დანიაში გეგმურ აცრებთან დაკავშირებული 24-წლიანი კვლევა დასრულდა. მასში 1.2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. მკვლევრებმა ვერანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს იმისა, რომ ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცია აუტიზმს, ასთმას ან სხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

უფრო კონკრეტულად, მეცნიერებმა ალუმინის მარილების შემცველი ვაქცინები შეისწავლეს. აქამდე ამ კომპონენტის უსაფრთხოება არაერთხელ დადასტურდა, მაგრამ ვაქცინის სკეპტიკოსთა შორის იგი მაინც განხილვის საგნად რჩებოდა.

ალუმინის ზოგიერთი მარილი, მაგალითად ალუმინის ჰიდროქსიდი და ალუმინის ფოსფატი, ვაქცინის დამხმარე ნივთიერებებია. მათ 70 წელზე მეტია იყენებენ იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის. ალუმინის იონებს ეს მარილებიც შეიცავს, მაგრამ ქიმიური თვისებებით ისინი სუფთა ალუმინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

"მნიშვნელოვანია მშობლებმა გაიაზრონ, რომ ექიმებს ბავშვებში მეტალი არ შეჰყავთ. ჩვენი კვლევა ამ და სხვა მრავალ ეჭვს საფუძვლიანად აქარწყლებს და ვაქცინების უსაფრთხოებას კიდევ ერთხელ ადასტურებს", — აცხადებს ეპიდემიოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი ანდერს ჰვიიდი NBC News-სთან ინტერვიუში.

1997-იდან 2020 წლამდე პერიოდში ჰვიიდი და მისი კოლეგები 1.2 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემებს აკვირდებოდნენ, რომლებიც სამედიცინო რეესტრიდან მოიპოვეს. რეესტრი აცრებთან, დიაგნოზებსა და გართულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აერთიანებდა.

საბოლოოდ, 2 წლამდე ასაკში გაკეთებულ ვაქცინებსა და 50 ქრონიკულ მდგომარეობას შორის არანაირი კავშირი არ გამოიკვეთა. კვლევა ადასტურებს, რომ ალუმინის მარილების შემცველი ვაქცინების გამოყენება უსაფრთხოა.

"ეს არის ალუმინის ვაქცინების უსაფრთხოებაზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური და უტყუარი კვლევა. ამან საზოგადოებაში დარჩენილი ეჭვები საბოლოოდ უნდა გააქროს", — აღნიშნავს ედუარდ ბელონჯია, ვაქცინების უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი.

ალუმინის უსაფრთხოება აქამდე ეჭვქვეშ ცხოველებზე ჩატარებულმა ზოგიერთმა ექსპერიმენტმა დააყენა. მიუხედავად ამისა, ცდებში ძალიან დიდი დოზების ხანგრძლივ ზემოქმედება შეისწავლეს — მაშინ, როცა ჩვეულებრივი ვაქცინაციისას ძალიან მცირე დოზები გამოიყენება. ბავშვთა ვაქცინებში ალუმინის მარილების შემცველობა ძალიან დაბალია, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საინტერესოა, რომ ჩვენს ორგანიზმში ალუმინის იონები სხვა წყაროებიდან გაცილებით მეტად ხვდება. ალუმინი ჩვენი ყოველდღიური კვების ნაწილია. მისი კვალი მცენარეებში, ნიადაგში, წყალსა და ჰაერშიც კი გვხვდება. ზრდასრული ადამიანი სხვადასხვა ფორმით დღეში საშუალოდ 7-იდან 9 მილიგრამამდე ალუმინს იღებს.

ამასთან შედარებით, ვაქცინებიდან მიღებული ოდენობა მიზერულია. ზოგიერთი შეფასებით, თუ ჩვილი სიცოცხლის პირველ 6 თვეში ყველა რეკომენდებულ ვაქცინას გაიკეთებს, მის ორგანიზმში ჯამურად დაახლოებით 4.4 მილიგრამი ალუმინი მოხვდება. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ძუძუთი კვებისას ჩვილი დაახლოებით 7 მილიგრამს, ხოლო ხელოვნური საკვებით კი დაახლოებით 38 მილიგრამ ალუმინს იღებს.

ვაქცინებიდან ბავშვების მიერ მიღებული ალუმინის ჯამური რაოდენობა 1997–2020 წლებში; დანიის მონაცემები.

ფოტო: Andersson et al., Annals of Internal Medicine, 2025

ცნობისთვის, როდესაც ალუმინის შემცველი ვაქცინა სხეულში შეჰყავთ, ის პირდაპირ სისხლში გადადის, თირკმლის მიერ მუშავდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება.

ბოსტონში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ალუმინის კონცენტრაცია სისხლსა და თმაში არ იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციისას ალუმინი ორგანიზმში არ გროვდება. შესაბამისად, იგი ვერც ტოქსიკურ დონეს მიაღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინაციისას მიღებული ალუმინის დონე უსაფრთხოების ნორმებს მაშინაც კი არ ცდება, როცა ახალშობილი მცირეწონიანია.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ალუმინის შემცველი ვაქცინები ბავშვებისთვის უსაფრთხოა. ამ ვაქცინების წყალობით ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონ სიკვდილს ვირიდებთ თავიდან.

დანიაში ჩატარებული კვლევის მიგნებები ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.