ღრმა კოსმოსში სიცოცხლის ინგრედიენტი აღმოაჩინეს — მოლეკულა, რომელიც ადამიანის უჯრედში გვხვდება
ჩვენი უჯრედის მემბრანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულა სახელად ეთანოლამინი ღრმა კოსმოსში, ჩვენგან 100 000 სინათლის წელიწადის დაშორებით აღმოაჩინეს.
ესპანელმა ასტრონომებმა მოლეკულის სპექტრული ხელწერა ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს დააფიქსირეს, ამისათვის კი IRAM და Yerkes ტელესკოპების მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ მეცნიერები რამდენიმე დღის წინ, National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბრობდნენ. დედამიწიდან 100 000 სინათლის წელიწადით დაშორებულ ამ მოლეკულურ ღრუბელს G+0.693-0.027 შეარქვეს.
ვიქტორ რივილა, Cientíıficas–Instituto Nacional de Tecnica Aeroespacial-ის ასტრონომი და მისი კოლეგები, რომელთაც ეს კვლევა ეკუთვნით, G+0.693-0.027-ს "ქიმიურად მოლეკულებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ საცავად" მოიხსენიებენ გალაქტიკაში.
"ეთანოლამინის (NH2CH2CH2OH) ვარსკლავთაშორის მედიუმში, მოლეკულურ ღრუბელში აღმოჩენა ადასტურებს, რომ ფოსფოლიპიდების წინამორბედი ეფექტიანად წარმოიქმნება ვარსკვლავთშორისი ქიმიის დახმარებით. ამრიგად, ეთანოლამინის გადატანა შეიძლებოდა პროტო-მზის ნისლეულიდან პლანეტეზიმელებსა და მზის სისტემის მცირე სხეულებზე, შემდეგ კი ჩვენს პლანეტაზე. ადრეულ დედამიწაზე ეთანოლამინის პრებიოტიკულ ხელმისაწვდომობას შეეძლო გამოეწვია ეფექტური და გამტარი ამფიფილური მოლეკულების, მაგალითად, ფოსფოლიპიდების წარმოქმნა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის გაჩენისთვის საჭირო პირველი უჯრედული მემბრანების ევოლუციაში", — ნათქვამია კვლევაში.
"ფაქტი, რომ ვარსკვლავთშორის მოლეკულურ ღრუბლებში ვხვდებით ძირითად პრებიოტიკურ წინამორბედებს გვეუბნება, რომ სიცოცხლისთვის საჭირო უმარტივესი ქიმიური ნაწილები გავრცელებულია გალაქტიკაში", — უყვება ვიქტორ რივილა გამოცემა Inverse-ს. "ეს ქიმიური მასალები ხელმისაწვდომი იქნება ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირების პროცესშიც, რომლებშიც სწორი ფიზიკური პირობების პირობებში, შესაძლოა გაჩნდეს სიცოცხლის ახალი ფორმები", — დასძენს ის.
მიუხედავად იმისა, გიფიქრიათ თუ არა ეთანოლამინზე აქამდე, ფაქტი ერთია — თქვენი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული. თქვენი უჯრედების გარშემო არსებული მემბრანები კომპლექსური მოლეკულებისგანაა შექმნილი, რომელსაც ფოსფოლიპიდებს უწოდებენ. ისინი ერთადაა შეჭიდული და ქმნის ორფენიან ბარიერს, რომელიც უჯრედში არსებულ მასალის უჯრედშივე დარჩენას უზრუნველყოფს და ასე გამოყოფს მას გარემომცველი სამყაროსგან. ეთანოლამინი ამ ფოსფოლიპიდების ნაწილია — დაბოლოება, რომელიც მემბრანის შიდა და გარეთა ზედაპირს ქმნის.
სწორი გარემოებების პირობებში, როგორიცაა მაგალითად ჰიდროთერმული ხვრელები (სადაც დედამიწაზე სიცოცხლე დაიწყო), სიმულაციებმა აჩვენა, რომ ეთანოლამინს შეუძლია ამინომჟავის, სახელად გლიცინის ფორმირება განაპირობოს. ამინომჟავები კი პროტეინების საშენი მასალაა.
ამ აღმოჩენის შემდეგ ბევრი რამ იცვლება. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ შესაძლოა მალე უფრო მეტი რამ გავიგოთ. მანამდე კი ამ კვლევაში ასტრონომიის, კომპიუტერული მოდელებისა და ლაბორატორიაში გამართული ქიმიური ექსპერიმენტების ჩართვას უნდა ველოდოთ.
რივილასა და მისი კოლეგებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი ეთანოლამინის სხვა ადგილებში აღმოჩენაა. მათი შემდგომი კვლევის ფოკუსი ახლადწარმოქმნილ პლანეტებისა და ვარსკვლავების შორიახლოს მოლეკულური ღრუბლების დაკვირვება იქნება. ამასთან, რადგან ეთანოლამინი უკვე დაფიქსირებულია, ასტრონომებს ახალი ქიმიური ინგრედიენტების ჩამონათვალი აქვთ, რომელთა ძიებასაც კოსმოსში განაგრძობენ. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენისა და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ მეტი ვიცოდეთ.
კომენტარები