არქიტექტორი ქალები, რომლებიც კაცებზე მორგებული ქალაქების შენებას შეეწინააღმდეგნენ
კაცების მიერ და კაცებისათვის შექმნილი სამყაროთი დაღლილმა დიზაინერი აქტივისტების გაერთიანება მატრიცამ 1980-იან წლებში თავისებური ბრძოლა გამოუცხადა ქალაქებში არსებულ ყველანაირ წინაღობას. მათი გავლენა დასავლური სამყაროს ურბანულ სივრცეზე დღესაც იგრძნობა.
1940-იან წლებში, როდესაც ლე კორბუზიე თავის პროპორციულ სისტემას — Le Modulor-ს ქმნიდა, დიდ არქიტექტორს ქალაქების მკვიდრად სიმპათიური ბრიტანელი პოლიციელი ჰყავდა წარმოდგენილი. მისმა სისტემამ ომგამოვლილი დასავლური სამყაროსთვის ფორმის მიცემაში უდიდესი როლი შეასრულა. მისით განისაზღვრა ყველაფერი — კარის სახელურის სიმაღლიდან დაწყებული, კიბის საფეხურების ზომით დამთავრებული.
ამ სისტემაში ყველაფერი 180 სანტიმეტრის სიმაღლის კაცზე იყო მორგებული. ამან გავლენა ქუჩებში კორპუსების განლაგებაზეც კი იქონია, რადგან ეს ყველაფერი მანქანის იმ ზომასა და საჭიროებებს უნდა მორგებოდა, რომელსაც ჩვენი წარმოსახვითი გმირი სამსახურში მისასვლელად იყენებდა. შვეიცარიაში დაბადებულ და პარიზში მცხოვრებ არქიტექტორს თავიდან ფრანგი კაცის საშუალო სიმაღლე — 1.75 მეტრი ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მოგვიანებით ეს მონაცემი გაიზარდა. "ინგლისურ დეტექტიურ რომანებში კარგი გარეგნობის კაცები, მაგალითად, პოლიციელები, ყოველთვის 6 ფუტზე [1.8 მეტრი] მაღლები არიან!", — ასე ხსნიდა ლე კორბუზიე საკუთარი აზრის ცვლილებას.
ასე შეიქმნა დინამიკური სამყარო კორბუზიეს მიერ დახატული წარმოსადეგი კაცისთვის თავისი დაკუნთული წვივებით, ვიწრო წელით, ფართო მხრებით და ზეცისკენ აღმართული მარწუხისებრი ხელით. მაგრამ ეს მოდერნისტული მსოფლმხედველობა არ ითვალისწინებდა ქალებს, ბავშვებს, მოხუცებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს — მოკლედ რომ ვთქვათ, ის უგულებელყოფდა ყველას, ვინც არქიტექტორის მიერ წარმოსახული სრულყოფილების მიღმა რჩებოდა.
1980-იან წლებში ზოგიერთ ქალს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. ათწლეულების განმავლობაში კაცთა მიერ შექმნილი ქალაქები მათთვის ათასგვარი დაბრკოლებით იყო სავსე. საბავშვო ეტლებსა და სავაჭრო ურიკებთან წვალების, ბნელ მიწისქვეშა გადასასვლელებში, უკუნ ხეივნებსა და ლაბირინთისმაგვარ მეტროს სადგურებში გზის გაკვლევის შემდეგ, განსხვავებული მიდგომის დრო დადგა. "პირადი გამოცდილებით, ქალებს არსებული გარემოსადმი იმ კაცებისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ, რომლებმაც ეს გარემო შექმნეს. რადგან ვერ ვხვდებით ქალთა ტრადიციას შენობათა დიზაინში, გვსურს, რომ გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ქალთა ცხოვრებაში არსებულმა უკანასკნელმა ცვლილებებმა და მოლოდინებებმა დაბადეს", — ვკითხულობთ მატრიცას ფემინისტური სადიზაინერო კოოპერატივის 1981 წელს გამოცემულ პირველ მანიფესტში.
პირველი მანიფესტიდან — 40, ხოლო მატრიცას დაშლიდან 27 წლის შემდეგ მისმა ყოფილმა წევრებმა ბარბიკანის ერთი კუთხე დაიკავეს. ბარბიკანი ლონდონის ხელოვნების ცენტრის ახალი პროგრამაა — ექსპერიმენტული სივრცე ფოიეში, რომელიც გამვლელთათვის შეიქმნა. ლონდონში მოკლული სარა ევერარდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღამისთევების შემდეგ, რამაც ხალხის ყურადღება ქალთა უსაფრთხოებისკენ კიდევ ერთხელ მიაპყრო, პროვოკაციული გამოფენა უფრო შესაფერის დროს ვერ გაიხსნებოდა.
