სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ, რის გამოც პროტესტმა აშშ-ს საელჩოსთან გადაინაცვლა.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ჯორჯიან მანგანეზის მოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას მოითხოვს, რისთვისაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებს.

"შუქრუთის მოსახლეობა წლებია მზარდი და უკონტროლო საფრთხის ქვეშ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ მხარეთა მოლაპარაკებებში, არ რეაგირებენ მოსახლეობის მხრიდან მოლაპარაკებების დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე და არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშავოს გამჭვირვალე მექანიზმი, რაც შესაძლებელს გახდის ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნების სრულ და სამართლიან დაკმაყოფილებას. ამასთან, დაადგინოს დაზარალებული ოჯახების კომპენსირების სამართლიანი სტანდარტი, რაც კომპანიის საქმიანობის სრულ არეალზე გავრცელდება. ამასთან, აღირიცხოს და პასუხისმგებლობა დაეკისროს კომპანიას ბუნებრივსა თუ სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანი.