ახალი კვლევა მიანიშნებს, რომ ადამიანებს ბავშვების გაჩენა მარსზეც შეუძლიათ
ადამიანები დიდი ხანია მარსზე სიცოცხლის კვალს ეძებენ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მათ თავადვე შეუძლიათ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენა. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძუძუმწოვრის სპერმა, სავარაუდოდ, მარსის პირობებსაც გაუძლებს ასობით წლის მანძილზე. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანები მომავალში წითელ პლანეტაზეც შეძლებენ რეპროდუქციას.
"ეს აღმოჩენა ადამიანის მომავალ კოსმოსურ მისიებში წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", — განუცხადა Daily Mail-ს კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორმა საიაკა ვაკაიამამ, იაპონიის იამანაშის უნივერსიტეტის მეცნიერმა.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს კოსმოსის რადიაციის ეფექტი ადამიანის სპერმაზე ჯერ არ შეუსწავლიათ. ნაცვლად ამისა, მეცნიერები დააკვირდნენ რადიაციის გავლენას თაგვების სპერმის ნიმუშებზე, რომლებიც მშრალად გაყინეს და რომელსაც 6 წლის მანძილზე ინახავდნენ ISS-ზე.
ასევე იხილეთ: თაგვის სპერმით, რომელმაც კოსმოსში 6 წელი გაატარა, 8 ჯანმრთელი ნაშიერი გაჩნდა
აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კოსმოსური რადიაცია სპერმას გაანადგურებდა და შედეგად, შეუძლებელს გახდიდა იქ გამრავლებას — ან, საერთოდ კიბოს გამოიწვევდა.
ახალმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ თაგვების რეპროდუქციული სითხე ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობიდან აბსოლუტურად ჯანსაღი დაბრუნდა. შემდეგ, დედამიწაზე, ნიმუშებს რენტგენის სხივები დაასხივეს და მათ ნაყოფიერებაზე ამასაც არ უმოქმედია. მკვლევართა გუნდის შეფასებით, მშრალად გაყინული ნიმუში ISS-ზე 200 წლამდე გაძლებდა.
Science Times-ის მიხედვით, ეს აღმოჩენა შესაძლოა წინ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს წარმოადგენდეს ადამიანის პლანეტათაშორისი სიცოცხლის ფორმად ქცევის საქმეში.
"როდესაც სხვა პლანეტებზე მიგრაციის დრო მოვა, დაგვჭირდება არამხოლოდ ადამიანების, ასევე შინაური ცხოველების გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების შენარჩუნება", — თქვა ვაკაიამამ.
ბოლოს კი, სპერმა ერთადერთი რამ არაა, რაც კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდით ცხოვრებას გადაურჩება. ტარდიგრადები — იგივე წყლის დათვები, 30 წლის მანძილზე ძლებენ საკვების გარეშე, უძლებენ 302 გრადუს ფარენჰეიტ ტემპერატურას და სხვა ესტრემალურ პირობებს. მათი უნიკალური რეზისტენტულობიდან გამომდინარე, მეცნიერები იკვლევენ, შეძლებენ თუ არა ეს მიკროსკოპული სუპერგმირები სხვა პლანეტის გარემოსთან შეგუებას.
კომენტარები