მზის სისტემის უდიდესი პლანეტის გარშემო ორი ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს: S/2017 J 11 და S/2017 J 10. ამით იუპიტერის ორბიტაზე მათი საერთო რაოდენობა 97-ამდე გაიზარდა, თუმცა პირველობას მაინც სატურნი ინარჩუნებს, რომლის ირგვლივაც 274 ასეთი ობიექტია.

იუპიტერის გარშემო მოძრავი სხეულები პირველად გალილეო გალილეიმ 1610 წელს დააფიქსირა. ესენია ე.წ. გალილეისეული თანამგზავრები, რომელთა ზომაც შედარებით დიდია: იო, ევროპა, განიმედი და კალისტო. მას შემდეგ ასტრონომებს ახალი თანამგზავრები 1892 წლამდე არ აღმოუჩენიათ.

ტელესკოპების განვითარებამ და NASA-ს ვოიაჯერის მისიამ ამ უზარმაზარი პლანეტის მიმდებარედ სხვა ობიექტების მიკვლევა გახადა შესაძლებელი. თანამედროვე მსოფლიოში კი ასეთი აღმოჩენების რეკორდული რაოდენობით ამერიკელი ასტრონომი, სკოტ შეპარდი, გამოირჩევა. მან დღემდე იუპიტერის 60-ზე მეტი თანამგზავრი დააფიქსირა.

ფოტო: Roberto Molar Candanosa

ბოლო ორი სხეულიც სწორედ სკოტ შეპარდმა შენიშნა. ისინი ამერიკის ასტრონომიული გაერთიანების მცირე პლანეტათა ცენტრის ბაზაში უკვე შესულია. სახელებიდანაც ჩანს, რომ მეცნიერი მათ პირველად 2017 წელს დააკვირდა, თუმცა ავთენტურობის დასადასტურებლად დამატებითი მონაცემები იყო საჭირო.

ცნობილია, რომ ორივე მათგანი მცირე ზომისაა და იუპიტერის გარშემო რეტროგრადულ ორბიტაზე მოძრაობს, ანუ მისი ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება. S/2017 J 11 პლანეტის ირგვლივ შემოვლას 701 დღეს ანდომებს და მისგან 22 742 257 კილომეტრი აშორებს. S/2017 J 10 აირის გიგანტთან უფრო ახლოსაა — 1 523 393 კილომეტრ დისტანციაზე. მისი ორბიტული პერიოდი 646 დღეა.

მოსალოდნელია, რომ იუპიტერის ირგვლივ თანამგზავრები კიდევ აღმოაჩინონ, თუმცა ის სატურნს, დიდი ალბათობით, პირველობას ვეღარ წაართმევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტე ქნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.