გაიცანით აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამია — ამაზონის ჯუნგლების პატარა, მაგრამ სახიფათო მტაცებელი

ფოტო: Eduardo Santos via flickr (CC BY 2.0)
ველურ ბუნებაში ცხოვრება მტაცებელი ცხოველებისთვისაც კი საშიშია. ხშირად გადარჩენის შანსები არა ძალის, არამედ დამალვისა და გარემოსთან შერწყმის უნარების მიხედვით განისაზღვრება.
აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამია (Cyclopes didactylus) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელია. შედეგად იგი შესანიშნავად ახერხებს დამალვასა და ჯუნგლებში გადარჩენას. ამის მიუხედავად, ამ მცირე ზომის ცხოველს თავდაცვის სხვა საშუალებებიც აქვს.
ერთი შეხედვით, ეს დაუცველი და უსუსური არსება ბუნების მკაცრ პირობებს ნაკლებად შეეფერება, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში კლანჭების გამოყენება ეფექტიანად შეუძლია.
ამ ცხოველს პატარა ზომის გამო პიგმეის ჭიანჭველაჭამიადაც მოიხსენიებენ. იგი დღის უმეტეს ნაწილს მცენარეებს შორის წოლაში ატარებს და იმდენად მოუხელთებელი ცხოველია, რომ მეცნიერებს მისი შესწავლა უჭირთ. ამის მიუხედავად, ნელ-ნელა მაინც ვახერხებთ ამ არსების ცხოვრების წესსა და ჩვევებზე ინფორმაციის შეგროვებას.
აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამიას ძირითადი პოპულაცია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ტერიტორიაზე ბინადრობს. ამაზონის ჯუნგლების ზოგიერთ ტომში მას ოსიტო ოროს, ანუ "პატარა ოქროსფერ დათვს" ეძახიან.
ადრე აბრეშუმისებრ ჭიანჭველაჭამიებს ერთ საერთო სახეობას მიაკუთვნებდნენ და ყველა მათგანს Cyclopes didactylus-ის სახელით მოიხსენიებდნენ. მეცნიერებმა სხვადასხვა პოპულაციას შორის მალევე შენიშნეს განსხვავებები და ამ სახეობის დეტალური გამოკვლევა დაიწყეს.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში 33 აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამიას ნიმუში შეისწავლეს. მეცნიერთა დასკვნით, ამ პოპულაციებს შორის იმდენად დიდი განსხვავებები არსებობს, რომ შეიძლება ისინი შვიდ განსხვავებულ სახეობასაც მივაკუთვნოთ. ამ უნიკალური ჯგუფების იდენტიფიცირებამ ასევე ცხადყო, რომ ზოგიერთი მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა.
"Cyclopes გვარის წარმომადგენელთა გავრცელების არეალში გაუტყეურება მრავალ ადგილას მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ჭიანჭველაჭამიები ამაზონის ჯუნგლებში მაინც ფართოდ არიან გავრცელებული", — წერენ კვლევის ავტორები.
აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამია გარემოში ნავიგაციას ოსტატურად ახერხებს და დღეში საშუალოდ 5 ათასამდე ჭიანჭველათი იკვებება. მას მოქნილი კუდი აქვს, რომელიც სხეულზე გრძელია და ტოტებზე მოჭიდებაში ეხმარება. ეს უნარი განსაკუთრებით მტაცებლების მოახლოებისას არის გამოსადეგი.
აბრეშუმისებრ ჭიანჭველაჭამიას ძალიან უცნაური წინა კიდურები აქვს. ისინი თითების ნაცვლად ორ ბალიშს წააგავს, რომლებსაც თავზე უზარმაზარი ბრჭყალი ადევს. ცხოველი ამ ბრჭყალებს ჭიანჭველების, კრაზანების და ტერმიტების ბუდეების გასახსნელად იყენებს. გარდა ამისა, საფრთხის შემთხვევაში აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამიები უკანა ფეხებზე დგებიან, კუდს ეყრდნობიან და მოკრივის პოზაში ბრჭყალებს თავდაცვისთვის იყენებენ.
აბრეშუმისებრი ჭიანჭველაჭამიას სხეულის სიგრძე მხოლოდ 20 სანტიმეტრია. მისი კუდი საშუალოდ 20-25 სანტიმეტრამდე იზრდება. ამ ცხოველის წონა 155-იდან 275 გრამამდე მერყეობს, ამიტომ მტაცებელი ფრინველებისთვის იგი იდეალური ნადავლია. აბრეშუმის ჭიანჭველაჭამიას სწორედ ამ მიზეზის გამო უყვარს მაღალ მცენარეებს შორის დამალვა.
გამოდის, თუკი ასეთ პატარა, უმწეო არსებას ჯუნგლებში ცხოვრება შეუძლია, შეიძლება გადარჩენისთვის დიდი ზომა ან ძალა სულაც არ იყოს აუცილებელი. მთავარია გარემოსთან ადაპტაცია და მოქნილობა, რადგან "გადარჩება არა ის, ვინც ყველაზე ძლიერი ან ჭკვიანია, არამედ ის, ვინც უკეთ შეეგუება ცვლილებებს".
კომენტარები