საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრით, მედიას ეკლესიისადმი "მკვეთრად უარყოფითი" დამოკიდებულება აქვს. მეტიც, ილია მეორეს აზრით, მედია მათ მიმართ სიძულვილის ენასაც იყენებს.

"[...] ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი", — აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

აღსანიშნავია, რომ მედიის მიმართ სიძულვილის ენას, მუქარასა თუ შეურაცხყოფას თავად სასულიერო პირები მიმართავენ. ამასთან, 8 მარტს, როცა დაპირისპირების დროს აივნის მოაჯირის ჩავარდნის შემდეგ ჟურნალისტები დაშავდნენ, მეუფე სტეფანე ამ საკითხით არ დაინტერესებულა, მიუხედავად არაერთი კითხვისა. კრიტიკის შემდეგ, მან ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში მოინახულა.

ამავე თემაზე:

მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ ღამეს, სხვა რელიგიური კონფესიებისგან განსხვავებით, მთავრობამ მათ მორიგ ჯერზე მიანიჭა პრივილეგია და კომენდანტის საათი შეამსუბუქა. განსხვავებით გასული წლისგან, როცა პანდემია ახალი იყო, წელს ეკლესიებში უფრო მეტი ადამიანია მისული და სამების საკათედრო ტაძრის კადრებიდანაც ჩანს, რომ დისტანცია დაცული არ არის.