სატურნის თანამგზავრ ტიტანის ტბებში პროტოუჯრედების წარმოქმნაა შესაძლებელი — კვლევა

ფოტო: Shutterstock
სატურნის თანამგზავრი ტიტანი ზოგიერთი მახასიათებლით დედამიწას მოგვაგონებს. მაგალითად, მის ზედაპირზე ტბები და ზღვებია, რომლებიც მეთანისა და ეთანისგან შედგება. ამ სითხის ციკლი იქაც ჩვენი პლანეტის მსგავსადაა — ორთქლდება, ღრუბლებს წარმოქმნის და წვიმის სახით ისევ ქვემოთ ხვდება.
ეს გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ტიტანზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები იყოს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ეს საკითხი გააანალიზეს. კერძოდ, მათ გამოიკვლიეს, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ამ ციური სხეულის ტბებში პროტოუჯრედული სტრუქტურები ჩამოყალიბდეს. საუბარია ვეზიკულებზე, რომლებიც ცხიმოვანი მოლეკულებია, შიგნით სითხითა და გარეთ მემბრანით, რითაც უჯრედს ჰგავს. სატურნის თანამგზავრზე მათი არსებობა იმაზე მიმანიშნებელი იქნება, რომ იქ სიცოცხლისთვის შესაბამისი გარემოა.
მკვლევრები დაეყრდნნენ თეორიებს, რომლებიც აღწერს, როგორ "გაცოცხლდა" დედამიწაზე არაორგანული მატერია შტორმებისა და ატმოსფერული ნალექის დახმარებით. ავტორები ვარაუდობენ, რომ ვეზიკულების ფორმირება იმ რთული პროცესების შედეგადაა შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ სითხის ციკლის მქონე ციურ სხეულებზეა.
ტიტანზე ეს მეთანის წვიმის სახით შეიძლება დაიწყოს, რომელიც ატმოსფეროდან ტბის ზედაპირამდე ამფიფილების სახელით ცნობილ მოლეკულებს ჩაიტანს. მათი ერთი პოლარული ბოლო სითხეს იზიდავს, მეორე არაპოლარული მხარე კი — ცხიმებს. Cassini-ს მისიამ იქ ორგანული ნიტრილების არსებობა გამოავლინა, ასეთი ნაერთები კი, ბაზისურად, ამფიფილურია და არაპოლარულ გარემოში თვითაგრეგაციის უნარი აქვს.
ამ მოლეკულების დაგროვებით, შესაძლოა, მივიღოთ შრე, რომელიც ტბის ზედაპირს დაფარავს. შემდეგ, როცა მას სითხის წვეთები დაეცემა, ისინი ერთმანეთს შეერევა, ატმოსფეროში ამ სახით დაბრუნდება და "დახურული" წვეთებისგან შედგენილ ნისლს წარმოქმნის. მომდევნო ეტაპზე ეს წვეთები ისევ ტბის ზედაპირზე მოხვდება და ზემოხსენებულ შრეს გააორმაგებს — ეს ვეზიკულების ფორმირებას შეუწყობს ხელს.
თითოეულ ეტაპს ქვედა ილუსტრაცია გვიჩვენებს:
მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე სტაბილური ვეზიკულები, საბოლოოდ, გავრცელდება და რთულ, ფუნქციურ ევოლუციურ პროცესს დაედება საფუძვლად. თუ ტიტანზე ასეთი რამ მართლაც ხდება, ეს არაცოცხალი მატერიიდან სიცოცხლის გაჩენის შესწავლის უნიკალურ შანსს მოგვცემს.
ამ ჰიპოთეზის მართებულობის შესამოწმებლად ტიტანის ატმოსფეროში სპეციალური სპექტროსკოპით ამფიფილებზე დაკვირვებაა საჭირო. ტიტანზე მისია Dragonfly-ის გაშვებაც იგეგმება, რომელიც იქამდე 2034 წელს მიაღწევს. აპარატი სატურნის თანამგზავრის ქიმიას გამოიკვლევს და რთული პროცესების გამოვლენას შეეცდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები