ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა კულტურაში აღნიშნავენ. შეიძლება აღნიშვნის თარიღი განსხვავდებოდეს, თუმცა, მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, მეტ-ნაკლებად ერთგვარია და უკავშირდება ახლის დასაწყისს, იმედს და ცოტა ჯადოსნურობასაც. ხოლო ის, თუ რამდენად მსგავსია არსობრივად შობა-ახალწლის რიტუალები, ყველაზე უკეთ ჩანს სანტა კლაუსის ფიგურაში; მნიშვნელობა არ აქვს, მას რა ჰქვია: სანტა, შობის მამა თუ თოვლის პაპა — მას ყველა ბავშვი გულისფანცქალით ელოდება...

თუმცა, ცხადია, ყველა კულტურაში არსებობს ორიგინალური, სხვებისგან განსხვავებული ტრადიციებიც, რომელთა მნიშვნელობა ზოგჯერ ადგილობრივებსაც კი დავიწყებული აქვთ. სწორედ ეს სახალისო და დაუჯერებელი ტრადიციებია, ახალ წელს რომ არნახულ ჯადოსნურობას სძენს.

1. იტალიაში ძველმანებს ძველ წელს აყოლებენ

ფოტო: Santa Maria

თუკი საქართველოში ახალ წელს ახალი ცოცხით უნდა დახვდე, იტალიელები ცდილობენ, ძველ წელთან დაკავშირებული სხვა ნივთებიც თავიდან მოიშორონ — ძველი ჭურჭელი, ტექნიკა, ტანსაცმელი და ავეჯიც კი. ამ ყველაფერს, განსაკუთრებით სამხრეთ იტალიაში, პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახებდნენ ხოლმე. ეს ტრადიცია თანდათანობით ქრება, თუმცა, მისი მნიშვნელობა ნამდვილად საინტერესოა: სიმბოლურად, ასე ტოვებ წარსულში ყველაფერს, რაც კი უსიამოვნოებასთან ასოცირდება და მომავალს გაშლილი ხელებით ეგებები.

2. ძველ ჭურჭელს საახალწლოდ არც დანიალები არ სწყალობენ

ფოტო: Getty Images

თუმცა, იტალიისგან განსხვავებით, აქ ჭურჭელს ფანჯრიდან არ ყრიან. დანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საახალწლო ჩვეულება მეზობლებისა და მეგობრების სახლებთან თეფშების დალეწვას მოიაზრებს. ძველ და გამოუყენებლ თეფშებს დანიელები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ, ხშირად მათ შესაგროვებლად ძველმანების მაღაზიებსაც კი სტუმრობენ, მერე კი, ხანდახან საგანგებოდ აფორმებენ და ახლობლების სახლების კარებთან ამსხვრევენ. აქაც მიიჩნევა, რომ ეს ერთგვარად ძველთან გამოთხოვების სიმბოლოა, მაგრამ თეფშის გატეხვას სხვა, ჩვენთვის ნაცნობი დატვირთვაც აქვს — დანიაში ასე უსურვებენ ერთმანეთს ბედ-იღბალს.

3. ბედ-იღბლისთვის ესპანეთში ყურძნის 12 მარცვალიც უნდა შეჭამო

ფოტო: Medium

რადგან ნაცნობ ჩვეულებებზე ჩამოვარდა სიტყვა, ალბათ ეს ტრადიციაც არ იქნება საქართველოში ბევრისთვის უცხო: ქართულ ტიკტოკზეც ყოველ ახალ წელს პოპულარული ხდება მაგიდის ქვეშ ყურძნის 12 მარცვლის შეჭმა. აი, ესპანეთში კი, საიდანაც ეს ტრადიცია იღებს სათავეს, ახალი წლის ღამეს ყურძენს იღბლის და ბარაქის მოსაზიდად მიირთმევენ. წესის მიხედვით, ზუსტად შუაღამეს, საათის ყოველ ჩამოკვრაზე თითო მარცვალი უნდა შეჭამო, რათა მომდევნო წელს წარმატება გეწვიოს. ტრადიცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული 1900-იანებში გახდა, როცა ალიკანტელმა ფერმერებმა ყურძნის დიდი მოსავალი აიღეს და პროდუქციის გაყიდვების გასაზრდელად ახალი გზის მოძებნა დასჭირდათ...

4. ბერძნები ახალ წელს კარზე ჩამოკიდებული ხახვებით ეგებებიან

ფოტო: apolloniagreek / Instagram

ანტიკურ საბერძნეთში ხახვი ზრდის, ნაყოფიერებისა და ახლის დაბადების სიმბოლო იყო. მიზეზი ამ ბოსტნეულის თვისებაა: დიდხანს ხელუხლებლად დატოვებული ხახვი ღვივდება და ხელახლა ზრდას იწყებს. ეს რწმენა ბერძნებში დღესაც ცოცხლობს და სწორედ ამიტომ, ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაში ახალ წელს ხშირად შეხვდებით კარებზე ჩამოკიდებულ ხახვებს ნაყოფიერებისა და ზრდის მოსაზიდად. მნიშვნელობა ენიჭება ხახვის ჯიშსაც და ხშირად ირჩევა ის კონკრეტული მცენარე, რომელიც ველურად ჰყვავის კრეტის კუნძულზე.

