კვირის 6 მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი მსოფლიოდან
წინა კვირა პოლიტიკური ამბებით დატვირთული იყო საქართველოსთვის — რამდენიმე პარტია 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პირველად მივიდა საკანონმდებლო ორგანოში. ასევე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ციხე დატოვა გიორგი რურუამ.
ამასთან, საკმაოდ ცხელი კვირა იყო საქართველოს საზღვრებს გარეთაც — თუ ეს ამბები გამოგრჩა, On.ge უკვე ტრადიციულად გთავაზობს მოკლე მიმოხილვას.
რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და კიდევ 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი, PACE-ში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის თანამომხსენებელი ჟაკ მერუ, ასევე, ბერლინის მთავარი პროკურორი იორგ რაუპახი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სანქციები საპასუხო ნაბიჯია ევროკავშირის ქმედებებზე, რომელმაც 2021 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა.
კრემლში ამბობენ, რომ პუტინი და ბაიდენი შესაძლოა ერთმანეთს ზაფხულში შეხვდნენ
უკვე დიდი ხანია, არსებობს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრის შესახებ. რამდენიმე დღის წინ კრემლში განაცხადეს, რომ ბაიდენი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ზაფხულში შეხვდნენ. ამის შესახებ პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა.
მანვე აღნიშნა, რომ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა საუბარი ზაფხულის თვეებზე მიდის. პესკოვის ინფორმაციით, ჯერ არ დაზუსტებულა ის ქვეყანაც, სადაც შეიძლება ეს შეხვედრა ჩატარდეს.
პუტინმა და ბაიდენმა ტელეფონით 13 აპრილს ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა იდეა გამოთქვა, რომ რუსეთ-ამერიკის სამიტი მესამე ქვეყანაში გაიმართოს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 5-6 მაისს უკრაინას ეწვევა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 5-6 მაისს უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბლინკენი მინისტრ დმიტრი კულებას მიწვევით ჩადის.
6 მაისს ბლინკენი და კულება მოლაპარაკებებს გამართავენ და აშშ-უკრაინის პარტნიორობის განვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კიევში მას შემდეგ ჩადის, რაც რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზება დაიწყო.
ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იყო. ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა სამხედრო ძალები გაზარდა. ადგილზე მინიმუმ 80 000 ჯარისკაცი, ათასობით ტანკი და საბრძოლო მანქანა განალაგეს. რუსეთმა უკვე დაიწყო ჯარისკაცების უკან გაყვანის პროცესი.
ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე შექმნილმა ხალხმრავლობამ 44 ადამიანი იმსხვერპლა
ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე შექმნილმა ხალხმრავლობამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ხალხის ნაწილი გაიგუდა, ნაწილი კი ჭყლეტაში მოყვა.
ექიმების ცნობით, შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ფესტივალი 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ წელს მდგომარეობა ისრაელში ვაქცინაციის სწრაფი ტემპის ფონზე შემსუბუქდა.
Apollo 11-ის "დავიწყებული ასტრონავტი" — მაიკლ კოლინსი ცოცხალი აღარაა
NASA-ს ლეგენდარული Apollo 11-ის მთვარის მისიის დავიწყებული ასტრონავტი, მაიკლ კოლინსი 90 წლის ასაკში გამოემშვიდობა სიცოცხლეს.
კოლინსი კოსმოსური ხომალდის — Columbia-ს პილოტი იყო, რომელიც მთვარის ორბიტაზე დარჩა მაშინ, როდესაც 1969 წელს მისი ეკიპაჟის წევრები — ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ და პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ფეხი სხვა სამყაროზე დადგეს. ამჟამად ოლდრინი Apollo 11-ის ეკიპაჟის ერთადერთ ცოცხალი წევრია.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სისხლიანი შეტაკებები იყო
ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მოსახლეობას შორის შეტაკებები გაიზარდა. საბოლოოდ, დაპირისპირებას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.
ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონის პოლიციამ ესკალაციაში ტაჯიკეთის მოქალაქეები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ სროლა სოფელ კოკ-ტაშში მდებარე სამხედრო ნაწილზე დაიწყეს.
ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურმა ყირგიზეთის ბრალდება უარყო და თქვა, რომ ყირგიზეთის სამხედრო მოსამსახურეებმა პირველებმა ისროლეს.
დაპირისპირების მიზეზად ტაჯიკი ჩინოვნიკების მიერ გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება სახელდება, რომელიც როგორც ყირგიზეთი ამბობს, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სუვერენიტეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მრავალი სასაზღვრო რეგიონი სადავო გახდა.
განსაკუთრებით რთულ ვითარებას ფერღანას სადავო ხეობა წარმოადგენს, სადაც ერთმანეთს ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვრები ხვდება.
კომენტარები