სტარტაპების ბუმი საქართველოში - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ახალი ბიზნესისთვის?
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემი მეგობრები სტაბილურ და გარანტირებულ სამსახურებს ტოვებდნენ, რათა თავით გადაშვებულიყვნენ საკუთარ ბიზნესში - სიტყვა სტარტაპერი ასე აქტიურად არ გამოიყენებოდა. მათ უბრალოდ თავზეხელაღებულებს უწოდებდნენ. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა იმ თავზეხელაღებულებიდან ზოგიერთი საკმაოდ წარმატებული და სწრაფად განვითარებადი კომპანიის დამფუძნებელია.
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, სტარტაპების ბუმია. ახალი კომპანიები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იქმნება და ყოველდღიურად გვესმის, რომ გაჩნდა სერვისი ან პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, სტარტაპ ბიზნესისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. დიდი ქვეყნების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ბიზნესი ვერასდროს გავიდეს ლოკალური სივრციდან. ამის საპირისპიროდ, პატარა ქვეყნებში 1 ადამიანზე სტარტაპების პროცენტული თანაფარდობა 2-3-ჯერ მაღალია და დამფუძნებლებმა თავიდანვე იციან, რომ განვითარებისთვის ქვეყნის საზღვრებს უნდა გასცდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველო სტარტაპ ბიზნესის დაწყებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თუმცა სტარტაპერების წინაშე კვლავაც ბევრი გამოწვევაა.
სტარტაპი შედარებით რისკიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს და მისთვის დაფინანსების მოპოვება რთული საქმეა. საზღვარგარეთ არსებობს კერძო სტარტაპ "გენერატორები", რომელთა მეშვეობითაც დამწყები ბიზნესმენები დაინტერესებულ პირებსა და ინვესტორებს საკუთარ პროექტებს აცნობენ, შედეგად კი მათი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იღებენ. ასევე არსებობს ვებგვერდები, რომელთა მეშვეობითაც ინოვატორებს კაპიტალის მოზიდვის საშუალება ეძლევათ. სტარტაპ ბიზნესების ხელშეწყობა და ბაზარზე მათი პოზიციონირება ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის წინსვლისა და ფორმირების არეალს ზრდის. იმისთვის, რომ ცხელი წერტილი გახდე სტარტაპების რუკაზე, გონივრული და სტაბილური ხელშეწყობაა საჭირო, თუმცა რესურსი, რომელსაც ახალგაზრდა ბიზნესები საჭიროებენ, ყოველთვის ფინანსური არაა. ტრენინგები და კონსულტაციები მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტს, სტარტაპ მეგობრულს შეუერთდა. 28 თებერვალს ბანკმა ახალი პროგრამა წარადგინა, რომლის მიზანიც ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობაა. სპეციალურად ამ პროგრამისთვის შეიქმნა პორტალი Startuperi.ge, რომელიც ახალგაზრდა ბიზნესმენებს ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას გაუადვილებს.
მხარდაჭერის პროგრამა სამი მთავარი პუნქტისგან შედგება:
- ხელმისაწვდომი საოპერაციო პროდუქტები და სპეციალური სესხი
- ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები გამოცდილ პროფესიონალებთან
- ვორქშოპები და თემატური ღონისძიებები
სესხზე განაცხადის გაკეთება ან სასურველ ტრენინგზე რეგისტრაცია პირდაპირ საიტიდანვე არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრენინგებს წარუძღვებიან ერთ დროს თავად სტარტაპერები - ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან დამწყები ბიზნესისთვის არსებული კონკრეტული სირთულეები და მათი დაძლევის გზები.
კომპანია ლემონდოს დამფუძნებელი ლევან კილაძე სტარტაპერებს სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. ის ამბობს, რომ მიუხედავად გარკვეული გამოცდილებისა და კომპანიის წარმატებისა, საკუთარ თავს მაინც სტარტაპერად აღიქვამს. ეს სტატუსი გამბედაობასთან და ძიებასთან არის დაკავშირებული, რაც ბიზნესისთვის ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია.
ალტერსოქსი, მხიარული და ფერადი წინდების კომპანია 2016 წლის მარტში გამოჩნდა ბაზარზე. მის სულისჩამდგმელებს, რეზისა და ნინას გამოცდილება უკვე ჰქონდათ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში და ძალიან უნდოდათ საკუთარი ბრენდი შეექმნათ. მრავალი ფიქრისა და გვერდზე გადადებული იდეის შემდგომ ორიგინალურ წინდებზე შეჯერდნენ.
"რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესმენს, ჩვენც უნდა მოგვეძიებინა ფინანსური სახსრები, - ამბობს რეზი, - საბედნიეროდ, მცირე დანაზოგი გვქონდა, რომელიც საკმარისი იყო პირველი ფილიალის გასახსნელად. ვფიქრობ, არსებული ბიზნესები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მომავალში და ამიტომ არის მათი მხარდაჭერა საჭირო, როგორც ფინანსებით, ასევე ტრენინგებით. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული პროგრამა არსებობს. მე პირადად აუცილებლად ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და დავესწრები ტრენინგებს, თუნდაც იმ სფეროში, რაშიც გამოცდილება უკვე მაქვს. ცოდნის გაღრმავება წარმატებული სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია".
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი აღნიშნავს, რომ პლატფორმა არსებული სტარტაპების პოპულარიზაციას ყველა ხერხით ეცდება. შარშან თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის უამრავი პიარ-აქტივობა განხორციელდა, წელს კი დაჯილდოების ყურადღების ცენტრში სწორედ სტარტაპები მოექცევიან. დაჯილდოებას დაემატება სპეციალური ნომინაციაც, წლის სტარტაპერი.
პლატფორმაზე სტარტაპების მუდმივად განახლებად კატალოგსაც ნახავთ. შეგხვდებათ უკვე ნაცნობი ბიზნესები: sadili.ge, რომელიც მომხმარებლებს ჯანსაღი და გემრიელი საკვებით ამარაგებს, ფოტობეჭდვის აპარატი ფოტორატორი, ქეთევან საქარელის საავტორო დიზაინით შექმნილი სამკაულები და ა.შ. მომავალში კი ეს სია უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ფაქტია, რომ სტარტაპები ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიურ და სწრაფად მზარდ ნაწილს წარმოადგენენ. დღევანდელი მხარდაჭერის შედეგს კი ალბათ სულ ცოტა ხნის შემდეგ ვიხილავთ.
კომენტარები