საუკუნოვანი ისტორიის მქონე თეატრის კარები სოფელ მარანში მალე ისევ გაიღება
ცოტა არქიტექტურული ნამუშევარია ისეთი მომხიბვლელი, როგორიც მიტოვებული შენობები, თუმცა, მათი მომაჯადოებელი სილამაზისა და უჩვეულო ატმოსფეროს მიღმა სევდაც იმალება, რომელიც დამთვალიერებლებს სტუმრობისას თან დასდევს. ეს სევდა კიდევ უფრო მძაფრია, თუკი მიტოვებული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
საქართველოში ასეთი ძეგლები ბევრია, შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონობა სირთულეს ნამდვილად წარმოადგენს. ერთ-ერთი მათგანი, სოფელ მარნის კულტურის სახლი და მისი თეატრი, აბაშის რაიონში, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად მდებარეობს.
არსებული ცნობებით, სოფელ მარანში იტალიელები მე-19 საუკუნეში გამოჩენილან სატყეო საქმიანობით დასაკავებლად და განსაკუთრებული წვლილი შეუტანიათ დასახლების კულტურული ცხოვრების განვითარებაშიც. სწორედ მათ მიერაა აგებული კულტურის სახლი, რომელშიც 200 მაყურებელზე გათვლილი თეატრის დარბაზიცაა მოთავსებული.
თეატრის რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში განუზრახავთ. კედლებსა და ჭერზე დღემდე შემორჩენილი ფერადი ნახატებიც სწორედ მაშინ შეიქმნა. თუმცა, რესტავრაციიდან მალევე, 1990-იანი წლების სამოქალაქო ომს, თეატრის იერის ნაწილი შეეწირა, მას შემდეგ კი შენობის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი განახლება/რესტრავრაციაცაა დაგეგმილი.
კომენტარები