გამოფენა, როგორ ვცხოვრობთ ახლა, ბირმინგემის კინო და ვიდეო ვორქშოპის ნამუშევრით იწყება, რომელიც 1988 წელს ბრიტანეთის სატელევიზიო ეთერში გავიდა. ის ასახავს ქალთა გამოცდილებას, როდესაც ისინი Paradise Circus-ში გზის გაკვლევას ცდილობდნენ. Paradise Circus ომის შემდგომ აშენებული ქალაქის ცენტრის ნაწილი გახლდათ, რომელიც წრიული გზაჯვარედინის შუაში, სამანქანო გზებით გარშემორტყმულ სივრცეში არსებულ კუნძულად იყო ჩაფიქრებული. მასზე მოხვედრა მეტროს სადგურებიდან, კიბეებითა და მიწისზედა გადასავლელებით იყო შესაძლებელი. Daily Telegraph-ის რეცენზენტი, რომელიც რაღაც "სამოყვარულო, მოსაწყენ და შეშლილი მემარცხენე ქალებით სავსეს" ელოდა, რეალურად აღფრთოვანდა იმით, თუ როგორ ნათლად აღწერდა ფილმი იმ უთანასწორობას, რაც მანქანის პრიორიტეტად მიჩნევით იყო გამოწვეული. მისი შემქმნელები "არ ცდილობენ, ამაში მიზანმიმართული დისკრიმინაცია დაინახონ", — წერდა კრიტიკოსი, — "არამედ, მხოლოდ გვაჩვენებენ კაცი არქიტექტორების უუნარობას, გაითვალისწინონ ის, თუ რას აკეთებენ რეალურად ქალები და რა სჭირდებათ შენობებისგან".
მსგავს პრობლემას ააშკარავებს ნამუშევარი, ესექსის ქალების თავშესაფარი, რომელიც გამოფენის მომდევნო სექციაშია წარმოდგენილი. საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც კაცი არქიტექტორის დიზაინითაა შექმნილი, ელემენტარული ასპექტებიც კი შეცდომით იყო დაპროექტებული — დაწყებული ზედმეტად პატარა საზიარო სამზარეულოდან, დამთავრებული მთავარი საზოგადოებრივი სივრცეებისგან მოშორებული ბავშვთა სათამაშო ზონებით, რაც პასიური მეთვალყურეობისათვის საჭირო ყოველგვარ ვიზუალურ თუ აუდიო კავშირს შეუძლებელს ხდიდა. მატრიცამ ცენტრზე 1992 წელს იმუშავა. მათ გამოიყენეს აწ უკვე აპრობირებული ტაქტიკა და ქალებს განსხვავებულ სივრცეთა საჩვენებლად მუყაოს მოდელები წარუდგინეს, რომლების განლაგებათა შეცვლაც სურვილისამებრ შეეძლოთ. მათ ასევე სახაზავად გამოყენებული ლენტების მეშვეობით უკვე არსებული სივრცეები გაზომეს და მიღებული ნახაზი ახალ საპროექტო გეგმას შესადარებლად დაურთეს.
"ეს ყველა ხერხი ძალიან მარტივი იყო", — ამბობს იოს ბოისი, მატრიცას ერთ-ერთი დამაარსებელი, — "მაგრამ ის ქალებს თავს პროექტის ნაწილად აგრძნობინებდა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ნაწილი ის იყო, რომ არქიტექტურის ენა და პრაქტიკა არასპეციალისტებისთვის უფრო ნათელი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა".
ბოისი აღწერს იმას, რაც ახლა წარმოუდგენელ საზოგადოებრივ აქტივობად ჩანს. კერძოდ, ეს გახლდათ მოხალისეობრივი დაგეგმარება, შენობებში უნებართვოდ ჩასახლების პრაქტიკა, პროფესიული კავშირები და ტექნიკური დახმარების ცენტრები, რომელთათვისაც საზოგადოებრივი ფული ხელმისაწვდომი იყო. უმეტესი ნაწილი იმისა, რაზეც მატრიცამ იმუშავა, დიდი ლონდონის საბჭოს მიერ იყო დაფინანსებული იქამდე, სანამ 1986 წელს პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი საბჭოს გააუქმებდა. მატრიცას პროექტთაგანი იყო ინოვაციური ჯაგონარის ქალების სასწავლო ცენტრი აღმოსავლეთ ლონდონში. სამხრეთ აზიელი ქალებისთვის და მათთან ერთად მუშაობის დროს, მატრიცა დასაშლელი მოდელებით მართავდა ვორქშოპებს, სადაც ისინი ქალებს სთხოვდნენ, მოეტანათ თავიანთ სამშობლოში მდებარე იმ შენობათა სურათები, რომლებიც მოსწონდათ. შემდეგ მატრიცას წევრებს ვორქშოპის მონაწილეები "აგურების პიკნიკის" გასეირნებაზე მიჰყავდათ, რომლის დროსაც ნაგებობათა ასაშენებლად საჭირო მასალებსა და ფერებს განიხილავდნენ.
