როგორ გვიყვარდება პანდემიური შეზღუდვებისას
როცა 1348 წელს იტალიაში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, ესიზმრებოდათ ადამიანებს თავიანთი ყოფილი შეყვარებულები? კარანტინში მყოფ და მეგობრებსა თუ ყოველდღიური ურთიერთობებს მოკლებულ რენესანსის ეპოქის პოეტ პეტრარკას ალბათ მართლაც ხშირად სტუმრობდა თავისი გულისწორის ზმანება. ის რითმებს თავის უპასუხოდ დატოვებულ სიყვარულს, ლაურას სიცოცხლეშიც უძღვნიდა და მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. პეტრარკამ ვერგილიუსის ნაშრომების საკუთარ ასლში ერთხელ ესეც აღნიშნა: "გადავწყვიტე, ამ დანაკარგის მტკივნეული მოგონებები დამეწერა და დავწერე კიდეც, ვფიქრობ, ტკბილ-მწარე ელფერით, იმ ადგილზე, რომელიც ასე ხშირად მელანდება".
ლაურასთან პეტრარკას ურთიერთობა ჩახლართული იყო. ქალი დაქორწინებული გახლდათ და არსებობს ვარაუდი, რომ მან პოეტი უარით გაისტუმრა. პეტრარკას ზოგიერთი მეგობარი მის არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებდა: რეალური იყო ეს ქალი თუ მხოლოდ ხელოვანის წარმოსახვის ნაყოფი? ყველაფრის მიუხედავად, პეტრარკა ეპიდემიის პერიოდში მასზე გაუჩერებლად წერდა და წერდა — პოეტი ამ სიყვარულს მარტოსულობის ჟამს შეეკედლა. "მაშინაც კი, როცა ქალი ცოცხალი იყო, მისთვის ის მაინც სიზმრისეული გახლდათ, რადგან პეტრარკამ მისი არსება ალეგორიად აქცია", — აღნიშნავს მეცნიერი პაულა ფინდლინი, — "ის შორიდან ეტრფოდა მას".
სიყვარული პანდემიის დროს — როგორც მოგზაურობა ან სტომატოლოგთან ვიზიტი — იშვიათადაა მარტივი, რადგან ლოგისტიკური და ემოციური გამოწვევებითაა სავსე. კარანტინში ყველა — მათ შორის, ბედნიერი დაქორწინებული წყვილებიც — მოზარდი შეყვარებულებივით აწყობენ პაემნებს: პარკში სვამენ, ერთმანეთს სკამებზე ესიყვარულებიან და საათობით საუბრობენ უმნიშვნელო საკითხებზე; მშობლებს ერიდებიან; შეხებას აფეტიშებენ. უფრო მეტიც, ამ პერიოდმა თავის მართლების ისეთი ახალი ფორმაც კი შექმნა, რომლის მოსმენაც არავის სურს: "პრობლემა შენში კი არა, პანდემიაშია".
გასულ წელს, როცა "დარჩი სახლში" კამპანიამ არაერთი ქვეყანა მოიცვა, ურთიერთობებიც ამ სიტუაციას მოერგო. წყვილები, რომლებსაც აქამდე ერთად სასაუზმოდაც კი იშვიათად ჰქონდათ დრო, ახლა განუყრელი კომპანიონები გახდნენ. ყოველი ღამე პაემნის იყო. საყვარელი სერიალების ერთად ყურება რიტუალი გახდა. ბევრმა კი აღნიშნა, რომ ყოფილ პარტნიორებთან დაკავშირებულ საოცრად ცხად სიზმრებს ხედავდა. ციფრული მარკეტინგის სააგენტო AGY47-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Google-ის საძიებო სისტემაში კითხვის, "რატომ მესიზმრება ჩემი ყოფილი?", მოძებნა 24%-ზე მეტით გაიზარდა. დეირდრე ბარეტმა — ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სიზმრების მკვლევარმა და წიგნის, პანდემიური სიზმრების ავტორმა — ასობით მაგალითი შეაგროვა იმ ადამიანების, რომლებიც პანდემიის დროს ყოფილ პარტნიორებთან დაკავშირებით სიზმრებს ხედავენ.
