გიფიქრიათ, რატომ ვუყურებთ სერიალებს? რატომ ვერ ვწყდებით ამ დროში გაწელილ ისტორიებს, რომლებსაც ხშირად წლების განმავლობაში ველოდებით? (დიახ, არ დაგვვიწყებია შერლოკის სეზონებს შორის ორწლიანი შუალედები)

სერიალების ყველა მოყვარულს ერთხელ მაინც მოუსმენია შეგონება იმის შესახებ, რომ სერიალები დროის ფუჭი კარგვაა და გამოგონილი პერსონაჟების ყურება არაფერს მოგვცემს, თუმცა ფსიქოლოგები საპირისპიროს ამტკიცებენ. ეკრანზე სხვების ცხოვრების ყურება გართობასთან ერთად ერთგვარი თერაპიაც შეიძლება იყოს.

but why?

ყველაზე აბსურდული სერიალიც კი ბევრ რამეს გვასწავლის ცხოვრებისა და ჩვენი ემოციების შესახებ. ფილმებისაგან განსხვავებით, სიუჟეტი შედარებით ნელა ვითარდება, პერსონაჟებს ზრდისა და განვითარებისთვის მეტი სივრცე აქვთ, ჩვენ კი საშუალება გვეძლევა, რომ გამოგონილი გმირების ცუდ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა არ დაგვეკისროს, მათი სიხარული კი დაუნანებლად გავიზიაროთ.

ჰო, სერიალების ყურებას დრო მიაქვს, მაგრამ უკეთესს რას იზამდით ამ დროში?

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ 7 სერიალს, რომელთა შემქმნელებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი ნამუშევრებით უკეთეს ხასიათზე დაეყენებინეთ.

1. Friends

ფოტო: Warner Bros.

1994 წელს, როცა საქართველოში ნავთის ლამპის გარშემო ვისხედით, ამერიკაში მეგობრების პრემიერა შედგა. ამ სიტკომის პერსონაჟებს ისინიც კი იცნობენ, ვისაც ერთი სერიაც კი არ უნახავს (აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ სტატიის რედაქტორისთვის ეს ფაქტი სრულიად მიუღებელია).

სერიალი ექვსი მანჰეტენელი საუკეთესო მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საღამოობით ბარში იკრიბებიან და საკუთარ მიღწევებსა თუ მიღწევების ნაკლებობაზე თავისუფლად საუბრობენ.

სიტკომის პირველივე სერიაში გასაგები ხდება, რომ პერსონაჟების ცხოვრება სავსეა უცნაური, მხიარული, ზოგჯერ სევდიანი ამბებით, თუმცა რა სირთულესაც არ უნდა გადააწყდნენ გმირები (იქნება ეს ცოლთან გაშორება, შეუმდგარი კარიერა, რთული ურთიერთობა მშობლებთან თუ ბოროტი ტყუპისცალი და), ერთმანეთის იმედი სულ აქვთ. როგორც სიტკომის ინტროშია ნათქვამი, I'll be there for you. ეს სერიალი თავად გახდება თქვენი მეგობარი, რომელსაც ცუდ ხასიათზე ყოფნისას მოურიდებლად შეგიძლიათ ეწვიოთ.


ამავე თემაზე:


2. The Good Place

ფოტო: NBC

ყველა ჩვენგანს მინიმუმ ერთხელ მაინც უფიქრია, თუ რა ელის იმქვეყნად, რა დახვდება მეორე მხარეს ან საერთოდაც, დახვდება თუ არა რამე. Good Place-ის შემქმნელებმა ამ კითხვებზე ორიგინალური პასუხი შემოგვთავაზეს: გაიცანით სიუჟეტის მთავარი გმირი ელეონორი, რომელიც ეგოისტური და არც ისე კეთილშობილი ცხოვრების შემდეგ კარგ ადგილას "შეცდომით ხვდება". კარგი ადგილი იდეალურად დაგეგმარებული დასახლებაა, სადაც ყველა გმირს თავისი გემოვნებით შერჩეული სახლი აქვს და ყოველ კუთხეში გაყინული იოგურტი იყიდება. გარდა საგულდაგულოდ შერჩეული საცხოვრებლისა, გმირებს საშუალება აქვთ, მარადისობა მონათესავე სულთან ერთად გაატარონ, თუმცა ელეონორმა ზუსტად იცის, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებს. სერიალი ყველაზე სერიოზულ ფილოსოფიურ დილემებსა თუ ეთიკურ პრობლემებს ეხება და ამ ყველაფერს იმდენად სასაცილო ფორმით აღგვიწერს, რომ თავი სამოთხეში გეგონება (ჰეჰ).

3. Parks And Recreations

ეს უსასრულოდ კეთილი და მსუბუქი სერიალი გვიყვება ლესლის, ამერიკელი საჯარო მოხელის ამბავს, რომელიც ინდიანას შტატის გამოგონილ ქალაქში, ფაუნიში ცხოვრობს. მას ადგილობრივი მედდა, ენ პერკინსი მოთხოვნით მიმართავს, ამოივსოს მის სახლთან მდებარე ნაპრალი, რომლის გამოც მისმა შეყვარებულმა ორივე ფეხი მოიტეხა. ლესლი პირობას დებს, რომ ორმოს ნაცვლად პარკს გააშენებს, თუმცა ამ იდეას მოუქნელი ბიუროკრატიულიი სისტემისა და ლესლის უფროსის, რონ სვენსონის სახით უზარმაზარი წინააღმდეგობა ხვდება.

