ექიმები კიბოსთან საბრძოლველად სიმსივნურ უჯრედებს "სუიციდისკენ" უბიძგებენ
ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს მოდიფიცირებული ადენოვირუსი, რომელიც ტროას ცხენივით შედის კიბოს უჯრედებში და აქ სხვადასხვა სახის სამკურნალო გენები შეაქვს. ეს გენები კიბოს უჯრედებს უბიძგებენ, აწარმოონ თერაპევტული ანტისხეულები, რაც, საბოლოოდ, შიგნიდან ანადგურებს მათ.
ეს მიდგომა, შესაძლოა, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდეს კიბოს მკურნალობის საქმეში, რადგან ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიისგან განსხვავებით, იგი ორგანიზმისთვის საჭირო ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებს.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგია — SHREAD (დაცული, სამიზნეშეცვლილი ადენოვირუსი), შესაძლოა, COVID-თან დაკავშირებულ მკურნალობაშიც გამოდგეს, რომლის საშუალებითაც სამკურნალო გენებს პირდაპირ ფილტვებს მიწვდიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უკვე იყენებს ადენოვირუსს. მათ შორისაა Johnson & Johnson და AstraZeneca.
"ჩვენ, ჩვენი ხრიკებით, სიმსივნეს ვუბიძგებთ, გაინადგუროს საკუთარი თავი მისივე უჯრედების მიერ, კიბოს საწინააღმდეგო უჯრედების წარმოების გზით", — განაცხადა სინა სმიტმა, ციურიხის უნივერსიტეტის პოსტდოკმა.
კვლევა ამ კვირას Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
"თერაპევტული აგენტები, როგორებიცაა ანტისხეულები ან სიგნალის მომცემი ნივთიერებები, უმეტესად სხეულში ერთ ადგილას რჩებიან და არ გადაადგილდებიან სისხლთან ერთად, რადგან მათმა გავრცელებამ, შესაძლოა, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს", — ამბობს მთავარი მკვლევარი, ანდრეას პლაკთენი.
საცდელ ექსპერიმენტებში, რომლებსაც თაგვზე ატარებდნენ, ამ ტექნოლოგიის საშუალებით, მეცნიერებმა უბიძგეს სიმსივნის უჯრედებს, ეწარმოებინათ კლინიკურად დადასტურებული ძუძუს კიბოს ანტისხეულები, რომლებსაც ტრასტუზუმაბი ეწოდება. ეს მონოკლონური ანტისხეულები შემდეგ მრავლდებოდნენ და ვრცელდებოდნენ თაგვის ორგანიზმში. მათ ერთ ადგილას თავმოყრას, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი გვერდითი ეფექტები გამოეწვია.
მეცნიერები ახლა იმას იკვლევენ, შეიძლება თუ არა ამავე ტექნოლოგიის გამოყენება ორგანიზმში ბიოპრეპარატების — პროტეინზე დამზადებული წამლების შესაყვანად, რომლებიც ჩვეულებრივი გზით გამოყენებისთვის ზედმეტად ტოქსიკურები არიან.
ასევე იხილეთ: რატომ არ არსებობს კიბოს წამალი
კომენტარები