ზოგი სიზმარი სასიამოვნოა, ზოგიც სიურრეალური ან შემაწუხებელი. ბარეტის თანახმად, ხშირად სიზმრის ავტორებმა "სიზმარში არ იციან, რომ დაშორებულები არიან". ერთ-ერთში ქალი ყოფილმა იმის გამო გაკიცხა, რომ ფეხებზე თმა ჰქონდა გაზრდილი. სხვაში მთავრობამ ლოქდაუნის პარტნიორების წესი შემოიღო და სიზმრის ავტორს უთხრეს, რომ "სანამ პანდემია იქნებოდა, მისი ახალი, უკეთესი შეყვარებულის ნაცვლად ყოფილთან ერთად უნდა ეცხოვრა". ეს კი უკვე კოშმარია.
ბარეტი სიზმრების ლოგიკამ საგონებელში ჩააგდო. "ზოგიერთს, როგორც ჩანს, ვირუსის შიშმა თავის უკეთ საგრძნობად დაკარგული ურთიერთობის სიზმარში აღდგენის სურვილი აღუძრა", — ამბობს ის, — "სხვა ისტორიები იმ გავრცელებული ფენომენის მაგალითია, როცა ერთი კრიზისი მეორე კრიზისის დასიზმრებას იწვევს". ზოგი მშფოთვარე სიზმარს ხედავს "იმ ხანძრის ან ნგრევის შესახებ, რომელსაც ოცი წლის წინ შეესწრო. ან იმ ეპიზოდს განიცდის ხელახლა, როცა კინაღამ დაიხრჩო". სხვებს კი ძველი ურთიერთობები ესიზმრებათ.
ლონდონში, სადაც ახლახან დაიწყო მესამე სავალდებულო ლოქდაუნი, რომელიც სამთვენახევარი გაგრძელდება, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიხურა ბარები, რესტორნები და მაღაზიათა ნაწილი. შედეგად, ურთიერთობები მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების ფონზე განვითარდა. ამჟამად ინგლისში შესაძლებელია ორმა მარტოხელა ადამიანმა "მხარდაჭერის ბაბლი" შექმნას, რაც მათ ერთმანეთის სახლებში სტუმრობის და დაძინების უფლებას აძლევს. თუმცა თუ პარტნიორთაგან ერთ-ერთი ბინას სხვასთან ინაწილებს, რომელსაც თავისი "მხარდაჭერის ბაბლი" აქვს, ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეთ შეხვედრაა ნებადართული. ეს ზოგადი ოფიციალური წესებია, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ბრიტანელთა პირველ პანდემიურ გაზაფხულს პაემნების უმეტესობა სეირნობას ან ბალახზე წოლას მოიცავდა. "ხელის ჩაკიდება ტაბუ გახდა", — აღნიშნავს ლონდონელი ხელოვანი, ფილიპა ფაუნდი, — "წასასვლელი არსად გაქვს და პაემნის გამართვაც მხოლოდ საჯარო ღია სივრცეში შეგიძლია. ვფიქრობ, ამან ურთიერთობებს ერთგვარი მღელვარება შესძინა".