ყველაზე მეტად Parks and Recreations სერიალ Office-ს ჰგავს, რადგან ამ სერიალშიც ერთ სამსახურში მიმდინარე სახალისო ამბებს ვაკვირდებით. ყოველი პერსონაჟი უნიკალური, ექსცენტრული და თავისებურად საყვარელია, რის გამოც ამ სიტკომს თვალს ვერ მოაშორებთ.

4. Anne With An E

ფოტო: Netflix

სამი სეზონისგან შემდგარი ეს სერიალი ლუსი მოდ მონტგომერის რომანის ეკრანიზაციაა. Anne With An E ობოლი გოგონას, ენის ისტორიას გვიყვება, რომელიც ფერმერების ოჯახში იზრდება და სამყაროს თავისებურად, მხატვრულად უყურებს.

რთული და სევდიანი გარემოებების მიუხედავად, ენის ძალიან უყვარს სიცოცხლე და მზადაა, ყოველდღიურ სირთულეებს შესაშური სიმამაცით შეხვდეს.

სერიალი ნეტფლიქსმა 2020 წელს მესამე სეზონით დაასრულა.

5. The Office

ფოტო: NBC

"გამარჯობა, დანდერ მიფლინი გისმენთ" — 2005 წელს გამოსული ამერიკული სიტკომი ქაღალდის კომპანიის თანამშრომლებზე გვიყვება, რომლებიც ახირებული ბოსის დაუჯერებელ ხუშტურებს მოთმინებით ეკიდებიან.

აქ დღე არ გავა, რომ რაიმე არ მოხდეს: ხან ვიღაცას (კჰმ, დუაიტს) სტეპლერს ჟელეში უმალავენ, ხან — ოფისის მოუხერხებელ თანამშრომელს უზარმაზარი ქვაბი ჩილი ეღვრება იატაკზე, ხანაც კორპორატიული დაჯილდოების ცერემონიალი, The Dundies იმართება. ერთი სიტყვით, მხიარულება არასდროს სრულდება.

გადაღების უშუალო მანერა და მსახიობების მუდმივი კონტაქტი კამერასთან გვიტოვებს განცდას, რომ ერთი ოფისის რეალურ ცხოვრებას ვუყურებთ და ეს უნიკალური პერსონაჟებიც ნამდვილად არსებობენ.

ასე რომ, თუ დიდი ხანია, ოფისიდან არ გიმუშავიათ, შეგიძლიათ სიცარიელე The Office-ის ყურებით შეივსოთ.


ამავე თემაზე:


6. Sex Education

ფოტო: Netflix

2019 წლის დასაწყისში ნეტფლიქსზე ახალი ბრიტანული სერიალი გამოჩნდა – კომედია მაღალი კლასების მოსწავლეებისა და მათი სექსუალური / არასექსუალური პრობლემების შესახებ.

სიუჟეტის ცენტრში მორცხვი და ჭკვიანი მოზარდი, ოტისი და მისი კლასელები არიან. ისინი ერთდ ცდილობენ, გაუმკლავდნენ ყველა იმ სირთულეს, რომელსაც ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადაბიჯებისას ვეჩეხებით.

სიუჟეტი სავსეა მეგობრობის, მხარდაჭერის, საკუთარი იდეისთვის ბრძოლის ისტორიებით და საკუთარი თინეიჯერობის გადააზრებაშიც გვეხმარება.


ამავე თემაზე:


7. The Simpsons

ფოტო: Julius Preite

არ არსებობს ამერიკა სიმპსონების გარეშე და სიმპსონები ამერიკის გარეშე. ამ ლეგენდარულმა ოჯახმა ტელევიზიის ისტორიაში ნამდვილი ეპოქა შექმნა. სერიალის მთელი ხიბლი ისაა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი სეზონის ნებისმიერი სერია ჩართოთ და ერთნაირად კარგი სანახაობა დაგხვდებათ.

მოქმედება ამერიკის გამოგონილ ქალაქ, სპრინგფილდში ვითარდება. 20-წუთიან ეპიზოდებში საოცარი ოსტატობით არის გაშარჟებული თანამედროვე სამყაროს აქტუალური პრობლემები და ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

სერიალში გვხვდება დროის პარადოქსი – სიმპსონების პირველი სერია 1989 წელს გამოვიდა და ტრანსლაციის 32 წლის განმავლობაში პერსონაჟები მხოლოდ ოდნავ შეიცვალნენ. ბავშვები ისევ სკოლაში დადიან, თუმცა სერიალის დროის სვლა ყოველთვის ემთხვევა რეალურ ეპოქასა და მოვლენებს.

სიმპსონები იმითაცაა ცნობილი, რომ ხშირად წინასწარმეტყველებს, რა მოხდება მომავალში. ასე რომ, თუ დამატებითი მიზეზი გჭირდებათ საყურებლად, ესეც შეგიძლიათ მიათვალოთ.


ამავე თემაზე: