით იყენებენ, თუმცა ამ კონკრეტული კვლევის მკვლევრები ცხადად ვერ წარმოგვიდგენენ, როგორ მუშაობს ის და კვლევები ხშირად არაბუნებრივია. ყველა შემთხვევაში, ამგვარი მკურნალობის მიზანი გზების ძიებაა, რაც პაციენტებს ძილში დაეხმარება და მათ ტვინს დასვენების საშუალებას მისცემს კოგნიტური ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოშმარების გააზრება და მათთან გამკლავების მეთოდები საგრძნობლად გაუმჯობესდა, კორონავირუსის პანდემიის გამო მკაცრმა შეზღუდვებმა ახალი გამოწვევები გაუჩინა ადამიანებს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყვნენ.
საფრანგეთში პაციენტების მცირე გამოკითხვისას, რომლებმაც IRT გაიარეს კოშმარებთან გასამკლავებლად, აღმოჩნდა, რომ COVID-19 პანდემიამ ორ მესამედში რეციდივი გამოიწვია. ამ პაციენტებმა წარმატებით შეამცირეს კოშმარების შემთხვევები თერაპიის გამოყენებით (ყოველღამეული ტანჯვიდან მათი კოშმარების რაოდენობა კვირაში საშუალოდ ორამდე შემცირდა), თუმცა 2020 წელს, თერაპიის ჩატარებიდან ოთხი წლის შემდეგ, უმეტესობა აღნიშნავდა, რომ თვეში საშუალოდ 19 კოშმარს ნახულობდა.
ლიონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ბენჟამინ პუტოისი და მისი კვლევის თანაავტორები ქეროლაინ სიერო და ვენდი ლესლი წერენ, რომ კრიზისის დროს "კოშმარების გაზრდილი სიხშირე შეიძლება არა მხოლოდ ტრავმული მოგონებების ხელახლა გაცოცხლებაზე მიუთითებდეს, არამედ ასევე ემოციური სტაბილურობის საჭიროების გაზრდაზე“.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა სიზმარში ცუდ სიზმარს ნახავთ, იფიქრეთ, რომ ეს თქვენი ტვინის მეთოდია ემოციების მოსაწესრიგებლად და განვლილი დღის სტრესთან გასამკლავებლად. დევისი ამბობს, რომ თქვენ მხოლოდ მაშინ უნდა აღელდეთ, თუ კოშმარები რეგულარულად გრძელდება და უკვე ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. უმეტესობისთვის უცნაური ცუდი სიზმრები, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.
კომენტარები