ლოქდაუნისგან გამოწვეული მარტოობის და გულგატეხილობის შეგრძნების ფონზე ფაუნდი პანდემიური სიყვარულის ექსპერტი გახდა. გასულ წელს მან პანდემიის პერიოდის ცხრაასზე მეტი სიყვარულის ისტორია შეაგროვა. მათ შორის იყო ამბები სიყვარულის პოვნაზე, დაკარგვაზე და მონატრებაზე. ამის შედეგად კი ონლაინ პროექტი, ლოქდაუნის სასიყვარულო ისტორიები დაიბადა. კერძოდ, გასულ მაისს, ბრიტანეთის პირველი ლოქდაუნის დროს, ფაუნდმა ვებსაიტი შექმნა, სადაც ხალხს სასიყვარულო ისტორიების ანონიმურად მოყოლა შეეძლო. ამბავი შეიძლებოდა ყოფილიყო მოკლეც და გრძელიც; რომანტიკული პარტნიორის შესახებაც და პლატონურ სიყვარულზეც. ფაუნდმა პროექტის რეკლამირება უცნაური ფორმით მოახერხა: ის ლონდონის პარკებში ასფალტზე ცარცით წერდა ვებსაიტის მისამართს. "მინდოდა შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც ხალხს გამოცდილებათა გაზიარების საშუალება ექნებოდა", — ამბობს ფაუნდი. მაგრამ მას ასევე სურდა, ამ ნაწერებში მკითხველსაც აღმოეჩინა საკუთარი თავი: "მხოლოდ გამზიარებლისთვის არაა ამბის მოყოლა შვება. კათარზისის მომენტი უდგება მკითხველსაც, რომელიც ამ ნაწერების გაცნობისას წამოიძახებს, ღმერთო ჩემო, ეს ხომ მეც დამმართნია! რა კარგია, რომ მარტო არ ვარ!"
ერთი წლის შემდეგ ფაუნდს ლონდონის უკვე თითქმის ყველა ძირითად პარკში — ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, ბილიკების შესაყარზე, ნაყინის მანქანებთან და საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან ჰქონდა დაწერილი ცარცით, Lockdownlovestories.com. კამდენში თავისი ადგილობრივი მწვანე სივრციდან ეს წარწერები მან იმ 40 მოხალისის დახმარებით კიდევ უფრო შორს გაავრცელა, რომლის უმეტესობაც ინსტაგრამით გაიცნო. უკვე ნოემბერში კი ლონდონის მეტროებში ფაუნდის მიერ შეგროვებული ისტორიებიც გამოჩნდა. პიკადილის ხაზზე შეხვდებოდით ტექსტს: "სად წავიდა ყველა მზრუნველი, ერთგული, სანდო, გულწრფელი კაცი? საერთოდ კიდევ არსებობს ასეთი რამ? ეს ზედმეტად ბევრის თხოვნაა თუ ვინც ელის, საწადელსაც მიიღებს?" უილესდენ გრინის ყოველდღიური განცხადებების დაფაზე ეწერა: "ლოქდაუნი მოსაწყენია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად ვარ მოწყენილი". მორდენში კი აბრაზე ამოიკითხავდით: "მენატრება ის, ვინც მზად არ იყო სიყვარულისთვის, თუმცა მზად იყო ყველაფერი მიეღო, რასაც გავცემდი".
ზოგიერთი ეს ისტორია ფუტურისტული, დისტოპიური რომანის მსგავსად იკითხება. პერსონაჟები ყოველდღიურობად ქცეული მომაკვდინებელი დაავადების ერაში მოქმედებენ. სასიყვარულო ისტორიების ქრონოლოგია შეზღუდვების დროის მიხედვით იზომება: ერთმანეთს პირველ ლოქდაუნში შევხვდით, ურთიერთობა კი მეორე ლოქდაუნში დავიწყეთ. მრავალი ავტორი საუბრობს წესებზე: "ჩემთან შესახვედრად თავისი ქალაქიდან ჩამოვიდა (როცა ეს კანონიერი იყო), ჯერ არასდროს ვყოფილვარ ვინმეთი ასე გატაცებული". კიდევ სხვა იხსენებს: "ჩვენ ვისაუბრეთ ინტიმური ბაბლის შექმნაზე. ორივეს დიდი სურვილი გვქონდა". ვიღაც კი ქალით იყო გატაცებული, თუმცა პირადად არ შეხვედრია: "შვიდკვირიანი ვიდეოპაემნები, ხანგრძლივი სატელეფონო ზარები და WhatsApp-ის ათასობით შეტყობინება. წესების დარღვევის სურვილი მძაფრდება". ზოგი ისტორია აღიარებითია, ზოგიც — უდარდელად უბოდიშო. "ლოქდაუნის დროს სახლის წვეულებაზე წავედი, ზედმეტი დავლიე... სხვა რა უნდა გამეკეთებინა?" — ამბობს ერთი.