5. ხახვის კალენდრით ხვდებიან ახალ წელს რუმინეთშიც

ფოტო: Sabrina Hornung

საბერძნეთის მსგავსად, ამ ბალკანურ ქვეყანაშიც განსაკუთრებულად ფასობს ხახვი ახალ წელს. ტრადიცია ტრანსილვანიის ქალაქ ჰუნედოარას უკავშირდება: ამ ჩვეულებით, რუმინელები "წინასწარმეტყველებენ", წლის რომელი თვე იქნება წვიმიანი. ახალი წლის წინა დღეს, ხახვს 12 ფურცელს აცლიან, თვეების მიხედვით ანაწილებენ და თითოეულ მათგანში ერთ კოვზ მარილს ყრიან. დამარილებულ ფურცლებს მომდევნო დილამდე ტოვებენ: თუკი რომელიმე მათგანში მარილი გადნა, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი თვე წვიმიანი იქნება.

6. მარილი თურქეთშიც საახალწლო ტრადიციის ნაწილია

ფოტო: Shutterstock

ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ზუსტად ახალი წლის ღამეს კარს აღებენ და ზღურბლზე მარილს ყრიან. მიიჩნევა, რომ ეს ჩვეულება ოჯახს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას მოუტანს. სხვათა შორის, თურქეთში გავრცელებული საახალწლო ტრადიციაა ასევე წითელი საცვლის შეძენა (წითელი ბევრ კულტურაში ითვლება ბედ-იღბლის მომტან ფერად). მსგავსად იქცევიან სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაშიც, მათ შორის, ბრაზილიაში, ვენესუელასა და ბოლივიაში.

7. ირლანდიაში ახალი წლის ღამეს კარს ღიას ტოვებენ

ფოტო: The Irish Post

სახალისო არა, მაგრამ ნამდვილად ორიგინალური და გულისამაჩუყებელი ჩვეულება აქვთ ირლანდიელებს: ოჯახის გარდაცვლილი წევრებისა და წინაპრების " სულების შემოსაპატიჟებლად", ისინი სახლის კარს ღიას ტოვებენ და სადღესასწაულო სუფრაზე ადგილს ათავისუფლებენ. ირლანდიაში მიიჩნევა, რომ ამ ტრადიციით პატივს მიაგებენ თავიანთ წარსულს, რათა მომავალს გააზრებული ისტორიით შეხვდნენ.

8. სვანეთში საახალწლოდ თოვლის კოშკს აგებდნენ

ფოტო: Georgian Travel Guide

გავრცელებულ ქართულ სადღესასწაულო რიტუალებზე ალბათ ისედაც ბევრი რამ იცი, მათ შორის, ისეთ ცნობილ ჩვეულებაზე, როგორიც გურულ-მეგრული საკალანდო ღვეზელია. თუმცა, იცოდი, რომ, მაგალითად, სვანეთში ახალ წელს სულ სხვანაირად ხვდებოდნენ? აქ ამ დღესასწაულს ზუმხას უწოდებენ და მას მკაცრად განსაზღვრული წესით ზეიმობენ. მეკვლეებად მოვლენილი ოჯახის უფროსი ქალი და კაცი დილაადრიან გაეშურებოდნენ კალოზე: ქალს სპეციალური ჭურჭელი, ლალააში, ჰქონდა თან, კაცი კი მეკვლე ხარს გაიმძღვარებდა წინ. შემდეგ ორივე მათგანი თოვლის კოშკს აგებდა, რომლის სიმაღლეც დამდეგი წლის მოსავლიანობას განაპირობებდა. კოშკთან წარმოითქმებოდა სარიტუალო ლოცვაც.

ბონუსი: კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი შედარებით ახალი ტრადიციაა, თუმცა, მას მხოლოდ ერთ ქვეყანაში როდი შეხვდები. ყველაფერი 30 წელის წინ, 1995 წელს დაიწყო, როცა კოკა-კოლამ ამერიკულ სარეკლამო სააგენტოსთან ერთად გადაიღო საახალწლო რეკლამა ათიათასობით ნათურით მორთული სატვირთო მანქანების მონაწილეობით. რეკლამას უსაზღვრო პოპულარობა ხვდა წილად, საახალწლო ქარავანმა კი მალევე გადმოინაცვლა ვიდეორგოლიდან ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

კოკა-კოლას ქარავანი თბილისში პირველად 1997 წელს გამოჩნდა და მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, დედაქალაქელებს იმედი და სადღესასწაულო განწყობა დაუბრუნა. მას შემდეგ ამ მანათობელმა ტრადიციამ მთელი საქართველო მოიცვა. ასე რომ, თუკი შენი ფანჯრიდან უჩვეულო ციალი შემოიჭრა და თან ასე საყვარელი ფრაზა შემოჰყვა: "ახალი წელია, ახალი წელია...", დარწმუნებული იყავი, რომ ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული ახლოვდება.