ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

23 Jul. 2025, 16:07

"უცებ იგრძენი, რომ სხეულის ყველა კუნთი ერთდროულად დაიჭიმა. იგრძენი სახის ყველა კუნთი. იგრძენი როგორ დაეჭირა კბილი კბილს და იფიქრე, რომ ჩატყდებოდა.

შემდეგ ყველაფერი მოდუნდა, მაგრამ მიხვდი, რომ სახეზე ალაგ-ალაგ დაჭიმული კუნთები გაიყინა და ასე დარჩა. მიხვდი, რომ სახე შეგეცვალა.

ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

სიცოცხლეში არის მომენტები, ბედნიერიც და ტრაგიკულიც, რომლებიც გინდა, რომ შენი ცხოვრების ნაწილი იყოს. ისე სიცოცხლე თითქოს სრული არ არის.

მშობლის სიცოცხლის ბოლო წუთებში იქ ყოფნა — ეგეთი მომენტია. რომ მერე საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგრჩეს საფიქრად — იქნებ მე მეძახდა ბოლო წამს, ჩაქრობამდე?
ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე.

გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან.

ძმა, რომელიც არასოდეს გინახავს ასეთ მდგომარეობაში და აქეთ გამშვიდებს, არაფერზე ინერვიულოო.

ცოლი, რომელიც ვერ იკავებს ქვითინს და რომელსაც აქამდე 13 წელია არ დაშორებიხარ 1 კვირაზე მეტი ხნით.

ბიძაშვილები, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და გაიარე მთელი ცხოვრება.
გამზრდელი ბიძა, რომელიც დარჩა მარტო.

და უცებ გლოვის გრძნობა ჩაანაცვლა მონატრებამ. მონატრებამ გაიმარჯვა ტკივილზე.
ისედაც, შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?

30 წუთი გამოსამშვიდობებლად.

გზაში ფიქრობდი გეყოფოდა თუ არა, მაგრამ პირველივე ჩახუტებაზე გრძნობ, რომ რაღაც ისე არაა.

სასახლესთან რამდენიმე წუთი ჯდომის მერე ხვდები, რომ ვერ გაჩერდები 30 წუთი. იმის გააზრება, რომ ამ ადამიანებს ცოტა ხანში ისევ მოწყდები და ვეღარ ნახავ რამდენიმე თვე, მინიმუმ იქ ყოფნას აუტანელს ხდის.

და გარბიხარ, რომ დაბრუნდე საკუთარ ვოლიერში, დაუბრუნდე შეგუებულ ერთფეროვნებას, დაცლილს ყველანაირი გრძნობებისგან.

ეზოში ხალხია. კორდონით ორად გაყოფილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდე სპეციალურ მინივენში.

მეგობრები, რომელთა მიმართაც მხოლოდ მადლიერების გრძნობა გაქვს. გინდა შეხედო და მადლობა უთხრა. მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს მათი მხრიდან რეაქცია. შემდეგ ჯერზე კი, ამის გამო, ვიღაცას შეიძლება უარი უთხრან ოჯახის წევრთან გამომშვიდობებაზე.

ამიტომ შენ ამ გზას სადარბაზოს კარიდან მინივენის ღია კარამდე გაივლი ისე, რომ არავის შეხედავ, არაფერს იტყვი, სახით, რომელიც შეგეცვალა და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

14 ივლისი, 2025"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
  3. ელისაშვილი: შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ?
  4. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მოქმედმა პოლიციელმა ბათუმში "სპარი" გაქურდა
  5. BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფინეთის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატში ჰენრი კუპრაშვილმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ოულუში ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ერთი…