ისტორიებში ვირუსი მთავარ სიუჟეტურ ადგილს იკავებს. ერთი წერს: "მის სახლში დარჩენა მომიწია, რადგან ერთ ჩემს კონტაქტს ვირუსი აღმოაჩნდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ურთიერთობის ბუნებრიობა — მალევე მივხვდით, რომ შეგვეძლო, სულ ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით და თავი ბედნიერად გვეგრძნო". სხვას ლოქდაუნის დროს ბინის დატოვება მოუწია, რადგან მეპატრონე განქორწინდა (ნეტა, კოვიდის გამო ხომ არა?). საბოლოოდ კი მას ის ადამიანი შეუყვარდა, რომელთანაც ახალი ბინის გაყოფა მოუწია. "მეორე ლოქდაუნი დაიწყო, სახლში გამოკეტილები აღმოვჩნდით, კვირაში 7 დღეს და დღეში 24 საათს ერთად ვატარებდით და თითოეული წუთი გვიყვარდა", — წერს ის, — "ხანგრძლივი სეირნობები, არაჩვეულებრივი სახლის კერძები, სამაგიდო თამაშები, ფილმის ღამეები, ღვინით სავსე ბოთლები და კიდევ ბევრი მოგონება. ეს გარდაუვალი იყო, ამ გრძნობებს ვერაფერი შეაჩერებდა".
ზოგჯერ ლოქდაუნი დამანგრეველ როლსაც თამაშობს და ურთიერთობების საძირკველში გაჩენილ ბზარს ააშკარავებს (როგორც ფაუნდმა თქვა, "ლოქდაუნი ყველაფრის გამაძლიერებელია"). როცა შეზღუდვები გარკვეული პერიოდით შემსუბუქდა, ზოგიერთმა ჩათვალა, რომ პარტნიორები პირისპირ შეხვედრისას ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენდნენ, ვიდრე ეს FaceTime-ში ჩანდა. ზოგჯერ მათ ვირუსის ეშინოდათ. ზოგი კი დაქორწინებულიც აღმოჩნდა. ერთი ავტორი რამდენჯერმე შეხვდა კაცს შეზღუდვების შემსუბუქების დროს, მაგრამ როცა ლოქდაუნი ისევ დაიწყო, კაცს ურთიერთობა მობეზრდა და გაქრა. "მიზეზად თქვა, რომ მისთვის კორონა და ლოქდაუნი ძალიან რთული იყო", — ხსნის ავტორი, — "არა, მეგობარო, ეს საკმაოდ მარტივი იყო, როცა ხელს გაძლევდა. შენს უპატივცემულო საქციელს პანდემიას ნუ აბრალებ. უბრალოდ, ნაბიჭვარი ხარ".
2020 წლის მაისში, როცა თავისი პროექტი წამოიწყო, ფაუნდი სამხატვრო სკოლას ამთავრებდა და სახლში ჩვილს უვლიდა. დედამისი, რომელიც ბავშვთან მისი მთავარი დამხმარე იყო, მისვლას ვეღარ ახერხებდა. "ლოქდაუნის პირველ დღეს ჩემს ქმარს ვუთხარი, განქორწინებებიც მოიმატებს და დაორსულების შემთხვევებიც-მეთქი. ნეტა, ჩვენ რომელ სტატისტიკაში ჩავეწერებითო, მითხრა მან" (როგორც აღმოჩნდა — მეორეში). პროექტი რომ გაპოპულარულდა და ფაუნდი კვირაში რამდენიმე დღეს ხარჯავდა ცარცით წარწერების გაკეთებაში, მისმა ქმარმა, საიმონმა ანონიმურად დაიწყო საიტზე ჩანაწერების დატოვება ("ორ წელიწადში მინდა გავიხსენოთ ეს დრო. იმედია, ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ. მიყვარხარ", — დაწერა მან ერთ დღეს). ერთხელ, როცა ფაუნდი გვიანობამდე მუშაობდა, საიტზე განსაკუთრებით სასიამოვნო ტექსტი მოვიდა, რომელიც მან შეცდომით ქმრის დაწერილად ჩათვალა. "რაღაც ამის მსგავსი იყო: თავიდან შემიყვარდი, ჩემო ცოლო. უბრალოდ მინდა გითხრა, რომ საუკეთესო ადამიანი ხარ", — იხსენებს ფაუნდი, — "სინამდვილეში, ეს ქალის მიერ იყო დაწერილი თავისი ცოლისთვის".
ერთ დღესაც პარკის გზაჯვარედინზე ცარცით წარწერის გაკეთებისას ფაუნდთან მოკლე მაისურსა და სპორტულ შორტებში გამოწყობილი ქალი შეჩერდა და ფაუნდს მიაშტერდა: "ამას შენ აკეთებ? ძალიან საყვარელია! შარშანაც ვნახე", — თქვა აღელვებულმა. ის მეგობარ კაცთან ერთად იყო. ფაუნდი დაინტერესდა, რომანტიკული სიყვარული თუ აკავშირებდათ. "არა, ერთად არ ვართ", — არ დააყოვნა პასუხმა.
წარწერის შესათვალიერებლად ამჯერად სპორტულ ზედაში გამოწყობილი შუახნის კაცი შეჩერდა და თქვა, "თუ ყველა იზოლირებულია, სიყვარულის ისტორიები ვერ იარსებებს".
"დაოჯახებულებზე რას იტყვით?" — იკითხა ფაუნდმა.
"დაქორწინებული ხალხი შეყვარებულები არიან?", — თქვა მან, — "ჰო, რატომღაც, ჩემი მშობლები იყვნენ".
ფაუნდი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ამბავი არ ყოფილა დრამატული ან ზედმეტად რომანტიკული. ერთი ქალი წერდა ხის შესახებ, რომელიც ყოველდღიური სეირნობისას შეუყვარდა. არსებობს ისტორიებიც, როცა ადამიანებს მანქანა შეუყვარდათ შორ გზაზე მგზავრობისას ან მათემატიკაზე გამიჯნურდნენ უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის მომზადებისას. ერთმა დაქორწინებულმა თქვა, რომ სურდა, კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ "ამ უცნაურ პარკუჭში". სხვას უხაროდა, რომ მის ახალშობილს არ ემახსოვრებოდა "ნიღბები, ლოქდაუნი და გარდაცვალებები". კიდევ ერთი, რომელმაც ახლახან გადაიტანა დაშორება, თავისუფალ დროს "კითხვას, წერას, ტირილს და თავისი გატეხილი გულის მოვლას უთმობდა". ზოგი კი ისე შეეჩვია პარტნიორთან მუდმივ თანაცხოვრებას, რომ როცა სახლში მარტო რჩება, თავს უცნაურად მარტოსულად გრძნობს.
ფაუნდი ამბობს, რომ მან პროექტში საკუთარი სიყვარულის ისტორიებიც ჩართო. "ჩემს ყოფილებზე სიზმრები დედაჩემზე სიზმრებში გადაიზარდა", — წერს ის ერთ-ერთში, — "ალბათ, საკმარისი დროის და საკმარისი მანძილის შემდეგ მხოლოდ შენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარულის ისტორია ინარჩუნებს ძალას".
კომენტარები