ამის შედეგად 1987 წელს დასრულებული შენობა, რომელიც ახლა ბავშვთა მზრუნველობის ცენტრია, მრავალ აზიურ გავლენას აერთიანებს — თუმცა ისე, რომ მიზანმიმართულად პირდაპირ არ უკავშირდება არც ინდუისტურ და არც ისლამურ ვიზუალს. მის ფანჯრებს დეკორატიული მეტალის გისოსები აქვს შემოვლებული, რაც ესთეტიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს ერთდროულად აკმაყოფილებდა; ასევე აღსანიშნავია მოზაიკური მოხატულობა კარებზე, ფეხსადგამი ტუალეტები და დასაჯდომიანი ნიჟარები ვახშმის შემდეგ დიდი ქვაბების ადვილად გასარეცხად. შენობის ყველა ნაწილში მისვლა ეტლითაც შესაძლებელი იყო, რასაც იმდროინდელ ლონდონში იშვიათად შეხვდებოდით.
"მათ ჩვენი საჭიროებები პატერნალიზმისა და განსჯის გარეშე გაითვალისწინეს", — იხსენებს მატრიცას სერვისთა მომხმარებელი, სოლმა აჰმედი, სამი ათწლეულის შემდეგ, — "ჩვენ ვამბობდით, თუ რა გვსურდა, რომ ყოფილიყო შენობაში: უსაფრთხოება, დაცულობა, ბავშვებზე ზრუნვის საშუალება. ამასთან, გვინდოდა, გათვალისწინებული ყოფილიყო ქალთა კულტურული და რელიგიური საჭიროებები, კერძოდ კი, დამსხვრეულიყო მუსლიმ ქალთა გარშემო არსებული მითები. მატრიცას წევრები ამ მიზანთა მიღწევისთვის იდეალური კანდიდატები იყვნენ".
წარსულში, როდესაც ადამიანები მატრიცას საქმიანობის შესახებ იგებდნენ, ხშირად კითხულობდნენ, თუ კონკრეტულად როგორ გამოიყურება ფემინისტური დიზაინი. როგორ შეიძლებოდა, რომ ქალების მიერ დაპროექტებული და აშენებული ქალაქი განსხვავებული ყოფილიყო? მაგრამ ბოისისთვის ეს კითხვა აზრსმოკლებულია. ისინი ფემინისტურ ესთეტიკას კი არ ქმნიდნენ, არამედ დიზაინზე მუშაობისას ისეთი მიდგომის დამკვიდრება სურდათ, რომელიც გაითვალისწინებდა ადამიანთა განსხვავებულ საჭიროებებსა და სურვილებს; გაითვალისწინებდა "იმ სიმდიდრეს, რომელიც ამ სამყაროში ჩვენს მრავალგვარად არსებობას ახლავს". ამ მიზნის მიღწევა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვინ მონაწილეობს მშენებლობაში: მატრიცას საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პუბლიკაციების თუ ინსტრუქციათა კრებულების გამოქვეყნებას და ღონისძიებების თუ ტრენინგ კურსების გამართვას ეთმობოდა, რომლებიც რიგით ადამიანებს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში არკვევდა.
მატრიცას წევრებს, რომელთა რიცხვი 12-დან 16-მდე მერყეობდა, ერთი და იგივე ანაზღაურება ჰქონდათ და როდესაც საჯარო სექტორმა მათი დაფინანსება შეწყვიტა, ამ მოდელისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალ სფეროში გამოცადეს თავი — დაწყებული აკადემიური კარიერიდან და რესტორნების მართვიდან, დამთავრებული საკუთარი არქიტექტურული პრაქტიკების დანერგვით — მატრიცაში მათი მოკლე, მაგრამ აქტიური მოღვაწეობა მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მსგავსი ინტერესის ნათელი მაგალითია ის, რომ 1984 წელს გამოცემული მატრიცას ნოვატორული წიგნი, სივრცის შექმნა: ქალები და კაცების მიერ შექმნილი გარემო, ამოწურული მარაგის გამო წელს ვერსოს მიერ თავიდან დაიბეჭდება.
გამოფენის ბოლო სექცია აერთიანებს იმ არქიტექტორებს, მხატვრებსა და რეჟისორებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ათწლეულების წინ დაწყებულ საქმეს. ამ ადამიანთა რიცხვშია ვინი ჰერბშტეინი, რომლის 2018 წლის ინსტალაციაც, Studwork, ამსხვრევს მშენებლობის სფეროში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს. მასში გლაზგოს ქალები მშენებლობაში კურსის და შემდუღებელთა ფემინისტური ჯგუფის, Slaghammers-ის საქმიანობაა ნაჩვენები. აქ ქალთა სხვა სოციალურ ჯგუფებსაც ვეცნობით, რომლებისთვისაც საზოგადოებრივი ჯიბიდან ფული, მართალია, აღარ გამოიყოფა, მაგრამ ისინი გზას მაინც პოულობენ, რომ უფრო მეტი სივრცე შექმნან ჩახშობილი, მარგინალური ხმებისათვის.
როგორც მატრიცა წერს, "გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დიზაინერები საზოგადოებაში გაბატონებული იმ იდეებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც განსაზღვრავს, ვინ და რა ფასდება, ვინ რას აკეთებს და ვინ სად მიდის". კითხვა კი მდგომარეობს იმაში, თუ ვინ იქნება გათვალისწინებული, ვისი ფასეულობები იქნება პრიორიტეტული და როგორი სამყარო გვინდა, რომ შევქმნათ.
კომენტარები