დღესასწაულების შემდეგ წონაში სწრაფი კლებისთვის განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მივმართავთ, რაც ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამ სტატიაში ჯანსაღი კვების შესახებ ათ რჩევას გაგიზიარებთ:

1. მითია, რომ ექვსი საათის შემდეგ ჭამა ასუქებს

გავრცელებულია მითი, რომ 18:00 საათის შემდგომ საკვების მიღება ასუქებს ადამიანს ან აფერხებს წონაში კლების პროცესს. სინამდვილეში საკვებში შემავალი კალორიები დღის ნებისმიერ შუალედში ერთნაირია. წონის მატება/კლების პროცესი კი დამოკიდებულია ჩვენ მიერ მიღებული და დახარჯული კალორიების თანაფარდობასთან.

რეკომენდებულია, ვახშამი იყოს მსუბუქი, ცილებით სავსე და მიირთვათ დაძინებამდე 3 საათით ადრე, ასე თავიდან აირიდებთ კუჭის მომატებულ მჟავიანობას, ორგანიზმისთვის სტრესულ შიმშილს და მომდევნო დილას გაძლიერებულ მადას, რომელიც ხშირად მაღალკალორიული საუზმით სრულდება.

2. პურის რაციონიდან სრულად ამოღება შეცდომაა

ფოტო: Jude Infantini / Unsplash

ხშირად დაშვებულ შეცდომებს მიეკუთვნება რაციონიდან პურის სრულად ამოღება, თუმცა არ არის სასურველი რბილი, ახლადგამომცვარი, ფუმფულა პურის ჭამა, რომელიც დაბალი ბიოლოგიური ღირებულებისაა. ჩაანაცვლეთ ის ქატოს, ცეცხვილი, სრულმარცვლოვანი ან სასარგებლო დანამატების მქონე პურის თუნდაც 1 ნაჭრით დღიურად. ასეთი პური ჯანსაღი, ყოველდღიური რაციონის აუცილებელი კომპონენტია. პური შეიცავს ისეთ აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი და რკინა, B ჯგუფის ვიტამინები. ლოგიკურია, რომ მისი მიღება ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას, სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის და დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე რიგ პროცესებზე.

3. შაქრის თაფლით ჩანაცვლება არაფერს ცვლის

მითი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, არც მეტი, არც ნაკლები, თაფლს შეეხება. შაქარსა და თაფლში დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის გლუკოზა და ფრუქტოზაა. 100 გრამ პროდუქტში მათ კალორიებიც მსგავსი აქვთ. ასე რომ, თუ წონაში დაკლება გსურთ, შაქრის თაფლით ჩანაცვლება არაფერს მოგცემთ. შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ მისი შემცვლელი გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში, კალორიებისა თუ ნახშირწყლების, ფაქტობრივად, თანაბარ რაოდენობას იღებთ.

4. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები სასარგებლოა

ფოტო: Jane D / Pexels

მიიღეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. უჯრედისის მთავარი წყარო მცენარეები, მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული და ხილია. ის ერთგვარი ბოჭკოა, რომელსაც გააჩნია წყლის შეწოვის უნარი, ამიტომ კუჭში მისი მოხვედრისას გაცილებით ნაკლები კალორიებით დიდი ხნის მანძილზე დანაყრებაა შესაძლებელი. ასევე ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში და ეხმარება მომნელებელ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში.

5. ხილი კალორიებს არ წვავს

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ესა თუ ის საკვები, მაგალითად ანანასი ან გრეიფრუტი კალორიებს წვავს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. წარმოიდგინეთ, მართლაც რომ არსებობდეს ერთი საოცარი ხილი ან ბოსტნეული, რომელიც წონაში კლების პროცესს თავის თავზე იღებს, ჭარბწონიანობა ასე გავრცელებული არ იქნებოდა. რეალურად, ანანასი დაბალკალორიული ტროპიკული ხილია, რომელიც მდიდარია მცენარეული ბოჭკოთი, თუმცა სასწაულის მოხდენა არც მას შეუძლია. უბრალოდ, იმ შემთხვევაში, თუ სასუსნავი მოგინდათ, დაბალკალორიული, თუმცა სასარგებლო ალტერნატივაა.

6. კალორიები სასმელშიც ითვლება

ფოტო: Markus Spiske / Pexels

თხევადი კალორიები ყველაზე "ფარული" და "მავნეა". გახსოვდეთ, რომ კალორიები ითვლება სასმელშიც. სწორად კვებისას ტკბილი, გაზიანი, დაპაკეტებული გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელი სრულად უნდა ამოიღოთ მოხმარებიდან.

7. მოძრაობისას კალორიები იწვება

იმოძრავეთ! კლების პროცესი მიმდინარეობს კალორიების დეფიციტისას. ეს ის პროცესია, როდესაც მიღებულზე მეტი კალორია იწვება. ამის საუკეთესო გზა კი არა შიმშილი, არამედ დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა.

8. ცხიმის ამოღება რაციონიდან საჭირო არაა

ფოტო: Sebastian Coman / Pexels

ნუ ამოიღებთ ცხიმს რაციონიდან. აუცილებელია ისწავლოთ სწორი არჩევნის გაკეთება. ტრანს-ცხიმები მავნეა და ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტებში გვხვდება, ხოლო ჯანსაღი ცხიმები (სხვადასხვა მცენარეული თუ ცხოველური) სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს და გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაა სასარგებლო. მაგალითად, ომეგა-3-ს ხშირად იღებენ დანამატის სახით, რადგან არა მხოლოდ გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, არამედ არტერიული წნევისთვის, მხედველობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. სანამ მსოფლიო მედიცინა დანამატების ავკარგიანობაზე მსჯელობს, ამ ცხიმოვანი მჟავის საკვებიდან მიღებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის საჭიროა რაციონში ჩავრთოთ თევზი, კვერცხი, ნიგოზი, ჩია.

9. დეტოქსი მითია

არსებულ რეალობაში არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლითაც ორგანიზმზე დეტოქსის დადებითი მოქმედება დასტურდება. ჩვენი ორგანიზმი მუშაობს ბუნებრივი ფილტრატებით: სისხლი მუდმივად იწმინდება, ტოქსინების გამოდევნისთვის არსებობს შარდი, ფეკალიები, ოფლი, ღვიძლი ტოქსიკურ ნივთიერებებს უსაფრთხოდ გარდაქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დეტოქს სასმელები და დიეტები, რომლებიც ორგანიზმის მავნე ტოქსინებისგან გათავისუფლებას გვპირდება, ზედმეტად გაბუქებულია. მისი ალტერნატივა განტვირთვის დღეებია, რომელიც, საჭიროებისამებრ, თვეში 1-2-ჯერ შეიძლება მოეწყოს. ამ დღეს მიიღეთ ერთი სახის ხილი, ბოსტნეული, იმ რაოდენობით, რაც შიმშილს გაგიქრობთ, აუცილებლად მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა. ეს მეთოდი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და ფორმაში ყოფნას უწყობს ხელს.

10. სწორი კვება ყველას სჭირდება

ფოტო: Ella Olsson / Pexels

გაითვალისწინეთ, სწორი კვება ნებისმიერი სხეულის მასის ინდექსის მქონე ადამიანს ესაჭიროება.

სამედიცინო ცენტრი ციტო გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ექიმ-გასტროენტეროლოგებთან კონსულტაციას და საჭმლის მომნელებელი სისტემის საფუძვლიან კვლევას.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!